ლგბტქი / სტატიები

ქართველი გეი წყვილი: ადამიანებად არ გვაღიარებენ და დაუცველობის შეგრძნება გვაქვს

ავტორი: თეა მარიამიძე

ანა და თაკო ქართველი გეი წყვილია, რომელთაც საზღვარგარეთ უწევთ ცხოვრება იმის გამო, რომ საქართველოში დაუცველად გრძნობენ თავს. ისინი ამჟამად ესტონეთში ცხოვრობენ და საქართველოში დაბრუნებას ჯერ არც კი განიხილავენ. ანონიმურობის დაცვის მიზნით, რესპოდენტების სახელები შეცვლილია.

გამარჯობა. გთხოვთ, გაგვეცანით.

ანა: გამარჯობა. მე ვარ ბისექსუალი, ინტერსექციონალური ფემინისტი, მემარცხენე. ვსწავლობდი ესტონეთში და ახლა ვმუშაობ და ვცხოვრობ აქ.

თაკო: მე ვარ გეი, მემარცხენე, ანარქისტი ფემინისტი. უნივერსიტეტი მეც დავამთავრე ესტონეთში, ვმუშაობ და ვცხოვრობ აქ.

როდის გააცნობიერეთ, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იყავით?

ანა: საინტერესო შეკითხვაა. უმცირესობის წარმომადგენელი რომ ვიყავი, ასეთი შეგრძნება არ მქონია. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი განცდები და გრძნობები ნორმალური იყო.

თაკო: მე დიდი ხანი დამჭირდა, რომ გამეცნობიერებინა, ვინ ვიყავი, რადგანაც საკმაოდ ჩაკეტილ გარემოში ვცხოვრობდი… თავიდან მეგონა, რომ ორივე სქესის ადამიანები მიზიდავდნენ. მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ პატრიარქატის ნაწილია, როდესაც მამაკაცებს ეგრევე არ გამორიცხავ, როგორც სუბიექტებს რომლებიც გიზიდავენ. მოგვიანებით მივხვდი, რომ მამაკაცები საერთოდ არ მაინტერესებენ და უბრალოდ ლესბოსელი ვარ.

რაც შეეხება თქვენი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, როგორი რეაქცია ჰქონდათ?

ანა: ოჯახის წევრებთან არ მაქვს ახლო ურთიერთობა და არ იციან. ჩვენი საუბარი ძირითადად ცხოვრებისეულ მიღწევებს ეხება ხოლმე და პირად ცხოვრებაზე არ მეკითხებიან. მხოლოდ დეიდაჩემმა იცის. მეგობრებმა იციან და ბუნებრივად მიიღეს.

და შენმა მშობლებმა რომ გაიგონ, როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნებათ?

ანა: მშობლებისთვის ვაპირებ თქმას რაღაც ეტაპზე. მგონია რომ დედაჩემს უფრო აქვს პოტენციალი რომ გაიგოს.

თაკო: ჩემთან ჩემმა დამ იცის და კარგად მიიღო, მაგრამ მითხრა, ყოველთვის განსხვავებული იყავი და არ მიკვირსო. მშობლებმა არაფერი იციან. მგონი დედა ეჭვობს რაღაცას, მაგრამ საკუთარ თავს არ უტყდება, რომ განსხვავებული შვილი hყავს. მუდმივად ვორჭოფობ, ვუთხრა მშობლებს თუ არა. არ ვართ ახლოს და არ ვიცი, თუ მიიღებენ, რომ ქალთან ერთად ვცხოვრობ. მათ უნდათ, რომ წარმატებული ვიყო ცხოვრების ყველა ასპექტში და მუდმივად სხვა ადამიანებს მადარებენ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვიცი, მათთვის ტრავმული იქნება სიმართლის გაგება. ვიცი, რომ დიდ ტკივილს მივაყენებ და აუცილებლად ინერვიულებენ, სხვები რას იტყვიან ამაზე. მეგობრებს რაც შეეხება, ყველას ვუთხარი. ვიფიქრე, ვინც ვერ გამიგებდა, დავშორდებოდი, მაგრამ კარგად მიიღეს.

როგორ გრძნობდით თავს სამშობლოში, როგორც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები?

ანა: ძალიან დახუთულად. პირველ რიგში ადამიანად არავინ არ გაღიარებს და დაუცველობის შეგრძნება გაქვს, როგორც ქალს და მით უმეტეს ჩემი ორიენტაციის ქალს. ბევრჯერ დაგვდევნებია ქუჩაში ვიღაც და არასასიამოვნო რაღაცები უთქვამთ. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი, რომ რაღაც დავაშავე ან ისე ვერ მოვიქეცი, როგორც საჭიროა. ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობდით, რომ ვიცოდი ვერავინ გაგვიგებდა ან მხარს დაგვიჭერდა. მერე საკუთარი თავის მიმართ ხდები აგრესიული.

თაკო: მე ჩემი თავის მიმართ აგრესია არ მაქვს, რადგანაც ვიცი, ვინც ვარ და არაფერი პრობლემური ამაში არ არის. ჩემი პრობლემა არ არის, თუ სხვებს აქვთ ჩემდამი პრობლემა, მაგრამ მეც, როგორც ქალს, დაუცველობის შეგრძნება მქონდა. არ იცი, როდის რა შეიძლება დაგემართოს. ამას რომ ემატება, რომ გეი ხარ, ძალიან პრობლემური ხდება და სულ საფრთხეს გრძნობ. მე კი ვიცი, ჩემი სივრცე სად არის და მაქვს მიკუთვნილობის შეგრძნება, მაგრამ ძალიან დამღლელია, როდესაც ამ სივრცისათვის მუდმივად გიწევს ბრძოლა.

ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?

ანა: ერთმანეთი საქართველოში, უნივერსიტეტში გავიცანით. დიდი ხანი მეგობრები ვიყავით, სანამ “დეითინგს“ დავიწყებდით.

ესტონეთში თქვენი საცხოვრებლად გადმოსვლა რამ განაპირობა?

ანა: გამოქცევა გვინდოდა. როგორც თაკომ თქვა, ჩვენი ადგილისთვის ბრძოლით დავიღალეთ. რაღაცა მომენტში გადიხარ ქუჩაში, აპროტესტებ, მაგრამ არაფერი იცვლება. ვის ებრძვი ან ვის რას სთხოვ, ვერ იგებ. დიდი ნაბიჯი იყო, აქ რომ გადმოვედით, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

თაკო: მე ასე 10 წლის ასაკიდან ყოველთვის მინდოდა საქართველოდან წასვლა, იმიტომ, რომ ჩემი მშობლები მიქმნიდნენ ასეთ გარემოს. ვიცოდი, რომ თუ მინდოდა ჩემი სივრცე და დამოუკიდებლობა მქონოდა, აუცილებლად სხვაგან უნდა წავსულიყავი, ისეთ ადგილას, სადაც არავინ არ გამაკონტროლებდა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აქ, ესტონეთში, მხოლოდ ჩემი სექსუალური ორიენტაციის გამო ვარ. მეორე მიზეზი ის არის, რომ ქალს საქართველოში იგივე უფლებები არ აქვს, როგორც კაცს. ყოველთვის კონტროლს ქვეშ ხარ და ეს ძალიან დამღლელია.

რა განსხვავებაა ესტონეთსა და საქართველოს შორის ლგბტ პირებისადმი დამოკიდებულების კუთხით?

ანა: ყველა საზოგადოებაში არიან და იქნებიან ჰომოფობები, მაგრამ ესტონეთში  აღიარებული ხარ, როგორც მოქალაქე და ყველას თანასწორი ადამიანი და სახელმწიფოს ნარატივი სრულიად განსხვავებულია საქართველოსგან. თუ რომელიმე  პარტია სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდის, მთავრობა გვიცავს, მიჰყვება არჩეულ დასავლურ კურსს და ამბობს, რომ საზოგადოების დაყოფა რაიმე ნიშნით მიუღებელია. აქ მე ვარ სრულუფლებიანი ადამიანი და სახელმწიფო მიცავს, მაშინ, როდესაც საქართველოში არავინ არ ვართ და არავინ არ გააკეთებს რამეს, რომ გაღიაროს და დაგიცვას, როგორც სრულუფლებიანი მოქალაქე.

თაკო: იმას დავამატებდი, რომ აქ არ გიწევს ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობ და ეს სივრცე შენიც არის. საქართველოში კი ბინძური ტანსაცმელივით ხარ, კარადაში რომ შეტენიან, რომ არავინ დაგინახოს.

საქართველოში რამდენად ხშირად ჩადიხართ?

ანა: ძალიან იშვიათად. მუდმივად მაქვს ნაყიდი უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ვიცი, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ვრჩები. ჯერჯერობით ეს პერიოდი არის მხოლოდ ერთი კვირა. ვერ ვბედავ, მეტ ხანს დავრჩე. მინდა ხოლმე დავამტკიცო, რომ მეც აქ ვარ, მეც ქართველი ვარ, მაგრამ ჩასვლისთანავე თავდაცვით პოზიციაში ვდგები. სულ უნდათ, რომ რაღაცა გიჩხიკინონ, გაგაკონტროლონ, შენს ცხოვრებაში ცხვირი ჩაყონ. ასე რომ, ძალიან ცოტა ხნით ჩავდივარ ხოლმე.

თაკო: ხშირად არც მე ჩავდივარ. თან ფინანსური მხარეც არის. ჩასვლის სურვილი იმიტომ არ მაქვს, რომ ზუსტად ისევე მხვდება ყველაფერი, როგორც დავტოვე. იმ გარემოს უბრუნდები, რასაც გამოექეცი. შენ შეიძლება გაიზარდე, მაგრამ სხვები იქ ზუსტად იგივე დონეზე დარჩნენ და ერთი სული გაქვს როდის გამოიქცევი უკან. თუმცა აქ ყოფნისას სულ იმაზე ფიქრობ რომ შენ კი გამოიქეცი მაგრამ სხვები ვინც იქ დარჩნენ? ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს ხოლმე. მინდა, სხვებისთვისაც ვიბრძოლო, მაგრამ ჯერ იმ ეტაპამდე არ ვარ მისული, რომ რამე მნიშვნელოვანი გავაკეთო.

რას ეტყოდით მათ, ვინც ლგბტ თემის წინააღდეგია და აგრესიას გამოხატავს?

ანა: ამაზე ხშირად ვფიქრობ და გონებაში ვათამაშებ იმ სცენებს, თუ როგორ ვუპასუხებდი ამ ადამიანებს. მახსოვს, ერთხელ ქართველმა პოლიციელმა გვითხრა: თქვენნაირებს, ჩემი ნება რომ იყოს, მდინარეში გადავყრიდიო. როგორ უნდა შეაცვლევინო ასეთ ადამიანებს აზრი? მე პირადად, მათ არაფერს არ ვეტყოდი.

თაკო: როგორ შეიძლება, ხალხი ასეთი ჩაკეტილი იყოს და რაციონალურად ვერ აანალიზებდეს ყველაფერს. შენი პრობლემები არავითარ შემთხვევაში არ არის იმასთან კავშირში, თუ ვის ვისთან აქვს სექსი. როგორ შეგიძლია, ასე მარტივად ის ბრაზი და პრობლემები, რაც გაქვს, სხვის სექსუალურ ცხოვრებას გადააბრალო? ჩემი ძალა იმაშია, რომ ქართველი ვარ და ვერ შეცვლი ჩემს იდენტობას. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად გამოქცეული ვარ, რაც არ უნდა სცადო, რომ წამშალო, მე მაინც ქართველად დავრჩები და ამ სივრცის ნაწილი ვიქნები. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია.