8 წლის ე. უ. თავისივე ოჯახის წევრის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლია.
არასრულწლოვნის დედამ დახმარებისათვის შსს-ს შესაბამის ორგანოებს მიმართა, მაგრამ გამოძიებამ ბავშვი მისი ასაკისთვის შეუსაბამო, არამგრძნობიარე მეთოდით გამოკითხა. შედეგად, გამოკითხვის პროცესმა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამ მსხვერპლზე მძიმე ტრავმული გამოცდილება დატოვა.
ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედამ დახმარებისთვის საფარს მიმართა.
საფარის საქმეში ჩართვის მომენტისათვის, საქმე მარნეულის პოლიციას ჰქონდა გადაცემული და ფაქტიურად, იგი განიხილებოდა უპერსპექტივოდ, გამოძიება კი წინ არ მიიწევდა.
საფარის აქტიური ჩართულობის შედეგად, გამოიკითხა სხვადასხვა მოწმეები. საფარის ადვოკატების შუამდგომლობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. კერძოდ, გამოძიების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, გამოძიების ეტაპზე დაზარალებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში NICHD პროტოკოლით დადგენილი წესით, ფსიქოლოგის მიერ, გამოიკითხა. ასევე, საფარის მიმართვის საფუძველზე, ძალადობაგამოვლილი ბავშვის ფსიქოტრამვული ნიშნების თაობაზე ცნობა გასცა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, რომელიც თვების მანძილზე მუშაობდა მსხვერპლთან.
საქმის მიმდინარეობისას ყველაზე დიდი წინაღობა აღმოჩნდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მისი მიხედვით, 10 წლამდე ბავშვები სწორად ვერ აღიქვამენ, იმახსოვრებენ და გადმოსცემენ ფაქტებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით გამოცხადდა, როცა არასრულწლოვანი დაახლოებით 4 საათის მანძილზე უწყვეტად მონაწილეობდა სამხარაულის ბიუროს კომპლექსურ ექსპერტიზაში და დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების შესახებ.
რაც შეეხება მოძალადეს: სამართალდამცავებმა ი. კ. 2019 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალად წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 ნაწილი (სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის მიუღწეველთან) და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, საფარის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, როგორც არასრულწლოვანი დაზარალებულის, ასევე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით და მეთვალყურეობით განხორციელდა. ამან განაპირობა არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამ გზით მიღება.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი. კ-მ წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველ გოგონასთან, გარყვნილი ქმედება განახორციელა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი. კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა მიუსაჯა.
წლობით გაგრძელებული მძიმე საქმის წარმატებით დაგვირგვინება დიდი შვება იყო მსხვერპლის დედისთვის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ცხოვრობდა. მან მოისურვა, მადლობა გადაეხადა საფარისთვის და მისი თანამშრომლებისთვის, რის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ:
„მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ელისო რუხაძეს, ბაია პატარაიას, მაია ცირამუას და მთლიანად საფარს, იმ სიხარულისთვის, რაც მე და ჩემს შვილს გვაჩუქეთ. გადატანილი დიდი სტრესის შემდეგ, არც მეგონა, რომ შევძლებდი კიდევ ფეხზე დადგომას და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელებას. დღეს თქვენ მე სიცოცხლის აზრი და ბედნიერება მაჩუქეთ, თითქოს ხელახლა დავიბადე.
სიმართლეს გეტყვით: არ მჯეროდა, რომ საფარს შეეძლო, გაეკეთებინა ის, რაც შეუძლებლად მესახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა ხელთ არანაირი მტკიცებულება (სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი), თქვენ შეუძლებელი შეძელით…
ელისო რუხაძე თავის საქმის უძლიერესი პროფესიონალია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მან მე დამანახა ის, რასაც ვერ ვხედავდი და აღარც მჯეროდა, რომ შევძლებდი საერთოდ ცხოვრების ფერების გარჩევას, რადგან ჩემთვის ყველაფერი ნაცრისფერი და შავი იყო. მადლობა მას, რომ ბოლომდე იდგა ჩემ გვერდით და მაძლევდა ძალას ბრძოლისთვის.
მაია ცირამუამ ჩვენ თავიდან სიარული და ფეხზე დგომა გვასწავლა. მან იმდენად დიდი პოზიტივი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, რომ სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრების გაგრძელება.
ბაია პატარაიას ვემადლობელრები იმისთვის, რომ არსებობს საფარი. თქვენი დახმარებით, მე იმედი მოვიპოვე. თქვენი სიმამაცე ჩემზეც გადმოვიდა, მომცა ძალა და ბრძოლისუნარიანობა.
თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე, სულ გაკვირდებოდით და ვცდილობდი, ძლიერი და ყოჩაღი ვყოფილიყავი და არ დავცემულიყავი, შემძლებოდა ბრძოლა. თქვენ მაძლევდით ამ ძალას და იმედს!“.