საქართველოში 71 საკრებულოა და აქედან მხოლოდ ორის თავმჯდომარეა ქალი. მათ შორის ერთ-ერთს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ინგა მაღრაძე ხელმძღვანელობს. 2016 წლის 1 აგვისტოს ფრაქციამ „ქართულმა ოცნება“, ინგა მაღრაძის იმპიჩმენტი სცადა. ქალთა პოლიტიკური გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრები ხარაგაულში ჩავიდნენ და აღნიშნულ სხდომას დაესწრნენ. “საფართან” ინტერვიუში ინგა მაღრაძე იმპიჩმენტის პოლიტიკურ მიზეზებთან ერთად გენდერული მოტივებზეც საუბრობს.
– რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკაში დღესდღეობით გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით?
– ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ბევრი პრობლემაა გადასალახი. როგორც წესი, აქაც უამრავი სტერეოტიპი არსებობს: ქალი სუსტია და რთულ პრობლემებს ვერ დაძლევს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე გენდერულ საკითხებს პოლიტიკაში მეტი ყურადღება ეთმობა, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა გაწეული, მაინც მგონია, რომ რეალური შედეგები ნაკლებად ჩანს. დღეის მონაცემებით, მაგალითად, თვითმმართველობებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ სამი ქალი გვყავს. უკეთესი მდგომარეობა არც მომავალი კანდიდატების მხრივაა მოსალოდნელი: ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები ბევრგან დაასახელა, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ არის ქალი.
ქალების კვოტირების საკითხი საკანონმდებლო დონეზე ვერ დარეგულირდა, მაგრამ ფორმალურად ამ საკითხზე ბევრი პარტია ამახვილებს ყურადღებას, სიაში რამდენიმე ქალის შეყვანით. ზოგადად ისეთი ტენდენცია იკვეთება, რომ ამით რაღაც ფორმალობას უხდიან ხარკს. ამ პარტიებს სხვაგვარი მიდგომა რომ გააჩნდეთ, ალბათ მაჟორიტარულ სიებშიც ვიხილავდით ქალებს. მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევისას, პარტიებმა აქცენტი გააკეთეს გავლენებისა და სიმდიდრის მქონე კაც კანდიდატებზე, ეს მაშინ, როდესაც კონკრეტულ რაიონებში ჭკვიანი და პერსპექტიული ქალები დააიგნორეს. რეალურად, არავინ იფიქრა იმაზე, თუ რა შედეგი ექნება ასეთი მაჟორიტარების მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში. როდესაც ამ სიტუაციას ვხედავ, მექმნება განწყობა, რომ გენდერული კვოტირებისთვის მცირეოდენი ანგარიშგაწევაც კი არარეალური და მოჩვენებითია – ეს არ ჩანს მათ გადაწყვეტილებებში.
– თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, თქვენ მიმართ სექსისტურ დამოკიდებულებებთან თუ გქონიათ შეხება?
– კი, როგორ არა, ისეთი კოლეგები მყავს (იცინის, შ.გ.). რომ არა ჩემი სქესი, ალბათ სხვანაირადაც გამირჩევდნენ საქმეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემს თანაპარტიელ კაცებს არ ეხება (ამ მხრივ უდავოდ გამიმართლა), აქ საუბარია სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე. მათ სხვა მსოფლმხედველობა აქვთ. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ გენდერული კუთხით ვინმეს ჩემი დაჩაგვრა გამოსვლია.
როდესაც რომელიმე საკითხის გადაჭრაში წარუმატებლობა განმიცდია, ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის უთქვამთ, ქალია და საქმეს თავს მაგიტომ ვერ ართმევს, სხვაზე იფიქრეთ, ეს სუსტი იქნება და გაუჭირდებაო. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ვიღაცას დიდი გავლენების მოპოვების ამბიცია აქვს და ამაში შენ, ქალი, უშლი ხელს.
ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც კრიტიკული ტექსტით გამოვედი, ოპონენტმა მიპასუხა, ნეტავ რას მემუქრები, რისი ძალა გაქვსო? – და დამემუქრა, სეირს გაჩვენებო. მუქარა იმით აასრულა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩემი გადაყენების საკითხის პროცედურა დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი თავის სასარგებლოდ ვერ გაიტანეს, რადგან გონიერებითა და კვალიფიციურობით ვაჯობეთ.
– ანუ რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ თქვენი თანამდებობიდან გადაყენების მცდელობას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, აქ გენდერული მოტივებიც იკვეთება?
– რასაკვირველია. გენდერული ნიშნით ჩემ მიმართ გაჟღერებულ მუქარას მხოლოდ ის ვუპასუხე, რომ საქმით დავუმტკიცებდი ჩემ სიმართლეს.
– იმპიჩმენტის დროს, თქვენ მხარდასაჭერად ქალთა პოლიტიკური გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრი სხვადასხვა ორგანიზაციების (საია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, გენდერული თანასწორობის ქსელი)წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ან მორალურად, ან კენჭისყრის შედეგების სახით, თუ დაგეხმარათ ეს მხარდაჭერა?
– თითოეული ამ ორგანიზაციის მხარდაჭერა არათუ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, არამედ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ორგანიზაციების მონაწილეობამ მოვლენათა იმდღევანდელი განვითარების ბედიც კი გადაწყვიტა. მართალი გითხრათ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ასეთ აქტიურ მხარდაჭერას ვერც წარმოვიდგენდი. მათი იქ ჩამოსვლა და მონაწილეობა ძალზე პროდუქტიული აღმოჩნდა; ეს ამბავი როგორც არ უნდა დამთავრებულიყო, მე ამ პროცესში მაინც გამარჯვებული გამოვედი. ეს განცდა სწორედ ამ მხარდაჭერამ გამიჩინა.
ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი მაია კუპრავას, რომელიც არაჩვეულებრივი სიტყვით გამოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კენჭისყრის პროცესებს დააკვირდნენ, რითიც იგი ყოველგვარი გადაცდომისგან დაიცვეს. ამ მოვლენამ აჩვენა, რომ როდესაც საზოგადოება სოლიდარულია, ძალზე ძნელია მისი რეტროგრადული დაძლევა.
– სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელმა ქალებმა თუ გამოხატეს თქვენ მიმართ მხარდაჭერა?
– სამწუხაროდ არა. საკრებულოს წევრებს შორის მხოლოდ 7 ქალი ვართ, ერთად ვმუშაობთ, სხვადასხვა პროექტებში ერთად ვართ ჩართულნი. ჩემი იმპიჩმენტის მცდელობის ფაქტმა გამოაჩინა, რომ ქალებს პოლიტიკაში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არ აქვთ. მგონია, რომ ამ საკითხზე მუშაობაა საჭირო. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი უფლებების დაცულობა გვსურს, ერთმანეთთან სოლიდარობაც უნდა შეგვეძლოს.
ესაუბრა შორენა გაბუნია