"საფარის" საქმეები / სიახლეები

საფარის საქმე: ადევნებაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

sapari

გაზაფხულზე, “საფარს” მომართა ე. კ.-მ, რომელმაც ორგანიზაციას ადევნების საქმეზე დახმარება სთხოვა.

ე. კ.-ს მთელი 10 წლის განმავლობაში ადევნებული ჰყავდა ერთი პიროვნება, თუმცა მსხვერპლმა მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიტყო, რომ ეს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ხედავდა, მას დასდევდა.

ამ კაცმა ყველაფერი იცოდა ე. კ.-ს შესახებ: მისი ოჯახური მსგომარეობა, საცხოვრებელი, სახელი, გვარი, ფბ პროფილი (მიუხედავად იმისა, რომ ე. კ. თავის სახელით და გვარით არ იყო დარეგისტრირებული ფეისბუკზე). მათ არც საერთო სანაცნობო ჰყოლიათ.

ბოლო პერიოდში, მოძალადე ძალიან გააქტიურდა და ე. კ.-სთან მესენჯერის მეშვეობით სასიყვარულო სახის შეტყობინებების მიწერას შეუდგა. ე. კ.-მ თავდაპირველად იფიქრა, რომ ვიღაცამ მისი პროფილის ფოტო ნახა და გაცნობა გადაწყვიტა, ამიტომ უპასუხოდ დატოვა ეს შეტყობინებები. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მან მოძალადის შეტყობინებები კვლავ მიიღო, მიხვდა, ვინც იყო ეს პიროვნება.

ამის შემდეგ, ე. კ. მოძალადის ადევნების სამიზნედ იქცა ფაქტობრივად ყველგან – მაღაზიაში შესვლისას, პარკში სეირნობისას, მის სადარბაზოსთან. ასეთი ადევნების ერთ-ერთ ფაქტზე, მოძალადემ აგრესიაც კი გამოხატა ე. კ.-ს მიმართ. მას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ადევნების სამიზნე უარს ეუბნებოდა, ვერ აეხსნა, თუ რატომ არ უნდოდა მსხვერპლს მასთან ურთიერთობა.

ე. კ. იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა, სადაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა, შემაკავებელმა ორდერმა მოძალადე ვერაფრით შეაჩერა. იგი კვლავინდებურად უთვალთვალებდა და უკან დაყვებოდა ე. კ.-ს.

მსხვერპლის მომართვისთანავე, “საფარმა” პოლიციისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, ადევნების ბრალდებით, რადგან ე. კ.-ს ნაამბობი სცილდებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებს და იყო სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. გამოძიება წარიმართა ადევნების ფაქტზე, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

საფარის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის დახმარებით, გამოძიებაში შეიკრიბა მტკიცებულებები და საქმე გადაიგზავნა სასამართლოში.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზე იყო ე. კ.-ს მიმართ ჩადენილი დანაშაული, რის გამოც გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ანდრიაშვილი, საფარის იურისტი: “მოცემული საქმე უდავოდ მნიშვნელოვანია, რადგან ადევნებაზე სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. მოგეხსენებათ, ეს ცვლილება, სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, 2017 წელს შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და მისი გამოყენების პრაქტიკა ქვეყანაში ჯერ კიდევ მწირია”.