დღეს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას დაუჭირა მხარი. სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს უკვე მხოლოდ არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ ზოგადად, ქალის მიმართ ძალადობას, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში. ასევე, კანონში მოცემული ცნება „ქალი“ გულისხმობს მდედრობითი სქესის იმ არასრულწლოვანსაც, რომელსაც ჯერ 18 წელი არ შესრულებია.
კანონპროექტის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ; პირთა ჯგუფის მიერ; არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი ტერმინი – ადევნება, რაც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერ თვალთვალს, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას გულისხმობს სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას, – ჯარიმით ან ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ვადით საზოგადოებისათვის სასარგელო შრომით, ანდა ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ძალადობის გარეშე სრულწლოვანთან გარყვნილი ანდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, წინასწარი შეცნობა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ასევე, ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის პროცედურაც: სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.
ცვლილებები განიცადა სექსუალური ძალადობის შესახებ მუხლმაც. მისი ახალი ვერსიის თანახმად, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელგამტეხი ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან სხვა ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სისხლის სამართლის სასჯელი ელის გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებასც. რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან ამგვარის გარეშე, ქალის გენიტალიების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვა სახის დასახიჩრება, ან ქალის იძულება, დარწმუნება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ქალის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ცვლილებებში საუბარია იძულებით სტერილიზაციაზეც. წინასწარი თანხმობის გარეშე პირისათვის ისეთი ოპერციის ჩატარება, რომლის მიზანი ან შედეგია პირის რეპროდუქციის უნარის შეწყვეტა ან/და მისი სრული მოშლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) 2011 წლის 7 მაისს სტამბოლში მიიღეს. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა, იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის, კონვენცია ევროპის საბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროსაბჭოს კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა, მისი რატიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება კი დღეს განხორციელდა.