მთელი ბრაზილია შოკშია 16 წლის გოგონას გაუპატიურების გამო, რის შესახებაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოძალადეებმა ტვიტერზე თავიანთი დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს. ამჟამად, პოლიცია რიო დე ჟანეიროს 33 მოსახლეს ეძებს, რომლებიც ჯგუფურ გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი.
სოციალურ ქსელებში ბრაზილიურ საზოგადოებაში აგრერიგად ფესვგადგმული „გაუპატიურების კულტურის“ წინააღმდეგ მთელი კამპანია აგორდა. მას ქვეყნის დროებით ქვეყნის მმართველობას ჩამოცილებული, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დილმა რუსეფიც (Dilma Rousseff) შეუერთდა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა (Michel Temer) ინციდენტთან დაკავშირებით უსაფრთხოების მინისტრთა საგანგებო სხდომა დანიშნა.
გაუპატიურების ამსახველი ვიდეოს თანხლებით გაჟღერებული ქალთმოძულე კომენტარების საპასუხოდ, საზოგადოებაში პოპულარული გახდა ჰეშთეგი #EstuproNaoÉCulpaDaVitima (გაუპატიურებაში დამნაშავე მსხვერპლი არაა!). პარასკევს ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა სექსუალური ძალადობის მიმართ საკუთარი შეურიგებელი პროტესტი გამოეხატა.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს ბარბაროსული დანაშაულია, და რომ სიტუაციის სერიოზულობიდან გამომდინარე, მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს; აქ სარკესავით ჩანს ის კონსერვატიზმი, რომელიც ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში დღემდე არსებობს“, – ამბობს ბრაზილიელი უფლებადამცველი არლანზა რებელო (Arlanza Rebello).
ბრაზილიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორუმის მონაცემებით, 2014 წელს პოლიციაში გაუპატიურებასთან დაკავშირებით 48 ათასამდე განცხადებაა შესული, და ეს მონაცემები ოდნავადაც ვერ ასახავს ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ რეალურ სურათს; როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პოლიციას ბრაზილიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ 35% მიმართავს.