"საფარის" აქტივობები

ცირა ჯგერენაია: საფარში ქალთა უფლებების დაცვა ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომაა

ცირა ჯგერენაია „საფარში“ უკვე ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობს. მას სხვადასხვა სახის სამუშო გამოცდილება გააჩნია, გავლილი აქვს სტაჟირებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში, „თბილისელების ადვოკატში“.

ცირა ჯგერენაია: პირველი სამსახური საჯარო სექტორში დავიწყე და ყველაზე დიდი დრო იქ  გავატარე. კონკრეტულად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საკითხში, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, დახმარების გაწევა მევალებოდა. შემდეგ   ჩავერთე „გაეროს ქალთა ფონდის“ პროექტში, რომელიც   ხორციელდებოდა „იურიდიული დახმარების სამსახურთან“  ერთად და ვმუშაობდი ძალადობის  მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან.

პროექტის დასრულების შემდეგ, ამავე ორგანიზაციაში, იურიდიული დახმარების სამსახურში გავაგრძელე მუშაობა, სამოქალაქო სამართლის ადვოკატად, სადაც სამართლებრივ დახმარებას  ვუწევდი სამსახურის ბენეფიციარებს, რომლებიც ძირითადად სოციალურად დაუცველი  პირები იყვნენ. ასევე, ვაგრძელებდი ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობას.

საფარის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ მეუღლემ შემატყობინა და მირჩია, ჩემი რეზიუმე გამეგზავნა, რადგან ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდი. მართალია, იმ დროისათვის სამუშაოს შეცვლას არ ვგეგმავდი და  ბოლო ხანებში ამ მიმართულებით არც მიფიქრია, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს კარგი შანსი იყო და უნდა გამომეყენებინა, რადგან  ძალიან მინდოდა არასამთავრობო სექტორშიც მიმეღო მუშაობის გამოცდილება. საჯარო სამსახურში ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, მომავალში საკუთარი თავი სწორედ არასამთავრობო სექტორიში წარმომედგინა და საფარში რეზიუმე დაუფიქრებლად გავგზავნე. ამასთან, ეს სწორედ ის სფერო იყო, სადაც მინდოდა მუშაობა – ქალთა  უფლებები.

გავიარე გასაუბრება და ასე მოვხვდი საფარში, სადაც სამართლებრივ დახმარებას ვუწევ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ასევე  ჩართული ვარ საფარის პროექტში, – საფარის ძალისხმევით, ქართველი მომხარებლებისათვის ხელმისაწვდომია აპლიკაცია Safe You, რომელიც შექმნილია ქალების ძალადობისაგან დასაცავად.

რა არის შენი საფარში მუშაობის მოტივაცია?

ამ დრომდე ყველა ის სამუშაო, რომელიც შემისრულებია, მიმართული იყო ადამიანების დახმარებისაკენ. ვთვლი, რომ ამაში გამიმართლა და არასოდეს დამჭირვებია, მქონოდა ისეთი სამსახური, რომელიც ჩემს პრინციპებთან და შეხედულებებთან არ იქნებოდა თანხვედრაში.  საფარშიც, ჩემი მოტივაცია ის ადამიანებია, რომლებსაც  ვიცი, რომ ყველაზე  მეტად სჭირდებათ ჩემი დახმარება. ხშირად ისტორიები, რომლებსაც ვისმენთ, მძიმეა, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ამ ადამიანების თვალში იმედს ხედავ და ეს ყველაფრის კომპენსაციაა. გარემოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ფემიციდი მძვინვარებს და ქალებს  ბევრნაირად ებრძვიან. საფარი მაძლევს შესაძლებლობას, თავი ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიგრძნო და მათ დავეხმარო, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ეს, ყველაფერთან ერთად, მაძლევს იმის განცდის საშუალებას, რომ სხვა ადამიანებისათვის საჭირო საქმეს ვაკეთებ. ფაქტობრივად, არასოდეს მაქვს განცდა, რომ  ჩემი სამუშაო რაღაც ვალდებულებების ნაწილია. პირიქით, ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც  ისედაც მინდა და ამ მომენტისათვის „საფარი“ საუკეთესო ადგილად  მიმაჩნია ამისთვის.

შენი საფარში მოსვლა პანდემიის მძიმე პერიოდს დაემთხვა და კიდევ უფრო მძიმე პერიოდში გაგრძელდა. როგორია შენი ჩვეულებრივი დღე საფარში?

პანდემიამ ბევრი რამ გაართულა მსხვერპლებისთვის. შეფერხდა  პოლიციის რეაგირება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ა. შ. საფარში მომართვიანობა გაორმაგდა და გასამმაგდა. მუშაობის დატვირთულ რიტმს ისედაც მიჩვეული ვიყავი, მაგრამ საფარში იმდენი   ადამიანი ითხოვდა შველას, ფაქტობრივად ვერც ვახერხებდი ყველასთვის მეპასუხა, რაც თავიდან ძალიან სტესული იყო, მაგრამ თანდათან ავუღე ალღო, თუმცა საფარის ყოველდღიურობა მაინც მძიმეა. ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და ითხოვს შველას, რასაც მაქსიმალურად ვპასუხობთ და ვცდილობთ, არავინ დავტოვოთ დახმარების გარეშე. თუ გამიჭირდა, ისიც ვიცი, რომ დამეხმარებიან, საფარი ერთი გუნდის პრინციპით მუშაობს და ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად ხარჯავს მის რესურსს.

საფარში უშუალოდ Safe You-ს პროექტზე მუშაობ. ცოტა რამ იქნებ გვიამბო უშუალოდ აპლიკაციაზე?

Safe You  არის აპლიკაცია, რომლის ძირითადი დანიშულება  ისაა, რომ  როდესაც საფრთხეში ვართ, მხოლოდ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით  მივაწვდინოთ ხმა პოლიციას ან ახლობლებს. აპლიკაციას აქვს SOS ღილაკი, რომლის გამოყენების შემდეგ, ჩვენი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფრთხეში ვართ, ასევე ჩვენი ადგილსამყოფელი, ეგზავნება პოლიციას და ჩვენ მიერ   არჩეულ სანდო ნომრებს. პოლიციის გამოძახების ღილაკი არის ნებაყოფილობითი და  შეგვიძლია, არ გამოვიყენოთ ის და მხოლოდ სანდო ნომრების სისტემა გამოვიყენოთ. ასეთ დროს, შეტყობინება, რომ ვიმყოფებით საფრთხეში, მიუვა ჩვენ მიერ არჩეულ ახლობელ ადამიანებს, ან არასამთავრობო ორგანოზაციებს. ამას გარდა, აპლიკაციას აქვს დამატებითი   ფუნქციები: სასაუბრო სივრცე, ე.წ „ფორუმი“, სადაც შეგვიძლია, ანონიმურად ან ისე დავუსვათ შეკითხვები ფსიქოლოგს ან  იურისტს, ან უბრალოდ სხვა მომხმარებელებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს ყველაზე ხშირად უშუალოდ ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობისას?

ძალადობრივ გარემოში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება ახდენს გავლენას ადამიანის   ფსიქიკაზე და ის უფრო მოწყვლადი ხდება, ზოგჯერ კი – ძალადობასთან შემგუებელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანი ძალადობის ნორმად აღქმას იწყებს, ან მას ისეთ ტრაგედიად არ აღიქვამს, როგორც ის ადამიანები, ვისაც არ აქვს ძალადობრივ გარემოში  ცხოვრების გამოცდილება. ამიტომ, ხშირია შემთხვევები, რომ მოძალადის მიმართ არსებული სიბრალულის თუ შემორჩენილი სხვა გრძნობების გამო, მსხვერპლი არ თანხმდება  პოლიციასთან ურთიერთობას, რაც ჩემთვის  ყველაზე დიდი  პრობლემაა ხოლმე, რადგან  პრაქტიკაში მიღებული გამოცდილებდან ვიცი, რომ ძალადობა განმეორდება, მოძალადე არ  გამოსწორდება, თუ პასუხს არ აგებს ჩადენილი ძალადობისთვის, პირიქით, გაუმძაფრდება დაუსჯელობის განცდა და მისთვის ხელის  დაფარებით, მსხვერპლი ფაქტობრივად საკუთარ თავს იგდებს საფრთხეში. ასეთ დროს, ვცდილობ, მსხვერპლი ფსიქოთერაპიაზე დავითანხმო, რათა სპეციალისტი მას რეალობის გააზრებაში დაეხმაროს.

საფარის თანამშრომლები ხშირად დავიჩივლებთ ხოლმე, რომ ძალადობის ამდენ მსხვერპლთან მუშაობის შედეგად ფსიქოემოციური „გადაწვა“ გვჭირს. აქედან გამომდინარეობს წმინდა ადამიანური კითხვა: როგორ უმკლავდები ამდენი საზარელი ისტორიის მოსმენის და მასში ჩართვის სტრესს?

პირველ რიგში, ისევ ამ ადამიანებით. როცა ვხედავ, რომ მათი ამბავი უკეთესობისკენ იცვლება, მათი ცხოვრება იცვლება, ეს მეხმარება, რომ ეს ისტორიები წარსულში დავტოვო და ისე ვუყურო, როგორც ცუდ, მაგრამ უკვე დასრულებულ ამბავს. სტრესთან გამკლავების სხვა მეთოდებიიც მაქვს – ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, ხატვა, ქსოვა, მცენარეების მოვლა, კითხვა, ბუნებაში ლაშქრობა. ყველას ვერ ჩამოვთვლი, დიდი არსენალია.

როგორ ჩანდა ორგანიზაცია საფარი გარედან და როგორია იგი სინამდვილეში?

როგორც ზემოთ ვთქვი, საფარში პანდემიის დროს მოვედი. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველა საკუთარი თავის გაფრთხილებას ცდილობს. სხვადასხვა სექტორში მომუშავე ორგანიზაციების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს. საფარის ყველა იურისტი მსხვერპლების გვერდით იყო მთელი ეს პერიოდიც, პოლიციის განყოფილებებში, პროკურატურაში, სასამართლოებში ყოველდღიურად, და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის, როდესაც ვიცი, იმ ორგანიზაციაში, სადაც  ვმუშაობ, ქალების უფლებების დაცვა და ფემინიზმი მხოლოდ სიტყვები კი არ არის, არამედ – ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომაა. საფარის არც ერთ თანამშრომელს არ უთქვამს ჩემთვის, რომ ფემინისტია, მაგრამ ვხედავ მათ დამოკიდებულებას მსხვერპლებისადმი, საქმისადმი და ეს  ყველაფერს ამბობს ჩემთვის.

ესაუბრა შორენა გაბუნია