სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

ქალის გაუპატიურებამ და მკვლელობამ მთელი ინდოეთი შეძრა

New Delhi: Members of Indian Youth Congress during a candle light march in solidarity with P Priyanka Reddy, who was working as an assistant veterinarian at a state-run hospital and whose charred remains was found under a culvert in Hyderabad , at Jantar Mantar in New Delhi, Saturday, Nov 30,2019. (PTI Photo/Kamal Singh)(PTI11_30_2019_000215B)

ამ უქმეებზე, ინდოეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ადამიანები იმ ოთხი კაცის სამართლიან დასჯას მოითხოვენ, რომლებიც 27 წლის ქალის ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც პოლიცია ვარაუდობს, მათ მოკლულ ქალზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს – ეს გასულ ოთხშაბათს მოხდა. სავარაუდოდ, კაცებმა მსხვერპლის სკუტერს საბურავები დაუშვეს, რათა შემდეგ მისთვის დახმარება შეეთავაზებინათ. მოგვიანებით, მათ ქალი მიტოვებულ ადგილას შეათრიეს, სადაც იგი გააუპატიურეს და გაგუდეს, მოგვიანებით კი მისი გვამი დაწვეს.

ამჟამად, ეჭვმიტანილები მოჰამედ არიფი, ჯოლუ შივა, ჯოლუ ნავინი და ჩინტაკუნტა ჩენაკეშავულუ თოთხმეტდღიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათი ასაკი 20-26 წელია. თანამდებობიდანაა ჩამოცილებული ის სამი პოლიციელი, რომლებმაც ქალის ახლობლების განცხადებაზე მის დაკარგვასთან დაკავშირებით, რეაგირება დააგვიანეს. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ქალის მოძებნა „მათ იურისდიქციას სცდებოდა“, ხოლო დაკარგული ქალი, მათი ვარაუდით, პარტნიორთან უნდა ყოფილიყო, რაც შფოთვის მიზეზს არ იძლეოდა. ამის გამო, ისინი მოკლულის ძიებას ახლობლების განცხადებიდან ექვსი საათის დაგვიანებით შეუდგნენ. ეს ყველაფერი იმ ვითარებაში მოხდა, როდესაც მსხვერპლმა შინ დარეკა და განაცხადა, რომ სახლში ვერ ბრუნდებოდა და საშინლად შეშინებული იყო.

გუშინ, პარლამენტის დეპუტატმა და მსახიობმა ჯაია ბჰადურიმ ქვეყნის მთავრობას მოსთხოვა, მიიღოს უსაფრთხოების ზომები და ქალები თავდასხმებისგან დაიცვას. ამ შემთხვევამ ბევრს 2012 წელს მომხდარი თავდასხმა გაახსენა: მაშინ, ექვსმა ადამიანმა ავტობუსში სტუდენტი გოგონა გააუპატიურა, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, იგი გარდაიცვალა. მაშინ, ხელისუფლებამ გაუპატიურებაში ბრალდებაზე სასჯელი 20 წლამდე გაზარდა, მსხვერპლის თვალთვალსა (ვუაიარიზმი) და ადევნებაზე (სტალკინგი) კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააწესა.

ფონდ Thomson Reuters-ის 2018 წლის კვლევაზე დაყრდნობით, The Guardian იუწყება, რომ სექსუალური თავდასხმების ალბათობის თვალსაზრისით, ინდოეთი ქალებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ ქვეყნადაა მიჩნეული. მთავრობის მონაცემებით, 2017 წელს აქ გაუპატიურების 32 000-ზე მეტი შემთხვევა მოხდა, თუმცა, სავარაუდოდ, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

წყარო: theguardian.com