19-24 თებერვალს, საქართველოდან არასამთავრობოების დელეგაცია ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სამი წელია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ, შეხვედრები გამართეს როგორც ევროპარლამენტარებთან, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან და დეტალურად ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც თან ახლავს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას საქართველოს მხრიდან.
ქართული არასამთავრობოებიდან წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები: კავშირი “საფარი” – თანასწორობის საკითხები, საია – მართლმსაჯულების საკითხები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – შრომასთან დაკავშირებული საკითხები, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის – ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – კორუფციის საკითხები, მწვანე ალტერნატივა – გარემოს დაცვის საკითხები. ვიზიტს ორგანიზებას უწევდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” თბილისისა და ბრიუსელის ოფისები, რომელიც მესამე წელია ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობას.
„საფარის“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ ისაუბრა ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისა და განათლების რეფორმის აუცილებლობაზე. მან დეტალურად მიმოიხილა კვოტებისა და სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საკანონმდებლო ინიციატივების საკითხი და პოზიტიურად შეაფასა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფორმირება.
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ პოლიტიკის დოკუმენტებს და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ანგარიშებს. მომზადებული დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ფონდი ღია საზოგადოების ვებ-გვერდზე.