ბლოგპოსტის ავტორი: ელნურ ნაზიმ
არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ დავიწყო!
სამი დღის წინ რაც ვიხილეთ ახალგაზრდა პედაგოგის მიმართ, იყო უზარმაზარი მარაზმი, ჩვენს საზოგადოებაში შუასაუკუნეობრივი აზროვნების გაბატონების ერთ-ერთი მაგალითი.
უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ ვამბობთ, რომ გოგოს ქორწინების მიზნით გატაცება არის დანაშაული. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დამნაშავენი არიან არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ – მორალურადაც, ჩვენი მომავლის წინაშე, ჩვენი ხვალინდელი დღის წინაშე.
ამ ბოლო მოვლენამ საზოგადოება სამად გაყო. პირველები ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უფროსი თაობის მიმართ მარგინალური მიდგომა არის უზრდელობა და ამის ჩამდენმა შესაბამისი პასუხი უნდა აგოს საზოგადოების წინაშე;
მეორეთა აზრით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის დევნა, საზოგადოებრივი წესით დასჯა არის გაუნათლებლობის, დაბალი კულტურის მქონე ადამიანების საქციელი;
მესამეები უფრო რადიკალურები არიან. მათი თქმით, ჩვენ, ე. წ. „თათრები“, ამ საზოგადოების წევრები არ ვართ. ჩვენ – ჩვენი წესებით ვცხოვრობთ და ადრე თუ გვიან, საქართველოდან გავიქცევით.
ზუსტად მესამე აზრის მხარდამჭერი კატეგორიის პროცენტული სიმრავლე პრობლემად გარდაქმნის სხვა პრობლემას. ეს პრობლემა იგივე საშიშროებას იწვევს, რასაც იწვევს გოგოს გატაცება, ადრეულ ასაკში ქორწინება.
ჯერ ერთი, მინდა, გამოვეხმაურო ამ მოსაზრებას და მივმართო საზოგადოებას, როგორც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქემ. მინდა, გამოვეხმაურო, როგორც ამ ქვეყნის შვილი!
ძვირფასო თანამემამულეებო! ზოგადად დანაშაულს და დამნაშავეობას არ აქვს ეროვნება. საზოგადოების წევრის რომელიმე საქციელის გამო, არ შეიძლება, ადამიანებს მივანიჭოთ ხარისხობრივი კლასიფიკაცია, – რომ ეს ხალხი დაბალი კულტურის მატარებელია, მეორე ხალხი მაღალი და ა. შ. ჩვენ ერთი საზოგადოების წევრნი ვართ. იგივე ქვეყნის მოქალაქეობის მოწმობას ვატარებთ ჯიბეში. თუ დღეს საქართველოში მცხოვრებ რომელიმე თემში ხდება მსგავსი შემთხვევები, ეს თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.
ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ძლიერი ქვეყანა ავაშენოთ, თუ ჩვენ გვინდა მაღალხარისხოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბება, მაშინ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე პარალელურ რეჟიმში უნდა გავაძლიეროთ. უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკურადაც, ინტელექტუალურადაც, პოლიტიკურადაც, სოციალურადაც. დღეს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულ ენის სწავლების დონე არის ძალიან დაბალი. დაბალი არის არამხოლოდ ქართული ენის სწავლება, არამედ სახელმწიფოს ყურადღებაც. დღეს ქვემო ქართლში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა თუ საერთოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის. ამაში იგივე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც სახელმწიფომ, ასევე – საზოგადოებამაც.
დაუშვებელია ორმაგი სტანდარტი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, ეთნიკური წარმომავლობის გამო. დღეს გატაცებული გოგო, გაუნათლებელი მოქალაქე – ხვალინდელი გაუნათლებელი საზოგადოების ტოლფასია. ეს ქვეყანა ხომ ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სადარდებელია? დღეს ჩვენ გაერთიანება უნდა ვისწავლოთ, გაერთიანება საერთო მომავლის აშენების მიზნით. აი ზუსტად მაშინ ვიქნებით უფრო ძლიერი საზოგადოება. ეთნიკური განსხვავებულობის გამო დისკრიმინაცია მრავალეთნიკური ქვეყნისთვის საშიშროებას იწვევს. ჩვენი გამოსავალი არის ერთადერთი: გაერთიანება და საერთო მიზნების მისაღწევად ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, როცა ვიქნებით ცივილიზებულ დამოკიდებულებაში ერთმანეთის მიმართ!
პატივისცემით, თქვენი საზოგადოების წევრი!!!