ადრეული ქორწინება

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა (International Day of the Girl Child). ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იმის აღსანიშნავად დააწესა, რომ დღეს გოგონები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და რთული პრობლემების წინაშე დგანან.

გოგონების დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა და ბევრ ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემას – ადრეულ ქორწინებას მიეძღვნა. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში 20-დან 24 წლამდე თითქმის ყოველი მესამე ქალი 18 წლამდე გათხოვდა. მათი მესამედი ოჯახის უღელში 15 წლამდე ასაკში აღმოჩნდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია განვითარებად ქვეყნებში: 15-19 წლის მოზარდების მიერ გაჩენილი ბავშვების 90%-ს უკვე ქორწინებაში მყოფი დედა ჰყავს. ამავდროულად, ადრეული ქორწინება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა და ნეგატიურად მოქმედებს გოგონების ცხოვრების ყველა ასპექტზე. ადრეული ქორწინება გოგონას ბავშვობას ართმევს. მას სწავლის შეწყვეტას აიძულებენ. ამგვარი გოგონების საზოგადოებაში თვითრეალიზაციის შესაძლებლობები შეზღუდულია მაშინ, როდესაც მის მიმართ ძალადობისა და შევიწროების საშიშროება რამდენჯერმე იზრდება. ადრეული ქორწინება გოგონების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან ადრეული ორსულობისთვის მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მზად. ამიტომაც, გოგონათა პირველ მსოფლიო დღეს, 2012 წლის 11 ოქტომბერს, გაერომ მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება კიდევ ერთხელ შეაჩერა ადრეული ქორწინების პრობლემაზე. ამ დღის ფარგლებში, მსოფლიო საზოგადოებრიობას, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კვლავ და კვლავ განუცხადეს, რომ ადრეული ქორწინების დამღუპველ პრაქტიკასთან შეურიგებელი ბრძოლაა საჭირო. ამისათვის, გაერომ სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე ქორწინების მინიმალური ასაკის დამწესებელი კანონების მიღების, ხარისხიან დაწყებით და საშუალო განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის, უკვე დაქორწინებული ახალგაზრდა ქალების დახმარების რეკომენდაციები გასცა.

2013 წელს, 11 ოქტომბერი „გოგონების განათლებისადმი ნოვატორულ მიდგომას“ მიეძღვნა. ეს თემა თანამედროვე საზოგადოებაში ასევე აქტუალურია. უკანასკნელ წლებში ამ კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო, ბევრი გოგონა ამ ძირითად უფლებას კვლავინდებურად მოკლებულია. ეს მიზეზები შესაძლოა ბევრ რამეს უკავშირდებოდეს: ოჯახის ფინანსური სიძნელეებს, ზოგიერთ ქვეყანაში განათლების დაბალ ხარისხს, საშინაო საქმეების კეთების ვალდებულებას და სხვ.

2014 წელს, მოზარდი ასაკის გოგონების შესაძლებლობებისა და უფლებების გაფართოება-ინვესტირების ნიშნად, აგრეთვე მათ მიმართ არსებული ძალადობის სხვადასხვა ფორმების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, დღის თემად  „მოზარდი გოგონების შესაძლებლობების გაფართოება: ძალადობის ციკლის აღკვეთა“ იქცა. გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მოზარდი გოგონების მდგომარეობის ამსახველი სურათის წარმოდგენით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ჩარჩოებს გაცდენა. მოსახლეობის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ჯგუფი მხარდაჭერასა და ინვესტირებას საჭიროებს.

2015 წლის 11 ოქტომბრის თემად გაერომ „ინვესტირება დღეს, რათა წვლილი შევიტანოთ ჩვენი ხვალინდელი მსოფლიოს განვითარებაში“ დაასახელა. ეს საკითხი წინა წელს დასახული ამოცანების გაგრძელება იყო – მოზარდი გოგონების შესაძლებლობებისა და უფლებების ინვესტირების მნიშვნელოვნება. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინვესტირება აუცილებელია იმ მანკიერი წრის გასარღვევად, რომლის პირობებშიც ერთი თაობა მეორისგან მემკვიდრეობით სიღარიბეს, ძალადობას, სოციალურ იზოლაციასა და დისკრიმინაციას იღებს. ასევე, ეს განვითარების სფეროში სამართლიან და მყარ შედეგებს მოგვცემს. მოზარდ გოგონებს უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება აქვთ არა მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩამოყალიბების პერიოდში, არამედ უფროს ასაკშიც. მოზარდობისას ეფექტური მხარდაჭერის დროს, გოგონებს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

დღეს მსოფლიოში 1,1 მილიარდი გოგონა ცხოვრობს. მათ განათლებისა და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დისკრიმინაციასა და შევიწროებას განიცდიან. ამიტომ, შესაბამისი სტრატეგიებისა და პრობლემების შესამუშავებლად, საჭიროა იმ ინფორმაციის შეგროვება, რომელიც გოგონათა პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენს. გოგონათა დღის წლევანდელი თემა შემდეგნაირად ჟღერს: „გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება მიზნის მიღწევაში პროგრესს ნიშნავს: რა არის მნიშვნელოვანი გოგონებისთვის“. აუცილებელია ეფექტური ზომების მიღება, რომელიც სტატისტიკური მონაცემების გამოყენებისას, გოგონების მხარდაჭერის საკითხში შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვაში დაგვეხმარება: ჯანდაცვის, პირადი უსაფრთხოების, განათლებისა და უფლებების დაცვის სფეროებში პროექტების დაფინანსება მშვიდობიანობის დროს თუ კონფლიქტების პირობებში.