ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში წარსულში ცნობილი ტელეჟურნალისტი მენა მანგალი (Mena Mangal) მოკლეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მკვლელობა 11 მაისს, დილით მოხდა, ბაზრის მახლობლად. მოვლენას სავაჭრო დაწესებულებების მფლობელები შეესწრნენ. მოტოციკლიანმა ორმა კაცმა მანგალს ქუჩაში ჩაუარა. ყოფილი ჟურნალისტი ამ დროს მანქანას ელოდებოდა. მკვლელმა დამსწრეთა დასაფრთხობად ოთხი ტყვია ჰაერში ისროლა, ორი კი მანგალს მკერდში დაახალა. როგორც გაირკვა, მანგალი მანქანით ამჟამინდელ სამსახურში მისულიყო. იგი ავღანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში კულტურის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.
მანგალი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტელეწამყვანი იყო სხვადასხვა კერძო არხზე – Ariana TV-ზე, Lamar-ზე და Shamshad TV-ზე. აგრეთვე, იგი მართავდა პოპულარულ გვერდებს სოციალურ ქსელებში, სადაც ავღანეთში ქალთა შრომით უფლებებზე, გოგონათათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე საუბრობდა.
ასევე, ყოფილი ჟურნალისტი ბევრს წერდა იმის შესახებ, რომ 2017 წელს იძულებით დააქორწინეს და გაყრისთვის იბრძოდა, რომელსაც მაისის დასაწყისში ეღირსა. მენა აღნიშნავდა, რომ სოციალურ ქსელებში უცხო ადამიანებისგან მკვლელობის მუქარებს იღებდა.
თავდამსხმელები დაკავებულნი არ არიან.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებზე თალიბანის ლიდერებმა ქალთა შრომით და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია რამდენადმე შეარბილეს, მაგრამ ავღანელი უფლებადამცველები შიშობდნენ, რომ მშვიდობის დამყარების ეს მანევრი უქმად არ ჩაივლიდა და თალიბები ქვეყანაში რეპრესიებს გააძლიერებდნენ.
წყარო: rferl.org