რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვან გოგონას დმანისის მუნიციპალიტეტში იძულებით ათხოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა, მშობლები, და ოჯახი უფროსები მას არ უსმენდნენ. მათ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდათ – გოგოს დამორჩილება. უკვე ორი თვეა, რაც მოზარდი ამ მოცემულობის წინაშე იდგა და ოჯახს, მამას ებრძოდა, რომ უცნობ კაცზე არ დაენიშნათ.
„მამაჩემი არსად მიშვებდა, სკოლის ექსკურსიებზეც კი. ამ ბოლო დროს, როდესაც წიგნებთან მხედავდნენ, სულ მეჩხუბებოდნენ, მაფრთხილებდნენ, რომ განათლებას არ მივიღებდი. ცოტა ხნის წინ დედამ ტელეფონი მაჩუქა. მართალი რომ გითხრათ, ვერც მივხდი, რა ხდებოდა. თურმე, ოჯახმა ტელეფონი იმიტომ მაჩუქა, რომ უცნობ კაცს გავცნობოდი“, – ამბობს მოზარდი.
გოგონამ კანონებისა და მისთვის არსებული დახმარების საშუალებების შესახებ მეგობრისგან შეიტყო, რომელსაც საფარის რეგიონულ ტრეინინგებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
გოგონას თქმით, თავისი პრობლემის შესახებ მან პირველად მასწავლებელს უამბო. ეს უკანასკნელი დაპირდა, რომ შესაბამის უწყებებს მიმართავდა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პოლიცია შემთხვევის ადგილას არაუადრეს 2 დღეში მივიდოდა. გოგონამ კარგად იცოდა, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. მან „ფანჯარას“ ჟურნალისტს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და დახმარება სთხოვა.
ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა შესაბამის უწყებებს მიმართა. იმავე დღეს, გოგონა უკვე თავშესაფარში გადაიყვანეს.
„როდესაც ჟურნალისტს ვესაუბრე, მხოლოდ ის ვთხოვე, რომ პოლიციის მოსვლის შემდეგ ოჯახში არ დავეტოვებინე, რადგან ვიცოდი, რომ მე იქ ცოცხალი არ გადავრჩებოდი. დღეს თავშესაფარში ვარ, ძალიან მხნედ ვგრძნობ თავს. ჩემს სოფელში ბევრი გოგო გახდა იძულებითი ქორწინების მსხვერპლი და ვერავინ შეეწინააღმდეგა, რადგან ეშინოდათ. მე მინდოდა, გადავრჩენილიყავი და სხვებისთვის მაგალითი ვყოფილიყავი“, – ამბობს გოგონა.
საფარის პროექტის „ადრეული ქორწინების აღმოფხვრა ქვემო ქართლსა და კახეთში“ ფარგლებში, ტრეინინგები რეგიონის სოფლის სკოლებში ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა. ტრეინინგებს ასობით მოსწავლე და მშობელი ესწრებოდა. დღეს პროექტი პლატფორმა „ფანჯარას“ სახით გრძელდება. პროექტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის წყალობით, რეგიონში უკვე რამდენიმე გოგო გადარჩა იძულებით ადრეულ ქორწინებას, რაც დიდი იმედი გახდა სხვა გოგონებისთვის რეგიონში.
პროექტი “ფანჯარა”, ისევე, როგორც მოცემულ რეგიონებში ზემოთხსენებული პროექტების განხორციელება, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი.
შალალა ამირჯანოვა