საფარი იცავს აიშან ბაშიროვასა და აიგუნ მამედოვას ინტერესებს. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები არიან, პრობლემები აქვთ ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ განსაკუთრებით უჭირდათ სახელმწიფო სერვისების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი იურიდიული საკითხის მოგვარება.
აიშანი ბაშიროვა განიცდიდა ქმრისაგან ფსიქოლოგიურ ძალადობას და იძულებას. 2019 წელს, მან საფარს დახმარებისათვის მიმართა. ამ პერიოდისათვის, იგი 8 თვის ორსული იყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა, მისი დაცვის მიზნით, გამოწერეს შემაკავებელი ორდერი 1 თვით, თავად გოგონა კი განთავსებულ იქნა თავშესაფარში. მოგვიანებით, მასზე მოძალადის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი 3 თვით.
ამასობაში, აიშანმა თავშესაფარში იმშობიარა. დედისთვის და ბავშვისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაორმაგებული ყურადღების საჭიროება დადგა, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარი იყო: შემაკავებელი ორდერის, და შესაბამისად, მისი თავშესაფარში ცხოვრების ვადაც იწურებოდა, აიშანს კი წასასვლელი არსად ჰქონდა. სასწრაფოდ აუცილებელი გახდა მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, ვინაიდან სტატუსის გარეშე მას დაუყოვნებლივ მოუწევდა თავშესაფრის დატოვება.
საფარის ინიციატივით, მომზადდა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტი. ორგანიზაციამ მიმართა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს. აიშანის სტატუსის თაობაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ასევე, მნიშვნელოვანია მეორე ქალის, აიგუნ მამედოვას საქმე. ის 2018 წლიდან ცხოვრობდა ძალადობრივ გარემოში, ქმრის ოჯახში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში. მოძალადის ქმედებები მისთვის იყო შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი. ამის “მიზეზი” ის იყო, რომ აიგუნი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ აჩენდა შვილს, რის გამოც მასზე გამუდმებით ძალადობდნენ მორალურად: აიძულებდნენ მუდმივად მძიმე საოჯახო საქმეების კეთებას, უკრძალავდნენ ურთიერთობას დედის ოჯახთან, რაც აიგუნს მძიმე ფსიქიკურ განცდებს და ტანჯვას აყენებდა. გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მან დატოვა ძალადობრივი გარემო და საფარს დახმარებისთვის მიმართა.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა, აიგუნ მამედოვას მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, რაც საშუალებას აძლევს მას, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სერვისებით.
“რადგან მინდა, ცხოვრება გავაგრძელო დამოუკიდებლად, ამისთვის მჭირდება ქართული ენის და სხვა უნარების შესწავლა. ამ მხრივ, ძალიან დამეხმარება დაზარალებულის სტატუსის მიღება”, – განაცხადა აიგუნმა.