სტატიები

110 წელი ფრიდა კალოს დაბადებიდან

ხელოვნების ისტორიაში ძნელად თუ მოიპოვება ისეთი ეპატაჟური ქალი მხატვარი, როგორიც ფრიდა კალოა (Frida Kahlo). მექსიკური სიურეალიზმის შემოქმედი, ფემინისტი მხატვარი მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში, 1907 წლის 6 ივლისს დაიბადა. ფრიდას მამა გერმანელი ებრაელი იყო, დედის ძარღვებში კი მექსიკელი ინდიელების სისხლი ჩქეფდა.

6 წლის ასაკში, გოგონას პოლიომიელიტი დაემართა და ხერხემალი დაუზიანდა. მისი მარჯვენა ფეხი მარცხენაზე რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე იყო, რის გამოც თანატოლები „ხისფეხას“ უწოდებდნენ.

ასეთ ადრეულ ასაკში თავს დატეხილმა სირთულეებმა ფრიდას ხასიათი გამოაწრთო და ბრძოლისუნარიანი გახადა. ყველას გასაკვირად, იგი ადვილად ერეოდა ტკივილს, ბიჭებთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობდა და ცურვასა და კრივში ვარჯიშსაც არ იკლებდა.

15 წლის ასაკში, მან ერთ-ერთ საუკეთესო მოსამზადებელ სკოლაში იწყო სიარული, სადაც მედიცინის შესწავლას გეგმავდა. ფრიდამ აქ სწრაფად მოიპოვა ავტორიტეტი და რამდენიმე სხვა მოსწავლესთან ერთად ჯგუფი „კაჩუჩას“ შექმნა. ამ დროისთვის, იგი უკვე ხატავდა, თუმცა, საკუთარ ფერწერას სერიოზულად არ ეკიდებოდა.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1923 წელს მან მხატვარი დიეგო რივერა გაიცნო.

ფრიდა ყურებამდე იყო შეყვარებული დიეგოზე, მისი ყურადღების მიქცევას ყველანაირად ცდილობდა. ყველას ეუბნებოდა, რომ აუცილებლად რივერას ცოლი გახდებოდა. საბოლოოდ, ფრიდას სურვილი ახდა, თუმცა მას მანამდე ნამდვილი ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწია.

1925 წელს, ფრიდა საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. ავტობუსი, რომლითაც იგი მგზავრობდა, ტრამვაის შეეჯახა. ლითონის ელექტროგადამცემი ხაზი გოგონას ისე შეერჭო, რომ საშვილოსნო და თეძოს ძვალი დაუზიანა. ფრიდას ხერხემალი სამ ადგილას ჰქონდა გადატეხილი, მარჯვენა ფეხი და ნეკნები – დალეწილი. ექიმები შემაძრწუნებლად ასავსავებდნენ ხელებს. თუმცა, ოცდაათზე მეტი ოპერაცია გადაიტანა და მაინც გადარჩა. მთელი წლის მანძილზე საწოლს იყო მიჯაჭვული. თანდათანობით ფეხზე კი დადგა, მაგრამ მისი რეპროდუქციული სისტემა საბოლოოდ განადგურდა.

ამ რთულ პერიოდში, დიეგო რივერა ფრიდას გვერდით იყო. იგი მას ამხნევებდა, როგორც შეეძლო. სწორედ დიეგოს წყალობთ შეძლო ფრიდამ ამ კოშმარული პერიოდის გადალახვა. გარდა ამისა, მას დიეგო სამხატვრო უნარების განვითარებაში დაეხმარა.

კალოსა და რივერას თავბრუდამხვევი რომანი ქორწილით დასრულდა. 1929 წელს, ისინი ცოლ-ქმარი გახდნენ. ფრიდა მაშინ 22 წლის იყო, დიეგო კი – 32-ის. მათ მხოლოდ ფერწერა კი არა, კომუნისტური იდეალებიც აერთიანებდათ. ქორწილის შემდეგ, წყვილი „ცისფერ სახლში“ გადავიდა, მეხიკოს მდიდრულ რაიონში. ორი ექსტრაორდინალური პიროვნების ბობოქარი ცხოვრება ლეგენდად იქცა. დიეგო ცოლს ხშირად ღალატობდა, მათ შორის საკუთარ დასთანაც კი. ფრიდა ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში ორი ავარია მოხდა: ერთი საავტომობილო, მეორე კი – დიეგო.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, დიეგო რივერა სამუშაოდ აშშ-ში მიიწვიეს. წყვილმა რამდენიმე წელი ამერიკაში გაატარა, რამაც მათი კომუნისტური პარტიიდან გარიცხვა გამოიწვია. სოლიდარობის ნიშნად, პარტია ფრიდამაც დატოვა, თუმცა მოგვიანებით, 1933 წელს, მას კვლავ დაუბრუნდა. საზღვარგარეთ ცხოვრებამ მას საზოგადოებრივი წყობის უსამართლობის უკეთ დანახვისა და ეროვნული კულტურის მნიშვნელოვნების გააზრების საშუალება მისცა. ფრიდამ ხელოვნების ძველი ნიმუშების შეგროვება იწყო, მან კიდევ უფრო დააფასა საკუთარი, ეროვნული კულტურა. ამის ხაზგასასმელად, იგი ეთნიკურ კოსტიუმში გამოეწყო. ამ ყველაფერმა მის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა.

1937 წელს, კალოს ცხოვრებაში საბჭოთა რევოლუციონერი ლევ ტროცკი გამოჩნდა. სამშობლოდან გადმოხვეწილმა ტროცკიმ თავშესაფარი მეხიკოში, დიეგოსა და ფრიდას სახლში ჰპოვა. ტროცკისა და კალოს ურთიერთობებზე უამრავი ლეგენდა არსებობს, თუმცა მათი დამაჯერებლობა საეჭვოა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, საბჭოთა რევოლუციის შემოქმედს გონების დაკარგვამდე შეუყვარდა ტემპერამენტიანი მექსიკელი, სოციალისტური იდეებით მოხიბლულმა ფრიდამ კი მის გრძნობებს ხელი არ კრა. თუმცა, როგორც ცნობილია, მათი რომანი ძირისძირობაშივე აღკვეთა ტროცკის ეჭვიანმა ცოლმა. სულ მალე, ტროცკიმ „ცისფერი სახლი“ დატოვა. ფრიდას სასიყვარულო გატაცებების ხსენებისას, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ იგი ღია ბისექსუალი იყო – მას ძალიან მოსწონდა ქალებთან ურთიერთობა. რივერას ძალიან აღიზიანებდა ის, რომ ცოლი ხან ქალებთან ღალატობდა და ხანაც – კაცებთან, და 1939 წელს მან ფრიდას გაყრა სთხოვა. თუმცა, ერთი წელიც არ გასულა, რომ მათ ისევ იქორწინეს, ამჯერად ფრიდას მიერ წამოყენებული პირობების თანახმად. ამ პირობებს შორის იყო მეუღლეებს შორის სექსუალური ურთიერთობების სრული არარსებობა. დიეგო დათანხმდა.

1939 წელს, კალოს ნამუშევრები პირველად გავიდა ევროპაში: მისი რამდენიმე ტილო პარიზში, მექსიკური ხელოვნების გამოფენის ფარგლებში წარმოადგინეს. ნამუშევრებმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია, ერთ-ერთი მათგანი ლუვრმაც კი შეიძინა. იმ პერიოდისთვის, ფრიდას ჯანმრთელობის პრობლემები გაურთულდა. მისი სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა ტკივილის გაყუჩების მიზნით მიღებულმა ნარკოტიკულმა ნივთიერებებმა. თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ტკივილთან გამკლავება მისი დახმარებითაც შეუძლებელი გახდა.

1950 წელს ფრიდას ხერხემალზე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში კიდევ წელიწადი გაატარა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე აღარ შეეძლო, რის გამოც, იძულებული გახდა, ეტლი გამოეყენებინა. სულ მალე, მან მარჯვენა ფეხიც დაკარგა.

1953 წელს, მექსიკაში ფრიდა კალოს დიდი პერსონალური გამოფენა მოეწყო. გალერეაში იგი პირდაპირ საავადმყოფოდან მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ კალოს მდგომარეობა უმძიმესი იყო, მან საკუთარ თავში სიმღერისა და მხიარულების ძალები იპოვა. იგი იმ პერიოდის არც ერთ ავტოპორტრეტში არ იცინის: მოღუშული, მკაცრი მზერა აქვს, მკვეთრად მოკუმული ტუჩებით.

1054 წლის 13 ივლისს, ფრიდა კალო ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ ფრიდას სიკვდილი ნარკოტიკების ჭარბმა დოზამ გამოიწვია. ფრიდასთან გამოთხოვების ცერემონიაში მექსიკის პრეზიდენტი, ლასარო კარდენასიც მონაწილეობდა.

ფრიდა კალოს შემოქმედება ავტორის თავისთავადი, უდრეკი ხასიათისა და მისი დრამატული ცხოვრების სარკეა. მის ავტოპორტრეტებში ჟღერს ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილისგან, ქმრის ღალატისგან, ნანატრი ორსულობების მოშლისგან გამოწვეული ტრაგიკული ნოტები, რომელიც სიკვდილის მუდმივი სიახლოვის შეგრძნებას ახლავს თან. მიუხედავად ყველაფრისა, ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელსაც ისე უყვარდა სიცოცხლე, როგორც ფრიდას…