თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი ცილისწამებისა და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო. დევდარიანმა 11 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის ჯერ კიდევ 11 ივნისს უჩივლა, თუმცა, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ეს სარჩელი დაახარვეზა. დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 7 პირი დაასახელა, რომლებსაც უჩივიან: ბაია პატარაია, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი. ასევე, სარჩელში ფიგურირებს კიდევ 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ბაია პატარაიას დასახელებული სარჩელის შესახებ გავესაუბრეთ.
რა პრინციპით შეარჩია ზ–მა ის შვიდი ქალი, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი შეიტანა?
დევდარიანი ქალებს ედავება ცილისწამებას, ანუ მცდარი ფაქტების განზრახ გავრცელებას. ძირითადად ეყრდნობა ამ ქალების განცხადებებს და ფეისბუქ კომენტარებს. რატომ მაინცდამაინც ეს შვიდი ქალი და არა სხვა – ჩემთვის გაუგებარია. მსგავსი ტიპის განცახდებებს ათეულობით სხვა ადამიანიც აკეთებდა იმ პერიოდში.
რა წერია სარჩელში?
მოსარჩელე ითხოვს, რომ მის შესახებ გავრცელებული მცდარი ფაქტები უარვყოთ ამ შვიდმა ქალმა და იმ ოთხმა დაზარალებულმა, ვინც ომბუდსმენს მიმართა. დევდარიანი ითხოვს მის შესახებ გამოთქმული აზრების საჯარო უარყოფას. ის თვლის, რომ სექსუალური შევიროების შესახებ ინფორმაცია მხდარია და ჩვენ განზრახ გავავრცელეთ მის შესახებ ეს ინფორმაცია, რამაც მას მიაყენა ზიანი. ის ასევე მიიჩნევს, რომ ყველა თერთმეტივე ქალს ამოძრავებდა ერთი მიზანი, ზვიად დევდარიანის ჩამოშორება საზმაუს ბორდის კონკურსიდან. ცხადია, ის დღემდე ვერ ხვდება რეალური პრობლემის არსს.
კონკრეტულად თქვენ რაზე გიჩივით?
სარჩელიდან ირკვევა, რომ ჩემგან ითხოვს ორი წინადადების უარყოფას: პირველი, ის ითხოვს უარვყო, რომ ზვიადს “ქალებში მოტანტალე კაცად ვიცნობდით”. ჩემი ეს განცხადება ცალსახად შეფასებითია და შეფასებებზე ჩივილი ჩვენი კანონმდებლობით დაუშვებელია.
მეორე წინადადება რომლის უარყოფასაც მთხოვს შეეხება ჩემ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ ვიცოდით, რომ რიგ შემთხვევებში ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას და ძალადობდა ქალებზე. ცხადია, ჩემი ეს წინადადება ეყრდნობა დაზარალებული ქალების ახსნა-განმარტებებს და არ არის ჩემ მიერ შეთხზული და განზრახ გავრცელებული მცდარი ფაქტი.
ოთხ დაზარალებულს რას ედავება?
უჩივლო დაზარალებულს იმაზე, რატომ მიჩივიო, არის იურიდიული ნონსენსი. მომჩივანს ეკამათებიან შეგებებული სარჩელით იმავე საქმეში, ცალკე სამართალწარმოების დაწყება ცილისწამებაზე სისულელეა. ზოგადად, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ძირითადად სკანდალზეა ორიენტირებული და არა საქმის იურიდიულ გამართულობაზე; საბოლოო ჯამში, ეს მისსავე კლიენტს დააზარალებს.
ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სარჩელი გაუმართავია?
სარჩელი ერთმნიშვნელოვნად დაუსაბუთებელია. მოყვანილია 7 ქალის განცხადებები და კომენტარები და ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და ამიტომ უნდა იქნას უარყოფილი ამ ქალების მიერ. რეალურად კი, არანაირი მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებების შესახებ იქ არ არის. როგორც იურისტი, თამამად ვიტყვი, რომ ძალიან სუსტი სარჩელია და სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს.
თქვენ ალბათ თავად დაიცავთ საკუთარ ინტერესებს სასამართლოში, როგორც ეს ადრე განაცხადეთ?
მას შემდეგ, რაც ამ სარჩელს გავეცანი, გადავწყვიტე, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკას მივმართო, ანუ მინდა სტუდენტებს მივცე საშუალება, შეისწავლონ ეს საქმე და გაიღრმაონ პრაქტიკა. რამე ხეირი ხომ ამ საქმიდანაც უნდა იყოს?! დაე, სტუდენტებმა ისწავლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ქართული სტანდარტები და მიიღონ სასამართლო პრაქტიკა. გუშინ უკვე დავუკავშირდი კლინიკას და თანამშრომლობაზე შევთანხმდით.