თბილისის საქალაქო სასამართლომ, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, გააუქმა შემაკავებელი ორდერი, რომელიც პოლიციამ ახალგაზრდა ქალს დედამთილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გამოუწერა. ქალი ამბობს, რომ იგი თავად იყო მუდმივი შეურაცხყოფის მსხვერპლი როგორც დედამთილის, ქმრის მხრიდან. ჩატარებული ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იგი დედამთილის ქმედებების გამო ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დედამთილს რძლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალი უკვე წარუდგინეს.
“დედამთილი მას სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ეუბნებოდა, რომ ის იყო ოჯახში უფროსი და თუ რძალთან სტუმარი მივიდოდა, მასთან უნდა შეეთანხმებინა; რას საჭმელს მოამზადებდა ყოველდღიურად, ესეც უნდა შეეთახმებინა; უვარდებოდა აბაზანაში, უთვალიერებდა სხეულს და მუდმივად აპელირებდა მის გარეგნობაზე, რომელიც არ მოსწონდა; არ უშვედა გარეთ; თანაცხოვრების პერიოდში ქალი მხოლოდ რამდენჯერმე იყო სილამაზის სალონში და იქაც დედამთილის ან ქმრის თანხლებით მიდიოდა”, – აცხადებს “საფარის” იურისტი, ნელი ქარელი.
ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებიდან სამ კვირაში ქალმა მოულოდნელად გაიგო, რომ დედამთილის შეურაცხყოფისთვის მის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული. მას დედამთილთან მიახლოება აეკრძალა, რის გამოც იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო. ქალი ამბობს, რომ დედამთილმა ეს ტყუილი მისი და მისი ქმრის დასაშორებლად მოიგონა. შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან მალევე, ის ჩვენ დაგვიკავშირდა. ორგანიზაციის იურისტმა, ნელი ქარელმა ორდერის გაუქმება მოითხოვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ნელი ქარელი სხდომის დეტალებს გვიყვება:
“მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა დისკი, სადაც ასახული იყო ქალის და მისი მეგობრის საუბარი მას შემდეგ, რაც ის დედამთილის სახლიდან წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ქალმა გაიგო, რომ ორსულად იყო, თუმცა ნერვიულობის ფონზე მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა. ცალსაცაა, რომ იგი რთულ ემოციურ მდგომარეობაში იყო და მეგობართან საუბრისას განალძღა როგორც დედამთილი, ისე ქმარი. მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი ამ ჩანაწერის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ქალი დედამთილს სიტყვიერ შეურაცხყოფას თანაცხოვრების პერიოდშიც აყენებდა. ეს მტკიცებულება სასამართლომ არ გაიზიარა. მე დავასაბუთე, რომ ეს საუბარი პოსტ-ფაქტუმ არის ჩაწერილი, ქალის აღელვების ფონზე და არ ადასტურებს იმას, რომ იგი დედამთილს თანაცოხვრების პერიოდში შეურაცხყოფდა”.
“საფარი” აგრძელებს ახალგაზრდა ქალის ინტერესების დაცვას. გამოძება დედამთილისა და ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართულებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროცესში გამოიკვეთა ქმრის მხირდან ქალზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდიც.