სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

ჰარვი ვაინშტაინი 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

ჰარვი ვაინშტაინს თავს მორიგი სკანდალი დაატყდა – იგი 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. The New York Times-ის მონაცემებით, ინციდენტი 2002 წელს მოხდა. მოდელი კაია სოკოლა (Kaja Sokola) მშობლიური პოლონეთიდან ჰოლივუდში გადავიდა, რათა მსახიობი გამხდარიყო. იგი ვაინშტაინს ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდა. პროდიუსერმა კაია სადილზე დაპატიჟა, მაგრამ, იგი საბოლოოდ თავის ნიუ-იორკის სახლში მიიყვანა. ქალის თქმით, ვაინშტაინი უმტკიცებდა, რომ მას გადასაღებ მოედანზე ადვილად გახდა უნდა შეძლებოდა, როცა საჭირო გახდებოდა, და ამიტომაც, გოგონას ამაში “გავარჯიშება” დაუყოვნებლივ გადაწყვიტა. კაცი გოგონას საზიზღრად გადაეკიდა, ბოლოს კი გააუპატიურა. გარდა ამისა, სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ვაინშტაინი არც ამის შემდეგ დაშოშმინდა და გოგონას ყველა შესაძლო ხერხით აკავებდა, რომ არ გაქცეულიყო. პროდიუსერმა შესანიშნავად იცოდა, რომ კაია არასრულწლოვანი იყო.

სოკოლას თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ იგი დანაშაულის გრძნობას განიცდიდა და ანორექსიისა და დეპრესიის კლანჭებში მოექცა. ამ ვითარებაშიც კი, მას ვაინშტაინი მუდმივად უკავშირდებოდა და აფრთხილებდა, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მას მსახიობის კარიერის გაკეთებაში დაეხმარებოდა.

ამა წლის 19 დეკემბერს, სოკოლამ ვაინშტაინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელში საუბარია ასევე ბობ ვაინშტაინზე, კომპანიებზე Miramax-სა და Disney-ზე, რომლებმაც თავის დროზე სრულიად დააიგნორეს მისი განაცხადი სექსუალური ძალადობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა,სოკოლა პროდიუსერის წინააღმდეგ 2018 წელს შეტანილ კოლექტიურ სარჩელშიც მონაწილეობდა, ჯეინ დოუს სახელით. მაშინ, ადვოკატებმა მის ბრალდებებს სიცრუე უწოდეს. დღეს, კომპანიებისა და ძმები ვაინშტაინების წარმომადგენლები ახალ სარჩელზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

სოკოლამ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც უარი თქვა 25$ მილიონიან წინასწარ შეთავაზებაზე, რომელსაც ვაინშტაინის ბრალდების აღიარების ნაცვლად, დაზარალებულებისთვის უნდა გადაეხადათ. ქალმა სარჩელის მომზადება ნიუ-იორკში მოქმედი, ე. წ. ბავშვი მსხვერპლების კანონის, მეშვეობით შეძლო, – იგი საშუალებას იძლევა, აღიძრას საქმე მაშინაც კი, თუ ადამიანი მომხდარიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ ჩივის. ადრე, სექსუალური ძალადობისგან დაზარალებულებს სარჩელის შეტანა მხოლოდ 23 წლის ასაკამდე შეეძლოთ. კაია დღეს 33 წლისაა. თუმცა, The New York Times-ის მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატის კანონების თანახმად, ინციდენტის ხანდაზმულობის გამო, ვაინშტაინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დავის წამოწყება მაინც შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის 6 იანვარს, დაგეგმილია სასამართლო სხდომა პროდიუსერის მიერ ორი გოგონას გაუპატიურებასთან დაკავშირებით – შემთხვევები მოხდა 2006 და 2013 წლებში. საერთო ჯამში, ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ათობით ქალმა დაადანაშაულა – სხვადასხვა მონაცემებით, მათი რიცხვი 50-დან 80 ადამიანამდე მერყეობს.

nytimes.com