ბავშვზე ძალადობა / ბლოგები

ჩაგვრა–ბულინგი ბავშვთან ერთად იზრდება

ესმა გუმბერიძის ბლოგი

ჩვენს კულტურაში მსხვერპლის დადანაშაულება მაინც ზის, გამჯდარია რაღაცნაირად. შეიძლება, ეს არა მხოლოდ ქართული კულტურის ნაწილია, არამედ – ადამიანური ბუნებაც, გაამტყუნო ის, ვინც ხმა ამოიღო, ვინც განაცხადა, რომ ჩაგრულია; მან ხომ ამით კომფორტის ზონიდან გამოგვიყვანა. ახლა, როცა გავიგეთ, რომ ის დაჩაგრეს, რაღაც უნდა ვიღონოთ, შევწუხდეთ, გავერკვეთ, ვინ და რატომ, რაღაც პოზიცია ჩამოვიყალიბოთ, ჩვენ კი არ გვინდა, გვეზარება, ჩვენი პრობლემები არ გვეყო, რომ კიდევ „ამან“ დაგვიმატა საზრუნავი! ამიტომ ვცდილობთ, თავიდან მოვიშოროთ, ვუთხრათ, რომ აზვიადებს, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ბოლოს და ბოლოს შეიძლება, მისი ბრალიც იყო.

ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად ჩანს იმაში, თუ როგორ უყურებენ უფროსები ბავშვებში არსებულ ჩაგვრა–ბულინგს. ხშირად, როცა ბავშვი ეუბნება უფროსებს, რომ თანატოლები ჩაგრავენ, უფროსების პასუხი ასეთია: „ეტყობა, გეხუმრა და ვერ გაიგე. ხუმრობა არ გცოდნია. შენ გააღიზიანე ალბათ, თორემ კარგი ბავშვია. ან რატომ გადაგეკიდებოდა, შენ რომ რამე არ გექნა მისთვის? ნუ აზვიადებ. დიდი არაფერი. პატარები ხართ და ყოველგვარი სისულელე სერიოზულად მიგაჩნიათ. გაიზრდებით და დაგავიწყდებათ. თქვენ ყველანი მეგობრები ხართ, ერთი ოჯახი, ერთმანეთს უნდა აპატიოთ“. ეს ყველაფერი – საქმეში საფუძვლიანად გარკვევის ნაცვლად. რომ ჰკითხო, თუ რატომ იქცევიან ასე, ხშირად ამბობენ, რომ კონფლიქტის არგაღვივების საუკეთესო საშუალება არის მისი მიჩქმალვა, ჩაფუშვა დასაწყისშივე, თორემ თუ ერთ მხარეს გასაქანი მიეცი მისი ქმედებებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, მერე ომი აღარასდროს დამთავრდება. ანუ, ცდილობენ პრობლემის ნიველირებას, ცდილობენ, დაარწმუნონ თავად მსხვერპლი, რომ მოეჩვენა, რათა ამ ყველაფერს უსიამოვნო გაგრძელება აღარ მოჰყვეს.

მაგრამ, იმას ვერ იაზრებენ, რომ საკმაოდ ხშირად, როცა ბავშვი უფროსებთან მიდის და ამბობს, რომ მას ჩაგრავენ, სცემენ, დასცინიან, ნივთებს ართმევენ, ჭორებს უვრცელებენ და ა.შ. ეს პირველი შემთხვევა არ არის ხოლმე. როგორც წესი, იმ მომენტისთვის, როცა უფროსი ბავშვის ჩაგვრის შესახებ იგებს, ამას უკვე ან სისტემური, ან ინტენსიური სახე აქვს. ბავშვს, სანამ უფროსებს მიმართავს თავისი პრობლემების გადასაჭრელად, ზოგჯერ დიდი შინაგანი მუშაობის ჩატარება უწევს. იგი დიდხანს ელოდება მის მიმართ განხორციელებული ბულინგის „თავისით შეწყვეტას“, თავს იმშვიდებს, რომ ყველაფერი მოეჩვენა, არ იმჩნევს და ა.შ. ხშირად კი ისეც ხდება, რომ უფროსები ხმის ამომღებ ბავშვს საერთოდაც „ჩამშვებად“, „სუსტად“, თავისი ინტერესების ვერგამტანად, მიიჩნევენ. შეიძლება, ეს ხმამაღლა არ თქვან, თუმცა ხშირად ამბობენ კიდეც: „მეგობრები ხართ, ეგეთი რაღაცები ერთმანეთში უნდა თვითონ მოაგვაროთ, უკვე დიდები ხართ და უნდა მიეჩვიოთ… ეს მათ დამოკიდებულებას ლაიტმოტივად გასდევს. ყოველივე ამის შედეგი კი, კონფლიქტის ჩაცხრომა კი არაა, არამედ – მისი გაღრმავება და უფროსების კონტროლიდან გამოსვლა. მჩაგვრელს უჩნდება დაუსჯელობის განცდა, რწმენა, რომ მაინც გაამართლებენ, რომ ყურადღებას არავინ მიაქცევს, მსხვერპლს კი უჩნდება იმედგაცრუება და დაუცველობის განცდა. ის ხვდება, რომ უფროსები მას ჩაგვრისგან ვერ დაიცავენ, მაშასადამე, ის პრობლემის წინაშე მარტოა და ყველაფერი უფროსების გარეშე უნდა მოაგვაროს: შური იძიოს, შეეგუოს და ა.შ.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს მოზარდებსა და ბავშვებს შორის ძალადობის გაძლიერებას, მისი მიმღებლობის კულტურის ჩამოყალიბებას. ის, რაც უფროსების აზრით არის პატარების ხუმრობა–თამაში, იმ პატარებისთვის ზრდასრული ცხოვრების მოდელია. შესაბამისად ძალადობისა და თვითნებობის მიმღებლობა ზრდასრულ ცხოვრებაშიც ტრანსფორმირდება – სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამართალდამცავებისადმი უნდობლობაში, კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის უპატივცემულობაში, წარმოდგენაში, რომ „შენვე უნდა მოაგვარო, თუკი ვინმე შენს წინააღმდეგ რამე ქმედებას ასრულებს“. სასამართლოსადმი არმიმართვა და სამაგიეროდ ალტერნატიული ავტორიტეტების ძიება, ე.წ „კანონიერი ქურდების“, „კაი ბიჭების“, „მომავლების“, „შავების“ და სხვა კრიმინალების  პატივისცემითა და მხარდაჭერით სრულდება. ამ „გაგების“ თანახმად, ვინც შეგაგინა, შეგიძლია მოკლა კიდეც და მერე თუ ციხეში აღმოჩნდი ამისთვის, უდანაშაულოდ დაგიჭირეს.

ასე რომ, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, ცხოვრებაში ქცევის მოდელს სწორედ მაშინ ვიყალიბებთ, როცა უფროსებს ჰგონიათ, რომ ჯერჯერობით დიდს არაფერს წარმოვადგენთ, რომ მაინც ყველაფერი დაგვავიწყდება.