"საფარის" საქმეები

შსს-ს თანამშრომლები ერთი წლის წინ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან

2017 წლის 1 ივნისიდან ქვეყნის რამდენიმე კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვის უფრო მეტ გარანტიებს ითვალისწინებს. დასახელებული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფომ გამოიჩინა საკანანონმდებლო ნება, უფრო მეტად დაეცვა ძალადობის მსხვერპლი ქალი და დამცავი მექანიზმები მხოლოდ ოჯახის სტატუსით არ განსაზღვრა.

მაგალითად, ქალზე იძალადა არა ოჯახის წევრმა, არამედ მისმა პარტნიორმა ან სხვა ნებისმიერმა პირმა. თუ ადრე ასეთ დროს ქალი მხოლოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა, ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ქალმა მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ან დაურეკოს პოლიციას და მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. დავუშვათ, პოლიციელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი, აქამდე ქალი უნდა დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც წყვეტდა ამ ორდერის მოქმედების ბედს. დღეიდან, შემაკავებელ ორდერს მოსამართლის დასტური აღარ სჭირდება და პოლიციელი როგორც კი გამოსცემს, მაშინვე ამოქმედდება. თუ, დავუშვებთ, რომ პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არ გამოსცა, ქალს კიდევ რჩება შესაძლებლობა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თხოვნით. აქამდე, დამცავი ორდერი გამოიცემოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძალადე და მსხვერპლი იყვნენ ოჯახის წევრები.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ცვლილებები საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, უკვე წელიწადზე მეტია, რაც შეტანილია, როდესაც “საფარი” ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვს ხოლმე, შსს-ს პოლიციის განყოფილებები “არგუმენტად” იშველიებენ ძველ კანონს, რომლის თანახმადაც, მსხვერპლს მოძალადეზე შემაკავებელი ორდერის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ეს უკანასკნელი მისი ოჯახის წევრი იქნებოდა.

კონკრეტულ შემთხვევაშიც, “საფარმა” სექსუალური ძალადობის საქმეზე სამართალდამცავებს მიმართა, გამოეყენებინათ შემაკავებელი ორდერი მოძალადე სუბიექტის მიმართ; შსს-სგან მიღებული პასუხის თანახმად, ვინაიდან მსხვერპლი არ არის ოჯახის წევრი, შემაკავებელი ორდერი ვერ გამოიცემოდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლს:
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონით სემაკავებელი ორდერი არის მსხვერპლის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი; ხოლო ამავე კანონის 4 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).