"საფარის" საქმეები / სიახლეები / ქალზე ძალადობა

ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერის უსაფუძველოდ გამოცემის მორიგი ფაქტი – გასაჩივრების შემდეგ ორდერი გაუქმდა

sapari

“საფარის” საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

ქალი ორგანიზაციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა მიმდინარე წლის 8 აპრილს მოხდა. პოლიციის გამოძახების შემდეგ, კაცი ადგილზე დააკავეს და მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა. მეორე დღეს, კაცს ოჯახში ძალადობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, დაკითხვის დროს კი მან განაცხადა, რომ თავად არის მსხვერპლი. ეს ვერსია ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ფიზიკური თავდასხმის დროს, თავის დაცვის მიზნით, ქალმა მას მხარზე უკბინა, რა დროსაც კაცმა დაზიანებები მიიღო.

სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს, 9 აპრილს, მეორე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ამჯერად უკვე დაზარალებული ქალის მიმართ. ფაქტობრივად, არსებობდა ორი, ერთმანეთის პარალელური შემაკავებელი ორდერი, თუმცა “საფარის” იურისტმა, ნელი ქარელმა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა. როგორც ქარელი განმარტავს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვინ იყო კონფლიქტისა ინიციატორი კონკრეტულ სიტუაციაში. იურისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავის დაცვა, არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად.

“შემაკავებელი ორდერის არსებობა-არარსებობის საკითხის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვინ არის კონფლიქტის და ძალადობის ინიციატორი, შესაბამისად, ვისგან თავის დასაცავად უნდა ყოფილიყო ორდერი გამოცემული. ამ შემთხვევაში, თუ ქალმა უკბინა თავდაცვის მიზნით, ეს არ ამართლებდა იმას, რომ შემაკავებელი ორდერი გარჩენილიყო ძალაში, რადგან თავდაცვის უფლება უნდა შევინარჩუნოთ. ამ შემაკავებელი ორდერის გაუქმებით, ფაქტობრივად, ხაზგასმით აღინიშნა, ვინ არის მოძალადე”, – განაცხადა ნელი ქარელმა.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება შემაკავებელი ორდერი, რომელიც ოჯახში ძალადობაში ბრალებული კაცის მიმართ შემთხვევის დღესვე, 8 აპრილს გამოიცა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით თავდაპირველად მას პატუმრობაც შეუფარდა, თუმცა შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში ქალი მუდმივად იყო კაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. გამოძიების პროცესში, გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის ორი ფაქტიც. “საფარი” აგრძელებს ქალის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის მიმართულებით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაზარალებული ქალის მიმართ პოლიცია უსაფუძვლოდ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. მაგალითად, იგივე მოხდა 14 აპრილს, მარნეულში. “საფარმა” ამ შემთხვევაშიც გაასაჩივრა ორდერის გამოცემა და 28 აპრილს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ იგი გააუქმა.