თანასწორობის პოლიტიკა

ქალთა საბჭო – ქალების გარეშე

ალ-ყასიმის პროვინციის (საუდის არაბეთი) გუბერნატორმა ქალთა საბჭოს შექმნის ინიციატივა გააჟღერა. ქვეყანაში ამგვარი რამ პირველად ხდება, – ქალებს მეტ შესაძლებლობებს სთავაზობენ. ეს საკმაოდ დამაიმედებელი სიგნალია, რადგან საუდის არაბეთში ქალთა უფლებების მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.

მაგრამ, ქალთა საბჭოს მუშაობაში თავი სერიოზულმა პრობლემამ იჩინა: გასულ უქმეებზე, ალ-ყასიმელი ქალების საბჭოს პირველმა შეკრებამ… ქალების გარეშე ჩაიარა, – 13 კაცის მონაწილეობით. „ალ-ყასიმის რეგიონში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალები კაცების დები არიან. კაცების ვალია მათთვის სულ ახალი და ახალი სამუშაო პირობების შეთავაზება“, – განაცხადა ალ-ყასიმის პროვინციის გუბერნატორმა, პრინცმა ფაიზალ ბინ მიშაალ ბინ საუდმა (Faisal bin Mishaal bin Saud). საბჭოს თავმჯდომარე მისი ცოლი, აბირ ბინტ სალმანია (Abir bint Salman). საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, ქალები მეზობელ შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც სხდომის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია იყო ჩართული.

საუდის არაბეთში შრომის ბაზარზე ქალთა რიცხვის გაზრდის ხელშემწყობი პროგრამა მოქმედებს. ამჟამად, ქვეყანაში ქალების მხოლოდ 22% მუშაობს, მაშინ, როდესაც 2030 წლისთვის ქვეყნის ქალების ერთი მესამედის დასაქმება იგეგმება.

გასულ თვეში, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის დირექტორად ქალი დაინიშნა. რამდენიმე წლის წინ, ქალი ქვეყნის საფონდო ბირჟის  თავმჯდომარედაც დანიშნეს.

მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ალ-ყასიმის ქალთა საბჭოს მაგალითი გვიჩვენებს, საუდის არაბეთი კაცების მიერ კონტროლირებადი სამეფოა.

ბოლო პერიოდში, გააქტიურდა ე.წ. მეურვეობის ინსტიტუტის წინააღმდეგ პროტესტი, რომელიც ქალებს მეურვის გარეშე მუშაობას ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას კაცი ნათესავის თანხლების გარეშე უკრძალავს.

ამჟამინდელი ეკონომიკური ბრძოლა საუდის არაბეთში შესაძლოა ქალის თავისუფლებას უწყობდეს ხელს. ნავთობზე ფასების ზრდამ და საუდის არაბეთის მიერ მეზობელ იემენში წარმოებულმა სამხედრო მოქმედებებმა დიდი ფინანსური რეფორმებისა და ადგილობრივი ქალებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების აუცილებლობა წარმოშვა.

შარშან, ცნობილმა ადგილობრივმა ინვესტორმა, სამეფო ოჯახის წევრმა ალვალიდ ბენ თალალ ბინ აბდულ აზიზ ალ-საუდმა (Alwaleed bin Talal bin Abdul Aziz al-Saud) განაცხადა, რომ ქალებისთვის მანქანის ტარების აკრძალვა ქვეყნის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას მილიარდობით დოლარს ართმევს.

საუდის არაბეთში საზოგადოებრივი შენობების უმრავლესობას, ბანკების, ოფისების, უნივერსიტეტების ჩათვლით, კაცებისთვის და ქალებისთვის ცალ-ცალკე შესასვლელები აქვს. ქვეყნის რეგიონების უმეტესობაში, პარკები, პლაჟები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასევე განცალკევებულია. ერთმანეთთან კავშირში არ მყოფი ქალები ან კაცები არ უნდა „აირიონ“, რადგან ამას შესაძლოა ორივე მხრისთვის სისხლის სამართლის სასჯელი მოჰყვეს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ქალებს ამ შემთხვევაში კაცებთან შედარებით გაცილებით მძიმე სასჯელი ელით.