სექსუალური შევიწროება

მინი დრაივერი და ალისა მილანო მეთ დეიმონს პასუხობენ

რამდენიმე დღის წინ, ჰოლივუდელმა მსახიობმა მეთ დეიმონმა ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ კომენტარი გააკეთა. „შესანიშნავია, რომ ქალებმა ამ საკითხზე ხმა აღიმაღლეს, მაგრამ მართლა მჯერა, რომ ამ ქმედებებს სიმძიმის სპექტრი გააჩნია. ვიღაცისთვის უკანალზე ხელის წაკვრა და გაუპატიურება ან ბავშვის სექსუალური შევიწროება ერთი და იგივე არაა. რასაკვირველია, ეს ქცევები უნდა ამოიძირკვოს, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა არ ეგების. გაუპატიურებისთვის ან ბავშვის გარყვნისთვის ციხეა და ასეც უნდა იყოს. სხვა საქმეა სამარცხვინო და უხეში ქცევა. ეს ყველაფერი ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ“, – განაცხადა მსახიობმა.

დეიმონის ამ კომენტარს მსახიობები ალისა მილანო და მინი დრაივერი გამოეხმაურნენ.

„ძვირფასო მეთ, ეს არის მიკრო შემთხვევა, რომელიც მაკრო შემთხვევებს ქმნის, – განაცხადა ალისა მილანომ, – ჩვენ შეურაცხყოფის კულტურაში ვცხოვრობთ. ამიტომაც, ჩვენი რისხვის მასშტაბები დიდია. ეს ასეც უნდა იყოს. მე სექსუალური ძალადობის იმ სპექტრის ყველა კომპონენტის მსხვერპლი ვყოფილვარ, რომელზეც შენ საუბრობ, და ყოველი მათგანი მტკივა. ეს პატრიარქატს უკავშირდება, სადაც იგი ნორმალიზებული, მისაღები და ქალთმოძულეობით გაჟღენთილია. კიბოს სხვადასხვა ეტაპები არსებობს, მაგრამ კიბო კიბოდ რჩება. სექსუალური შევიწროება, უკანონო ქმედებები, თავდასხმები და ძალადობა სისტემური დაავადებაა. სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს ახლავე, ანესთეზიის გარეშე. #MeToo“.

დეიმონს გადასაღებ მოედანზე ყოფილი პარტნიორი მინი დრაივერიც გამოეხმაურა. „ღმერთო ჩემო, ამას სერიოზულად ამბობ? ძალიან ბევრი კაცია, რომელიც მომწონს და რომელიც, გამართლების მიზნით, ზღვარს არ ავლებს სექსუალურ ქმედებებს, თავდასხმებსა და გაუპატიურებებს შორის“, – განაცხადა მან თავის ტვიტერზე. „გარდიანთან“ ინტერვიუში, მსახიობმა თემა კიდევ უფრო განავრცო: „აუცილებლად რაღაც უნდა ვთქვა. მივხვდი, რომ კაცების უმრავლესობა, ისინი, ვინც მიყვარს, თანალმობის უნარსაა მოკლებული. ისინი უბრალოდ ვერ იგებენ, თუ რას ნიშნავს ყოველდღიური შევიწროება. ეს ძალიან ინდივიდუალური და პირადი საკითხია. საშინელებაა, როცა ძალაუფლების მქონე კაცი ამ დროს რაღაც პირობებს გიყენებს. ის, რასაც მეთ დეიმონი ამბობს, ორუელის სიტყვებს მაგონებს: ყველანი თანასწორნი ვართ, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი უფრო თანასწორია, ვიდრე – სხვები. დეიმონის აზრით, ყველანაირი ზეწოლა და ძალადობა კი ერთია, მაგრამ ზოგიერთი – უარესი. სინამდვილეში, შევიწროებაში იერარქია არ არსებობს“.

წყარო: hollywoodreporter.com