ბლოგები

ყველაზე გამხდარი მსუქნის ისტორია – პასუხი “საფარის” ბლოგპოსტებს

ნინა ილურიძის ბლოგი

ამ დღეებში, სოციალურ ქსელებში თვალში მომხვდა შორენა გაბუნიას ბლოგპოსტი, სახელწოდებით „რატომ არ მაინტერესებს წონაში დაკლება?“.

სათაური შორიდანვე პოზიტიური ჩანდა და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ტექსტის წაკითხვამ დამაინტერესა. „მართალია“ – „არაა მართალი“ კომენტარებით, თავის ხან ზევით-ქვევით ხან მარჯვნივ-მარცხნივ ქნევით, ჩავამთავრე პოსტი.

რამდენიმე დღეში, იგივე საკითხთან დაკავშირებით მეორე პოსტი დავინახე – „წონა არაა მთავარი?“. ეს პასუხი იყო გაბუნიას პოსტზე, რომლის ძირითადი აზრი სათაურშივე ჩანდა – ეეეჰ, როგორ არ გვაინტერესებს, მარა გამოდის რომ? თემას თვალი გადავავლე და ესეც გავატარე; ისედაც „რამდენი დავიკელი“ -„რამდენი მოვიმატეს“ რეჟიმში ვატარებ დღეს და კიდევ ეს მინდოდა?

გავატარე, მაგრამ ცუკერა ხომ არ მოგეშვება. თუ ჩათვალა რომ თემა შენთვის აქტუალურია ხომ ვერ მოიცილებ, გიგდებს და გიგდებს პოსტს ზევით.

დღეს  კიდევ ერთხელ ამოახტუნა კედელზე ეს პოსტები, რადგან ჩემს ნაცნობებს ჰქონდათ დაკომენტარებული და კოკა-კოლას რეკლამის და პავლოვის ძაღლის არ იყოს, ბოლო-ბოლო, ქალურ-პროფესიული ჩვევა-ინსტიქტები ამიმუშავა.

ჩემი, როგორც მსუქანი ქალის,  ისტორია

მე მსუქანი ვარ, ძალიან მსუქანი, ისე, რომ მუდამ მაწუხებენ და ამას მახსენებენ. მახსენებენ დელიკატურად, არადელიკატურად, უხეშად, უზრდელად, ტაქტიანად ან რამე სხვა ფორმით, თუმცა ამას სულ მახსენებენ.

რამდენი კილო ვარ? – უფ, ძალიან ბევრი, თქმაც კი მრცხვენია – 55!

არანაირი არასერიოზულობა, გამუქება, დაცინვა, ალეგორია ან კომპლექსები. სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, საშინლად გავსუქდი და ვარ – 55 კილო!

ახლავე აგიხსნით, რაშია საქმე. ამჟამად მე ჩემი ძირითადი პრაქტიკა ფიტნეს-ინსტრუქტორობაა. წონის და ვარჯიშის თემას 6 წელია მოვკიდე ხელი, თავიდან როგორც ბლოგერმა და ავტორმა, ბოლო 4 წელი კი პროფესიადაც გამიხდა. ასე რომ, სხვას თავი დავანებოთ, თავად ჩემი აწონვა-გაზომვის საკითხი გაცილებით უფრო აქტუალურია, ვიდრე სხვისთვის.

ამ პერიოდშიც და იქამდეც, სულ სხვადასხვა ფორმა-წონა მქონდა: ხან ვიმატებდი, ხან ვიკლებდი, ხან იდეალურ პარამეტრებში ვჯდებოდი, ხან ხორციანში, ხან უხორცოში – მაგრამ არასდროს კაციშვილი არ მახსოვს, ჩემით კმაყოფილი ყოფილიყოს! მუდმივად ან მსუქანი ვიყავი, ან გამხდარი!

ყველაზე იდეალურ ფორმაშიც კი, აუცილებლად ვიღაც ჭკუის დამრიგებელი გამოჩნდებოდა, რომელიც მეზობლის ლამარას რაღაც ისტორიას მიზიარებდა – როგორ დაიკლო და ავად გახდა ლამარა, როგორ გასუქდა და ქმარი გაექცა ლამარას, ამას ზედ რეცეპტების და რჩევების დიდი თაიგული მოსდევდა.

მახსოვს, 48 კილო ვიყავი, ერთ „წონის კლების ცენტრში“ მოვხვდი (უკვე ინსტრუქტორის რანგში), რომელმაც არ იცოდა ჩემი პროფესია და თავში ხელების წაშენით „დედა ეს რა მოგსვლიას“ ძახილით, კიდევ წონაში დაკლება და ცხიმ-კუნთის ბალანსის შეცვლა დამიპირეს.

იგივე წონაზე, ჩემი ახლობლები ზურგსუკან ჩემს ანორექსიაზე საუბრობდნენ და ცდილობდნენ, ხან ანჯელინა ჯოლის ისტორია მოეყოლათ (ვინც არ იცის, ანჯოლინა ანორექსიკია) ან რომელიმე ფსიქოლოგთან მივეგზავნე, რომელიც დამარწმუნებდა, ჭამა დამეწყო.

მათი მცდელობებით, 2 კილო მოვიმატე და 50 გავხდი. ეს უკვე კრიტიკული წონა აღმოჩნდა. ხალხის აზრი რადიკალურად გაიყო, პირველები როგორც კი შორიდან დამინახავდნენ, ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: „მოიმატეე, როგორ გიხდებაა, აღარ გახდე რააა!“. მეორენი ცოტა ხმას დაიბოხებდნენ, ქვევიდან ამომხედავდნენ და ისე ჩაილაპარაკებდნენ: „ნინო … შენ შემთხვევით წონაში ხომ არ მოიმატე?“. საერთოდ უკანასკნელი დონის ბოროტები პირდაპირ მაჯახებდნენ – „უიმეე, რამხელა მუცელი გაქვს, ორსულად ხარ?“.

50 კილო თავისი ახსნა-განმარტებებით როგორღაც გადავატარე. ზოგს იმას ვუხსნიდი, რომ არ ვიყავი მსუქანი, ზოგს – რომ არ ვიყავი გამხდარი. თავს ოპტიმისტ-პესიმისტების ხელში ჩავარდნილ ნახევრად სავსე ჭიქასავით ვგრძნობდი.

აი 50-ს ზევით, სერიოზული კოშმარი დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დატვირთვა სულ მიწევს, ჩემი წონა მაღლა გაიქცა. მთავარი მიზეზი დასვენების გარეშე გადაჭარბებული დატვირთვები გახდა. პლუს ამას სტრესი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, სხეულს, გონებას, შლის ჰორმონულ სისტემას, რომელიც პირველი პასუხისმგებელია წონის კონტროლისას.

წონა ზევით ავარდა. თუმცა, ამ 55 კილოში ვერ ვიტყვი, რომ სულ ცხიმი ავიკრიფე. წონებით დავიწყე ვარჯიში, კუნთოვანი მასა გაიზარდა, ფორმებიც ცოტა უფრო მსხვილი გახდა.

რეალურად, ფიზიკურად უფრო მაგარ ჯანზე მოვედი, სპორტული თვალსაზრისით ამტანობა, ძალა, სისწრაფე უფრო მომემატა, ვარჯიშში ხარისხი გამეზარდა, მაგრამ წონა… ოოოო…

ერთ ისტორიას მოვყვები, რომელსაც ხალისით ვიხსენებ, როცა წონაზე მიდის საუბარი.

ჩემი +5 კილოგრამით დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ვნახე, რომელსაც ბოლოს 48-50კგ-იანი ვახსოვდი. გამარჯობაზე ადრე, დედაა, ვაიმეე, როგორ გაასუქებულხააარო, მომაძახა. დავიმორცხვე, პასუხი ვერ გავეცი, მაგრამ ცხადია, გული ძალიან მეტკინა. საუბარი გავაგრძელეთ. ათასი რამ მივიკითხ-მოვიკითხეთ და ეს ჩემი მეგობარი მეუბნება აღფრთოვანებული – ვაიმე, იცი მე 5 კილო დავიკელი, ნახე, როგორი გამხდარი ვარ! – თან ბედნიერმა აღფრთოვანებით თეძოებზე შემოიდო ხელები, უკანალი გაბზიკა კეკლუცად და დატრიალდა.

მინდა გითხრათ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – ეს ჩემი ნაცნობი 100 კილო გახლდათ. დიახ, 100 კილო, და მინუს ხუთ კილოში 95 კილომდე დავიდა. მე, ჩემი +5 კილოთი, მსუქანი გახლდით, ის კი -5 კილოთი გამხდარი! მე 55 კილო ვიყავი, ის – 95-ის!

აი ამ ფარდობითობის თეორიის მუხანათობით, აინშტაინიც კი წავიდოდა და პირველივე უფსკრულში გადახტებოდა!

აქ მინდა, ყველაზე მთავარზე და რეზიუმეზე გადავიდე. ვართ თუ არა ჩვენი წონით ბედნიერები? რომელია მართალი, შორენა გაბუნია თუ ანონიმი ბლოგერი?

ჩვენ ნებისმიერი წონით შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები, დანარჩენი კილოგრამები კი კომფორტის ზონაა.

წარმოიდგინე, დადიოდე და თან სულ 30 კილოიანი გირი დაგქონდეს. იქნება ეს კომფორტის ზონა – ალბათ არა. მუდმივად არჩევდე სამოსს, ვერ იცვამდე ისე, როგორც გინდა, იქნება ეს კომფორტის ზონა – ალბათ ისევ არა.

საკუთარი სხეულის არჩევის შესაძლებლობა იქნებოდა, ისე როგორც მაღაზიაში – ფორმაში მყოფის და დიდწონიანის, რომელს აარჩევდით? პასუხს თავად გასცემთ.

მაგრამ, აქ არის კომფორტის ზონის დაძლევის პრობლემები: რამდენად გიღირთ ეს კომფორტის ზონის დაძლევა? დადეთ სასწორი და ერთ მხარეს ეს კომფორტი შემოალაგეთ, მეორე მხარეს კი „მსხვერპლი“ რომელიც ამ კომფორტისთვის უნდა გაიღოთ – რეჟიმი, ვარჯიში, კვება და ა.შ.

თუ კომფორტი უფრო ძვირფასია თქვენთვის, მაშინ წონით ვერ იქნებით ბედნიერი და მუდმივად დაიტანჯებით, რომ ვერ გააკეთეთ და ვერ გახდით ისეთი, როგორიც გსურდათ. ადამიანი მუდმივად ვითარდება, იცვლება, მუშაობს თავის თავზე, სურს, უკეთესი იყოს და ეს დასაძრახი არაა, პირიქით.

და მეორე: თუ „მსხვერპლი“, რომელიც უნდა გაიღოთ, უფრო მძიმეა და გადაწონის, მაშინ დარჩით ისეთი, როგორიც ხართ და იყავით ბედნიერები. ნუ მოისპობთ თავს მძიმე რეჟიმით, ნუ დაიზიანებთ ფსიქიკას, სხეულს და ჯანმრთელობასაც კი. მართალია, ზედმეტი წონა ცუდ ჯანმრთელობასთან ასოცირდება, მაგრამ არის უფრო კიდევ ცუდიც, რომელიც თქვენ უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე წონა – ეს თქვენი ფსიქიკის ნგრევაა და სტრესი.

რაც შეეხება გარშემომყოფებს, – მათ ვერ გააჩუმებთ. ამიტომ მოვყევი ჩემი ისტორია. მე დღეს ბევრისთვის ისეთივე მსუქანი ვარ 55 კილოთი, როგორიც სხვა – 100 კილოთი. მერე რა, რომ მე 43 წლის ვარ და 2 შვილის დედა ვარ, მერე რა, რომ ჩემი ტოლების უმეტესობა ამაზე 20-30 კილოთი მეტია და 2 სართულის ავლისას გული ხელით უჭირავს, მაშინ როცა მე 10-12 კილომეტრს  ჩვეულებრივ სავარჯიშო დისტანციად ვთვლი და გული საერთოდ არ ვიცი, სადაა.

საზოგადოებამ მე სხვა სტანდარტი მომიზომა, ყველა თავისი სასწორით და სახაზავით დამდევს, როგორც კი სტანდარტს ვცდები – ეს ხომ მისთვის შანსია, შანსი იმისა, რომ ჩემზე უფრო ჭკვიანი და ლამაზი იყოს – მე მას ამის შანსს ვერასდროს წავართმევ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანები უფრო უკეთეს შანსს გამოიყენებენ, იყვნენ არა ჩემზე ლამაზები და ჭკვიანები, არამედ საკუთარ თავზე უფრო ლამაზები და ჭკვიანები! ამას კი შრომა სჭირდება, ფიზიკურიც, გონებრივიც, რომ მეტი დრო დახარჯოს საკუთარი თავის სრულყოფაზე და დრო არ დარჩეს სხვის უკან სახაზავით და სასწორით სირბილისთვის.

და კიდევ: ქალბატონი ლამარა დააყენონ მშვიდად, წონის მიუხედავად, მაინც მოხუცდა და მისი დარბაისლური ასაკი ზურგსუკან ჭორაობას არ იმსახურებს.