2018 წლის 29 ოქტომბრიდან, „საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკა, ხატია და სალომე ბუხრაშვილების ინტერესებს.
მსხვერპლებმა „საფარს“ მიმართეს, ვინაიდან გამოძიება მათი ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებდა.
მოძალადე ი. მაქაცარიამ განახორციელა რამდენიმე დანაშაული, კერძოდ ადევნება – „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს”.
ასევე, ი. მაქაცარიამ ძალადობის და მუქარის დანაშაული ჩაიდინა. გამოძიებამ სამართლებრივად არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოძალადემ ღამის საათებში შურისძიების მიზნით ცეცხლი წაუკიდა მსხვერპლის სახლს. ამ დროს, შინ იმყოფებოდა ოჯახის 4 წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი 5 წლის ნ. ბ.
ვინაიდან გამოძიება ი. მაქაცარიასთვის განზრახ მკვლელობის მუხლის წაყენებას არ აპირებდა, გამოძიების მიერ არ იქნა ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები.
„საფარის“ ადვოკატის ელისო რუხაძის შუამდგომლობების შედეგად, დაგვიანებით ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედება. თუმცა, მთავარი მტკიცებულება – ასანთის ღერზე დარჩენილი დნმ-ის კვალი, გამომძიებელს მტკიცებულების სახით არ ამოუღია.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართა.
ელისო რუხაძე: „დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ძალადობის, ადევნების, მუქარის მუხლებზე, ხოლო ცეცხლის წაკიდებისა და განზრახ მკვლელობის მუხლზე დადგა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან გამოძიებამ დაუშვა უხეში შეცდომები და გულგრილად მოეკიდა გამოძიების პროცესს. საერთო ჯამში, ბრალდებულს 3 სხვადასხვა მუხლზე შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არაადეკვატური სასჯელი იყო. „საფარის“ ადვოკატებმა სასჯელის დამძიმება და თბილისის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება მოვითხოვეთ. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა დაზარალებულის პოზიცია და დაამძიმა სასჯელი 8 თვით“.