სტატიები

11 მარტივი რამ, რისი გაკეთებაც კაცებს ფემინიზმისთვის შეუძლიათ

1. ნუ იქნები სხვის დასანახად აქტივისტი და ფარულად სექსისტი

მაშ ასე: როგორც ჩანს, წაკითხული გაქვს ვირჟინი დეპანტის (Virginie Despentes) “კინგ-კონგ თეორია“ (King Kong Theory), დიდი ალბათობით, ფემინიზმის შესახებ ფეისბუქ სტატუსების მთელი წყებაც გადაიკითხე და უკვე ეჭვიც არ გეპარება, რომ ფემინიზმი შენი საქმეა. მოიცადე. აბა, შეხედე გვერდიდან საკუთარ თავს. პირველ რიგში, მოდი, გაიხსენე, იყოფ თუ არა სახლის საქმეებს პარტნიორთან. შენს სარეცხს ჯერ კიდევ დედა ხომ არ რეცხავს, იმის გამო, რომ „იგი ამას მუდამ აკეთებდა“? თუ ძმა ხარ რა! შვილი გყავს? მშვენიერია. მაშინ ბავშვის მოვლის ნახევარი შენს თავზე უნდა აიღო – ფემინისტობის შესამოწმებლად ესეც კარგად გამოდგება.

თუ ქალი განრისხებულია, ფიქრობ, რომ “მას ციკლი აქვს” ან “ჟიმაობა უნდა”? დაუბრუნდი საწყის წერტილს! სახლს სახურავიდან არ აშენებენ. ჯერ საძირკველია ჩასაყრელი. არაფერი არაა ქუჩაში აქტივისტობასა და ფარულ სექსისტობაზე უარესი.

2. ისმინე

სექსიზმის ერთ-ერთი ნიშანი ქალების კულტურულად გაჩუმება და კაცებისთვის ხანგრძლივი ლაპარაკის საშუალების მიცემაა. ფემინიზმის მხარდასაჭერად გადადგმული პირველი ნაბიჯი იმის მოსმენაა, რასაც ქალები ლაპარაკობენ თავიანთი ჩაგვრის შესახებ. ასე რომ, ისმინე!

3. გაჩუმდი

ონკოლოგთან კიბოს მკურნალობის შესახებ საკუთარი აზრების გამოთქმა გიცდია? დაახლოებით ასე გამოიყურება, როდესაც „ეშმაკის ადვოკატის“ როლს თამაშობ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ოდნავადაც კი არ გეხება. თუ შეიძლება, ყოველ ხუთ წამში ნუ გვაწყვეტინებ და გვახსენებ, რომ „სხვა კაცებს არ ჰგავხარ“. კი ბატონო, გავიგეთ, რომ სხვების მსგავსად იდიოტი არ ხარ, მაგრამ თუ მართლა ასეა, მაშინ შენ უფრო მეტად უნდა გესმოდეს, რა აზრის ვართ იმ კაცების შესახებ, ვინც ლაპარაკში გვეჩრებიან… და თუ ეს ასე არაა, რამდენიც არ უნდა ამტკიცო საწინააღმდეგო, სხვა კაცებისგან დიდად არ განსხვავდები.

4. დაელაპარაკე მეგობრებს

გასაგებია: შენ უკვე ბევრი ქალის ხმა მოისმინე, მიხვდი, რაც ხდება და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. ახლა უკვე საკუთარი აზრიც კი ჩამოგიყალიბდა, ალტერნატივებს სთავაზობ, რა უნდა თქვან ან გააკეთონ ქალებმა კონკრეტულ სიტუაციებში. არა. არაა ეს სწორი. ახლა ფაქტობრივად შავი სამუშაოს შესრულების დრო დადგა: შეეწინააღმდეგე შენს კოლეგებს! მაგალითად, მას, ვინც შიშველი გოგოების ფოტოებს გიგზავნის ჯგუფურ ჩათში, ვინც 34 ზომის იქით ქალებს „გასიებულს“ უწოდებს, ვინც ქალს აიძულებს, ბარში თავი უხერხულად იგრძნოს მაშინ, როდესაც მეგობრების წრეში ერთობა, ან ქალების დამამცირებელ თითქოს „უწყინარ“ ხუმრობებზე გიჟდება. დიახაც, დაუპირისპირდი მათ.

5. შენი პრივილეგია სწორი საქმისთვის გამოიყენე

სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, როდესაც ქალი სექსისტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს (მაგალითად იმაზე, რომ დედაშენი ყველა საოჯახო კერძს ამზადებს), ამას გადაჭარბებად და უხეშობად მიიჩნევ. რა იქნებოდა, შენი პრივილეგია რაღაც უფრო პოზიტიურისთვის გამოგეყენებინა, მაგალითად, სხვა ადამიანების მხრიდან სექსისტური დამოკიდებულებების დროს ქალისთვის დაგეჭირა მხარი?

6. მორჩი ქალების გაკიცხვას

ყოველ ჯერზე, როდესაც კონკრეტული ქალის მიმართ მყარი წარმოდგენა გიყალიბდება, საკუთარ თავს ჰკითხე, შენი აზრი სექსისტურ იდეებს ხომ არ ემყარება, რომელიც ძვალ-რბილში გაქვს გამჯდარი? ზოგადად, ნუ გააკეთებ კომენტარს ქალის გარეგნობაზე, მაშინაც კი, როდესაც ეს კომენტარი დადებითია: ქალები საკუთარი სხეულის მიმართ დიდ სოციალურ წნეხს განიცდიან. როდესაც ისინი ამ წნეხისგან გათავისუფლებას ცდილობენ, ძალიან დიდ წინაღობასა და კრიტიკას აწყდებიან: თუ ქალს ბავშვების ყოლა არ სურს, იგი ეგოისტი და უსულგულოა, თუ ურთიერთობები სურს – ძველმოდური, ხოლო თუ უბრალოდ სექსი – ბოზი. ნუ გაამყარებ ამ სისტემას.

7. როცა ქალი თავის მოსაზრებას გამოთქვამს, თავს არაკომფორტულად გრძნობ. ეცადე, გაიგო, რატომ ხდება ეს, ნაცვლად იმისა, რომ დაამცირო იგი

ჩვენ ყველას გვაქვს სექსისტური დამოკიდებულებები. ეს უბრალოდ ჩვენი განათლებისა და იმ საზოგადოების პროდუქტია, რომელშიც გავიზარდეთ. საკუთარი თავის ამგვარ დამოკიდებულებებში გამოცდა ფემინიზმის მუდმივ ამოცანას წარმოადგენს. შეიძლება ეს ძალიან რთულად გეჩვენება, მაგრამ არა უშავს: ეს სწავლის პროცესია.

8. ნუ უგულებელყოფ ქალთა პრობლემებს და ნუ იტყვი, რომ იგი გაზვიადებულია

რამდენიც უნდა ეცადო, რომ თავი ქალების ადგილას წარმოიდგინო, მაინც ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს ქალის ყოველდღიურობა. ამის გამო, ნუ დააკნინებ მის პრობლემებს: თუ ქალი სექსუალური შევიწროების საკითხზე წუხს, ნუ ეტყვი, რომ „ეს უბრალოდ კომპლიმენტია და სხვა არაფერი“. შენთვის ეს პრობლემა გამონაკლისია, ქალებისთვის კი – ნორმა.

9. მიხედე შენს მასკულინობას და იმ პრობლემებს, რომლებიც მასკულინობის მომწამლავ სოციალურ მოდელს სდევს თან

ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში, რომელიც კაცებს აიძულებს, იყვნენ ძლიერები და მამაცები. ამის გამო ვფიქრობთ, რომ მგრძნობიარე კაცი სუსტია. მართალი რომ ვთქვა, მე უფრო მეტად ქალების მკვლელობები, სექსისტური ძალადობა, გაუპატიურება, სახელფასო ანაზღაურების ასიმეტრია, აბორტების საკითხი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიერ გამოწვეული პრობლემები და სექსუალური შევიწროება მადარდებს. საზოგადოებაში მასკულინობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვრევა შენი საქმეა და არა ჩემი.

10. გამოდი შენი სივრციდან და მიხვდი, რომ სამყაროს ცენტრი არ ხარ

ჩვენი, ქალების ხმა ნაკლებად ისმის, ვიდრე – კაცების. თუ „სასურველი ობიექტი“ არ ვარ, როგორც წესი, უხილავი ვრჩები. ფემინიზმი თანასწორობას ესწრაფვის, რადგან ჩვენ უთანასწორო სამყაროში ვცხოვრობთ. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, თუ ამას ჯერჯერობით ვერ მიმხვდარხარ: ნამდვილი თანასწორი საზოგადოების მისაღწევად, ძალაუფლების მფლობელმა ჯგუფმა თავისი ძალაუფლება მის არმქონე ჯგუფს უნდა გადაუნაწილოს. თითქოს მარტივია, მაგრამ ყველაზე რთული რამაა. პრივილეგიების დაკარგვა არავის მოსწონს. აი, რატომ უნდა გადაუნაწილოთ ქალს სივრცე და პატივი სცეთ ამ სივრცეს.

11. გახსოვდეს: შენი ფემინისტი მეგობარი Google არ არის

რა თქმა უნდა, შეგიძლია, ფემინისტური საკითხების შესახებ შენს ფემინისტ მეგობართან ისაუბრო. ეს საუბრის საინტერესო თემაა, მაგრამ, სწორად გამიგე, ყველაფერზე მისი შეწუხება შეუძლებელია. თუ გაინტერესებს, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა ან ინფორმაცია ფემინისტური ტალღების შესახებ, უბრალოდ დაგუგლე.

სულ ეს იყო. წარმატებებს გისურვებ!

წყარო: buzzfeed.com