ბლოგები / ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / კამპანიები

ქონება, რომელიც ჩემია, მაგრამ არ მერგო

ავტორი: ბაია პატარაია

მემკვიდრეობის უფლება ყველა ადამიანს აქვს და კანონის მიხედვით, მშობლების ქონება ყველა შვილზე თანაბრად ნაწილდება – ეს კანონით, რეალობაში კი საქმე სხვაგვარადაა.

ვის დარჩება სახლი? ვის დარჩება მიწა? ვის დარჩება ჯამ-ჭურჭლი? ჩვენს ქვეყანაში დღემდე უძრავი ქონების მფლობელი ვაჟიშვილია, ხოლო ქალიშვილი უნდა გამზითვდეს. მზითვში უძრავ ქონებას არავინ გააყოლებს ქალს, უყიდიან საძინებელს და ოქროულს კარგ შემთხვევაში, ჯამ-ჭურჭელს, ლოგინებსა და თეთრეულს, სიმბოლურად „ვეფხისტყაოსანიც“ შეიძლება გააყოლონ ან „მადონას სერვისი“; უძრავი ქონება კი ძმას რჩება. და, რომელიც ძმას ქონებას შეედავება მშობლების გარდაცვალების შემდეგ, „ცუდი დაა“, გაილანძღება ნათესავების მიერ, თუ კუთვნილი ქონება მოითხოვა, რადგან არ ერგება მას მისი წილი ქონება, ქართული ტრადიციების მიხედვით.

და ეს ყველაფერი არ არის. ხშირად, მშობლები როცა იგებენ, რომ მათი გარდაცვალების მერე ქონება თანაბრად იყოფა შვილებზე, ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქონების თანაბარ გადანაწილებას და სიცოცხლეშივე ჩუქების ხელშეკრულებით მხოლოდ ვაჟებს გადაუფრომონ ქონება, რომ მოგვიანებით იგი სადავო არ გახდეს ქალიშვილის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ჩუქებები ხშირია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქალს შეუძლია, სასამართლოში მაინც იდავოს კუთვნილ ქონებაზე. აქ უკვე სხვა პრობლემები იჩენს თავს: საჭიროა ადვოკატის ყოლა, საჭიროა სასამართლოში ბაჟის გადახდა სადავო ქონებაზე და სხვა. ხშირად ქალებს ამის ცოდნა და დავის წამოწყების მატერიალური თუ მორალური რესურსი არ აქვთ (თუ თქვენ ასე წაგართვეს ქონება, აუცილებლად მოგვმართეთ „საფარს“ და იურისტს დაგახმართ).

ახლახან, „საფარმა“  წამოიწყო კამპანია „მეც შვილი ვარ“, რომელიც სწორედ წართმეული მემკვიდრეობის პრობლემას ეხმიანება. ყოველკვირეულად ქვეყნდება ნამდვილი ისტორიები, რომელიც ეკონომიკური ძალადობის სწორედ ამ ფორმას – მემკვიდრეობის გარეშე დატოვებას ეხება. თუ გსურთ ამ პრობლემის შესახებ მეტის გაგება, აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენს ფბ გვერდს – „მეც შვილი ვარ“, მანამდე კი ამ გვერდიდან რამდენიმე ციტატას დაგიტოვებთ საკითხავად:

„ქალაქელები გოგო შვილს განათლების მიღებაში მაინც უწყობენ ხელს, მე კი დედაჩემმა და მამაჩემმა რაღაც სისულელე მატყლის საბნები და ლილოში ნაყიდი ხალათები გამატანეს ქორწინების დროს და მორჩა. სამაგიეროდ, ჩემს ძმას დარჩა ორსართულიანი სახლი, თავისი ვენახებით, რაც თავის მხრივ, დიდ შემოსავალს უტოვებს.

„ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ როცა შვილების მომავალზე ვფიქრობდი, აზრი იქით გამექცა, რომ ბიჭს მაინც სხვანაირი ყურადღება უნდა, განათლება, სახლი-მეთქი… და ამან შემზარა… რა გამოდიოდა? ის, რამაც მთელი ცხოვრება გამიმწარა, ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემი თანხმობით, ჩემს შვილებზეც ვრცელდებოდა? რა უსამართლო და არარა ვყოფილვარ მე, როდესაც ამას ფიქრის დონეზე მაინც განვიხილავდი? მით უმეტეს, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გოგო აკადემიური თვალსაზრისით ბევრად წარმატებულია ბიჭზე… ეს იყო ჩემთვის დიდი შოკი და სირცხვილი…“

„მამას თავის სახელზე არსებული ქონებიდან ჩემთვის საერთოდ არაფერი მოუცია – ყველაფერი ჩემს ძმებს გაუფორმა.“

„ეს რწმენა, რომ სახლში ყველაფერი ჩემი ძმის იყო, ისე მქონდა შესისხლხორცებული, რომ არც არასოდეს მიფიქრია მისი ეჭვქვეშ დაყენება.“

„ქალი ხარ, ხომ გათხოვდი, მშვენიერი ქონება და სახლი გაქვს, ჩვენ ამ სახლიდან რატომ გვყრი, უნამუსობაა ეს და ა. შ. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ამ ამბავში მეზობლები და ნათესავები ჩაერთნენ, ჩემს შერცხვენას და ლანძღვას შეუდგნენ. ბოლოს, ჩემმა ძმამ და მისმა ოჯახმა თავისი გაიტანა და მე განვაცხადე, რომ ბინაზე პრეტენზია არ მქონდა. ახლა ძალიან ვნანობ ჩემს სისულელეს.“

„უცებ წამოხტა ჩემი ძმა, მომვარდა და ჯანჯღარი დამიწყო: შენ როგორ გგონია, აქ სამადლოდ მყავხარ შეკედლებული, გდიხარ მძორივით, არაფერს აკეთებ და როგორ ბედავ, რომ ბავშვს ეჩხუბები, აეთრიე ახლა და აალაგე ეს მაგიდა, რამით მაინც გაამართლე შენი არსებობაო. არც დედაჩემს, არც მამაჩემს, არც რძალს ხმა არ ამოუღიათ. ანუ ყველა ეთანხმებოდა. მე ვიდექი გამტკნარებული, აქეთ-იქით ვიხედებოდი და ვეძებდი მზერას, რომელიც ოდნავი თანაგრძნობით მაინც იქნებოდა გამსჭვალული. ვერც კი ვთქვი ვერაფერი, მთლიანად ავალაგე მაგიდა და ბავშვებთან თამაშიც განვაგრძე.“