სტატიები

ქალური მიზოგინია – რატომ სძულთ ქალებს ქალები?

მტკიცება იმისა, რომ ქალი კაცის შესაძლებლობებამდე „ვერ ქაჩავს“ და რომ იგი ან ბრიყვი, სახიფათო, ანდაც სუსტი ქმნილებაა, სხვა არაფერია, თუ არა მიზოგინია, ანუ ქალთმოძულეობა. საზოგადოებაში იგი უხილავი საფარველის ქვეშ ჩნდება: ხან ხალხური სიბრძნის სახით („ქალის ჭკუა თხამ შეჭამა“), ხანაც ფილოსოფიურ ნაშრომებში; შოპენჰაუერის აზრით, ქალი „ბავშვსა და ადამიანს შორის შუალედური საფეხურია“, ხოლო ოტო ვაინინგერმა ეს თეზისი სულაც რადიკალურად განავრცო და განაცხადა, რომ „ქალი – არარაობაა“.

მიზოგინიით აღვსილი ადამიანების ცნობიერებაში, მდიდრული მანქანის საჭესთან მჯდომმა კაცმა ეს ფუფუნება „შრომით გამოიმუშავა“, ხოლო ქალმა – საკუთარი თავის სექსუალური ექსპლუატაციით, და საჭესთან მჯდომი ქალი გზაზე სასიკვდილო ხიფათს ქმნის. თავის მხრივ, ამგვარი შეხედულებების მიხედვით, გამჭრიახობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და ლოგიკური აზროვნება კაცებს დაბადების პირველივე დღიდან დაებედათ. ეს პატრიარქალური თეზისია, რომელსაც ბევრი ადამიანი აქსიომად იღებს და საზოგადოებაში ძალაუფლებრივ ურთიერთობებს ამით საზღვრავს. ამით იგი დასაყრდენს უქმნის სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და აყალიბებს არათანაბარი შესაძლებლობების არსებობის ველს.

თუმცა, მიზოგინიური განწყობები მხოლოდ კაცებში არ გვხვდება. არსებობს გაშინაგნებული მიზოგინიის ცნება, – როდესაც თავად ქალები იზიარებენ იმ პატრიარქალურ სტერეოტიპებს, რომელიც მათ უფლებებს მაქსიმალურად ზღუდავს. „ქალი ლოგიკურად ვერ აზროვნებს“, „ღირსი იყო და გააუპატიურეს“, „კაცი პროფესიონალი ჯობია, ვიდრე იგივე პროფესიის სულელი ქალი“ – ამგვარი „უცილობელი ჭეშმარიტებები“ მათ გონებაში მყარადაა ფესვგადგმული. გაშინაგნებული მიზოგინიისა და მისი დამაზიანებელი ზემოქმედების პრობლემა ფემინიზმმა წამოწია. მან ამ სიტუაციის ამოცნობისა და აღმოფხვრის პრაქტიკები შემოგვთავაზა. ფემინიზმმა ქალებს შორის ქალთმოძულეობის მარკერები გამოააშკარავა და ახსნა, თუ რატომ ვხდებით ჩვენ, ქალები, თვითდისკრიმინაციის მსხვერპლნი,  რა შედეგებამდე მივყავართ და როგორ ვებრძოლოთ მას.

საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება თითქოს პარადოქსულია, მაგრამ იმის გამო, რომ იგი ძალიან გავრცელებულია, ქალური მიზოგინია შოკში არავის აგდებს. ამასთანავე, კაცის ძალაუფლებასთან მიკედლება, „სუსტი სქესის“ ნეგატიური შეფასება მეტ ნდობას იწვევს და უცილობელ მოცემულობად წარმოგვიდგება, რომელსაც თავად ქალებიც კი ეთანხმებიან.

ხაზგასმული ზიზღი და სიძულვილი საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ ცარიელ ადგილას და კარგი ცხოვრებისგან არ ჩნდება. გაშინაგნებული მიზოგინიის პრაქტიკებს ჩვენ იძულებით ვიყენებთ, როდესაც გაუცნობიერებლად, სოციალური კეთილდღეობის მოპოვების მიზნით, „დივიდენდების“ დაგროვებას ვიწყებთ. პირველ რიგში, ეს გრძნობა არის კაცების გაცილებით პრივილეგირებული საზოგადოებისადმი მიკედლებულობის სურვილი, საკუთარი სტატუსის მომატების იმედი სხვა ქალებთან შედარებით, როდესაც პატრიარქატის პირობებში გაცილებით კომფორტულ პოზიციას ელოდები. ეს უსიტყვო დებულებები, – რომ „ქალივით მოქცევა ცუდია, ხოლო კაცივით მოქცევა – პირიქით, ბევრ უპირატესობას გპირდება“, – ქალებს აიძულებს, თავი დისტანციურად დაიჭირონ თავისი სქესის „ჭკუამჩატე“ წარმომადგენლებისგან და ქცევის „კაცური“ მოდელები აითვისონ.

საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ მსგავსი წინასწარგანწყობილი დამოკიდებულებების შედეგია გენდერული ნიშნით პროფესიებისა და ინტერესების ამორჩევა: კაცებისთვის „ჭკვიანი სფეროები“ არსებობს (სპორტი, მეცნიერება, პოლიტიკა), ქალებისთვის კი – „ქარაფშუტა საქმეები“ (ქსოვა, კულინარია, მოდა). ქალების ჟურნალი აუცილებლად საჭმლის რეცეპტებსა და კოსმეტიკის რეკლამებს უნდა შეიცავდეს.

ქალური მიზოგინიის მეორე მიზეზი თავად ქალებს შორის იერარქიულ სისტემას უკავშირდება. ქალთა როლები სხვადასხვა ჩარჩოებითაა შემოსაზღვრული: ეროვნებით, სილამაზის სტანდარტების შესაბამისობით, ასაკით, რეპროდუქციული უნარებით, სექსუალობით და სხვ. ამის საფუძველზე, ქალის ერთგვარი უნიფიცირებული „იდეალი“ ყალიბდება. პიროვნების, ხასიათის, მისწრაფებებისა და უნარების მთელი მრავალფეროვნება „ქალის“ საყოველთაო ცნებამდე დაიყვანება, რაც მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნათა და შესაძლებლობათა ფიქსირებულ ნაკრებს წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს ყველაფერი ქალებს იძულებით იერარქიზაციას უკეთებს შაბლონის შესაბამისად და მათ აიძულებს, ერთმანეთს შეეცილონ, როგორც მსგავსთა შორის საუკეთესონი, და საკუთარი უნიკალურობით დატკბობის საშუალებას ართმევს. მუდმივ „ქალური კონკურენციის“ ეფექტს იძლევა ქალის „მუხანათი, ბილწი“ არსების საჯარო რადიკალიზაცია, რომელიც ქალებს შორის მეგობრობისა და ურთიერთმხარდაჭერის იდეას დიდ დარტყმას აყენებს.

გაშინაგნებული მიზოგინია ასევე ბუდობს იქ, სადაც არტიკულირებულია პოზიცია „ქალი ყველაფერში თვითონაა დამნაშავე“, სადაც ეძებენ და პოულობენ ქალზე ძალადობისა და მისი გაუპატიურების საბაბს. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ძალადობას დაქვემდებარებული ქალების მხრიდან პოლიციაში მიმართვიანობის პროცენტი ძალზე დაბალია – საზოგადოება მის თავს დამტყდარ ყველა უბედურებაში მხოლოდ ქალს ადანაშაულებს.

ამასთანავე, მიზოგინია ხშირად აღიქმება, როგორც თითიდან გამოწოვილი და არასერიოზული პრობლემა სამყაროში, სადაც „გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს“. თავად ტერმინი „მიზოგინიის“, ისევე, როგორც ფემინიზმის ირგვლივ, ნეგატიური კონოტაცია დამკვიდრდა. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში ქალების ცხოვრების პრობლემურ საკითხებზე იქნას ყურადღება გამახვილებული, – საზოგადოებრივ დისკურსებში ჩასართავად თავად ამ ცნებების ახსნა და ნეგატიურად კონოტირების თავიდან აცილებაა საჭირო. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს მკვეთრად მომრავლებული სტატიები და ფეისბუქ სტატუსები იმ ქალების ავტორობით, რომლებიც „სუსტები არიან და გვერდით ძლიერი მამაკაცები ესაჭიროებათ“, რომლებსაც „ოცდამეერთე საუკუნისთვის მიუფურთხებიათ, რადგან ქალები არიან და მათთვის კაცების ზრუნვა და დაცვა აუცილებელია“, რომლებისთვისაც „ფეხაშვერილი ფემინისტების უსუსური ღავღავი მიუღებელი და სამარცხვინოა“. სხვათა შორის, ამ სტატიებს თავად მიზოგინი კაცები მუდმივად არგუმენტად იშველიებენ და მათ ავტორებს „ქალობისა და კეთილგონიერების ეტალონებად“ მოიხსენიებენ.

მიზოგინთა ასპარეზი მხოლოდ ინტერნეტ აქტივობებს არ მოიცავს. თუ პროფესიულ სფეროში დირექტორს პერსონალი ირჩევს, შერჩევის ამოსავალი წერტილი არა კანდიდატურის პროფესიული და პიროვნული თვისებებია, არამედ ქალთა კოლექტივში მუშაობის სურვილის არქონა, – ანუ ფარული მიზოგინია. აკადემიურ სფეროში, ქალებმა ამის გამო შესაძლოა სხვა ქალების ინსტიტუციურ განვითარებას შეუშალონ ხელი და წაეშველონ კაცების კარიერას, რომელთა ღირსებაც არა პროფესიული, არამედ გენდერული „ღირსებებით“ იზომება. სხეულის შესაბამისობა საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებთან, სექსუალური პრაქტიკები, საკუთარ რეპროდუქციულ უნარებთან დამოკიდებულება ის სფეროებია, სადაც კანონიკური წარმოდგენები „ნორმალურობის“ შესახებ იმ სისტემაში ვლინდება, რომელიც „არანორმალურებს“ რიყავს და ჩაგრავს. ამგვარი ქმედებები და პრაქტიკები ქალებს შორის შიდა განხეთქილებას ამწვავებს და იკვებება არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედანაც.

მიზოგინიის ჩვენ ირგვლივ დანახვა იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ზოგიერთი უსიამოვნო მომენტი შესაძლოა უკავშირდებოდეს არა კონკრეტულ ქალს, არამედ მისთვის მიწერილი უნიფიცირებული თვისებების ნაკრებს („შენ ქათამი ხარ იმიტომ კი არა, რომ ვერ აზროვნებ, არამედ იმიტომ, რომ ქალი ხარ“). ქალთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ზიზღის ამოცნობა აუცილებელი და შესაძლებელია. ამის შემდეგ, ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს ამ აგრესიასთან დაკავშირებით, – მის შედეგებს ებრძოლოს თუ საკუთარი კომფორტის ჩარჩოები გადალახოს და ამით კონკრეტული ადამიანების (და არა მათი სქესის) მიმართ პოზიცია ჩამოაყალიბოს. ჩვენში, ქალებში, კულტურული მიზოგინიის დიდი ნაწილი ისედაც ჩანერგილია. ჩვენში არსებული წინასწარგანწყობები უნდა აღმოვაჩინოთ და დავამარცხოთ. ეს ყველა ქალს საკუთარი თავის ხელახალ აღმოჩენაში დაეხმარება.

ბავშვების გაჩენა, საკუთარი ინტერესების დაცვა, აქტივისტობა, დიასახლისობა თუ კარიერული წინსვლისკენ სწრაფვა მანამ არის კარგი, სანამ იგი მსოფლიოს ყველა ქალისთვის საერთო სავალდებულო საქმიანობად გადაიქცევა. ქალის გაუპატიურების გამართლება და მის პირად ცხოვრებაში მუდმივი მორალისტური ჩარევა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ აზიანებს მიზოგინია საზოგადოებას. როდესაც მიზოგინია ყოველი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა, საზოგადოება პატრიარქატის რიტორიკის თანახმად ცხოვრობს. რელურად, ცნებები „ქალი“ და „კაცი“ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენ მიერ მოგონებული და გარკვეული აზრით დატვირთული აბსტრაქტული ჯგუფები. პირველ ყოვლისა, ჩვენ ადამიანები ვართ. სიბრიყვე, სიმტკიცე, ემოციურობა, ბავშვების ყოლის სურვილი, პროფესიონალიზმი – ეს ყველაფერი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს, განურჩევლად სქესისა.

თუ ყოველდღიურობაში მიზოგინიის ერთგვარ ფილტრს გამოვიყენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთ მოვლენას ახლებურად ვიაზრებთ. მაგალითად, სტერეოტიპული ფრაზა „თუ სცემეს, ე.ი. ღირსი იყო“, – აღარ იქნება ქალის ბუნებით მინიჭებული თვისების კონსტატაცია, რომელიც კაცს ფიზიკურ ძალადობამდე მიჰყავს. საკითხის დასმა უკვე სხვაგვარადაა შესაძლებელი: გვსურს თუ არა იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ნებისმიერი სქესის ადამიანის ცემა ნორმალურია? როგორ ჩამოყალიბდა ურთიერთობებში ფიზიკური ძალის გამოყენების დაშვებითობაზე წარმოდგენა? როგორ უნდა გავიაზროთ, რომ ქალების ერთსულოვნება მათზე ძალადობის შესახებ ახალ პოზიციასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ, კანონმდებლობის შეცვლას გამოიწვევს?

საერთო ჯამში, ქალური მიზოგინია თავად ქალებს შორის შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ძალზე ეფექტური ინსტრუმენტია. პატრიარქალურ საზოგადოებაში გავრცელებული წინასწარგანწყობების, სტერეოტიპების, კლიშეებისა და სიძულვილის საფარველი ქალებს კატეგორიებად ჰყოფს, მათ ცხოვრებაში, საჭიროებებში, ქცევებსა და მოლოდინებში „ნორმის“ უნიფიცირებულ ვარიანტს ნერგავს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ქალების მიმართ. იგი ქალებს ობიექტივიზაციას უკეთებს და ანაწევრებს, და რაც მთავარია, მათ აიძულებს, ერთმანეთს მარადიული კონკურენციის პრიზმაში შეხედონ.