თანასწორობის პოლიტიკა / სტატიები

ქალი, რომელმაც საუდის არაბეთის კანონებს ომი გამოუცხადა

6 წლის წინ, კომპიუტერული სისტემების ინჟინერმა, ორი შვილის დედამ, 38 წლის მანალ ალ შარიფმა (Manal al-Sharif) ცხრა დღე საუდის არაბეთის ციხეში გაატარა, „ქალის მიერ ავტომობილის მართვის“ გამო. ეს ამბავი ერთ საღამოს მოხდა, როდესაც იგი უშედეგოდ ცდილობდა ტაქსის გაჩერებას, რათა შინ დაბრუნებულიყო. ამასობაში, ქუჩაში კაცები აეტორღიალნენ. მანალს შიში გაუჩნდა, რომ მოიტაცებდნენ. იგი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა, თავად მიჯდომოდა საჭეს და ეს ვიდეო YouTube-ზე გამოექვეყნებინა.

სულ რაღაც ერთ დღეში, ვიდეო 700 000-მა ადამიანმა ნახა. ასე წამოიწყო მანალმა საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლებისთვის ბრძოლა.

ადგილობრივ ქალებს საჭესთან ჯდომას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ ქვეყნის ისლამური ხელისუფლება ამ შეზღუდვას დეფაქტო უჭერს მხარს, აქ გავრცელებული მეურვეობის ინსტიტუტის გამო: ქალებს მეურვე კაცის გარეშე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. შესაბამისად, საუდის არაბეთის ქალებს მართვის მოწმობის აღების უფლება არ აქვთ.

13 ივნისს მანალ ალ შარიფის წიგნი, სახელწოდებით To Drive: The Young Saudi Woman Who Stood Up To A Kingdom Of Men (ტარების გაბედვა: ახალგაზრდა საუდელი ქალი, რომელმაც კაცების სამეფო გამოწვევის წინაშე დააყენა).

„ჩვენ ფეისბუქ გვერდი შევქმენით, სადაც 2011 წლის 17 ივნისს ქალებს საჭესთან დასხდომისკენ მოვუწოდეთ. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ არ არსებობს ქალის საჭესთან ჯდომის ამკრძალავი კანონი. ამიტომ, თუ მათ აქვთ მართვის მოწმობა (რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში აღებული), 17 ივნისს უნდა დამსხდარიყვნენ საჭესთან, გადაეღოთ ვიდეო და გამოექვეყნებინათ YouTube-ზე. ქალების წასახალისებლად, ქუჩაში მეგობართან ერთად გავედი. მან გადაიღო, როგორ ვიჯექი საჭესთან, და ვიდეო იუთუბზე ავტვირთეთ“, – განაცხადა მანალმა.

2011 წელს, იუთუბზე იმ ვიდეოს გამოქვეყნების გამო, იგი მალევე დააპატიმრეს. შემდეგ, თავდებით გამოუშვეს. მისთვის ეს პატარა გამარჯვება იყო. ვიდრე იგი ციხეში იჯდა, კამპანიაში მონაწილე სხვა ქალები ვირუსულად იღებდნენ ვიდეოებს საჭესთან და ავრცელებდნენ ინტერნეტით. ეს აქტი მანალმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობად შეაფასა.

„მე მეურვე მყავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაბადებიდან სიკვდილამდე არასრულწლოვანი ვიქნები. მე საკუთრება ვარ, რომელიც მამიდან ქმარს ან ძმას გადაეცემა, ან შეიძლება ვაჟსაც, საკუთარ ვაჟს. გააჩინო საკუთარი მეურვე – აი ეს არის მეურვეობის სისტემა. ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერას ველოდით, როგორც 2012 წლის ოლიმპიადის დროს, როდესაც ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა: საუდის არაბეთს ოლიმპიადაზე არ დავუშვებთ, თუ ქალ სპორტსმენებს შინ დატოვებენო. ეს ჩვენი გამარჯვება იყო“, – განაცხადა მანალმა.

მანალი ამჟამად ვაჟთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრობს. მისი ძმა საუდის არაბეთში დარჩა. ორწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მანალის ძმამ იმის უფლებაც კი ვერ მოიპოვა, რომ და ავსტრალიაში მოენახულებინა. ერთი ვაჟი, პირველი ქორწინებიდან, ასევე საუდის არაბეთში ჰყავს. მანალი ოსლოში ჩატარებულ „თავისუფლების ფორუმზე“ ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი გახდა.

„მჯერა, მალე დადგება ის დრო, როდესაც საუდის არაბეთის ქალები თავიანთ ცხოვრებას თავად განკარგავენ. ჩემთვის თავისუფლება თავისთავად ნაგულისხმევი მოცემულობა კი არა, ბრძოლით მოსაპოვებელი რამაა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ცვლილებები ხდება!“, – დასძინა მანალმა.