ორგანიზაცია „საფარს” 2020 წლის 26 აპრილს დახმარებისათვის მომართა ძალადობის მსხვერპლმა ბელა პატაშურმა. ის ძმისგან და დედისგან განიცდის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიურ ძალადობას.
საფარის ადვოკატების ჩართულობით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა 2020 წლის 19 მარტს გამოცემული ორდერი; როდესაც ბელა გუდაურიდან დაბრუნდა, ძმამ და დედამ მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. საცხოვრებელი ადგილიდან ბელას გამოდევნის მიზნით, პოლიციას, ნაცვლად მსხვერპლისა, მიმართა ბელას ძმამ – გიორგი პატაშურმა.
ძალადობის ადგილას მისულმა პოლიციამ, ნაცვლად იმისა, რომ დაედგინა რეალური მოძალადე და მსხვერპლი და საქმის გარემოებები შეეფასებინა ობიექტურად, შემაკავებელი ორდერი გამოსცა ბელა პატაშურის მიმართ, ვინაიდან მისი ძმა პოლიციისაგან შემაკავებელი ორდერის გამოცემას დაჟინებით მოითხოვდა.
შემაკავებელ ორდერში მითითებულ იქნა, თითქოს ბელა პატაშურს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და იყო აგრესიული, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებულ იქნა უკანონო ორდერი, აღნიშნული ფაქტის შემდეგ, 2020 წლის 21 ივნისს, კვლავ ბელას ძმის ინიციატივით, გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და ბელას კვლავ უკანონოდ ამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. ამასთან, ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ბელას მიმართ არსათანადო მოპყრობას, რის გამოც, იგი გახდა შეუძლოდ და დასჭირდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. შსს წარმომადგენლებმა შემაკავებლ ორდერში ასევე კვლავ მიუთითეს არასწორი ინფორმაცია.
საფარმა მსხვერპლს კვლავ გაუწია სამართლებრივი დახმარება, გასაჩივრებულ და მოთხოვილ იქნა, ბათილად ცნობილიყო მოპასუხის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი-გამომძიებლის მიერ 2020 წლის 21 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი. დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება; სასამართლო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებიც ამართლებდნენ დაცვის მხარის პოზიციას; ადვოკატის მიერ დასაბუთებულ იქნა ფარული ჩანაწერის შინაარსის მნიშვნელობა და მოშველიებულ იქნა სასამართლო პრაქტიკა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ ფარული ჩანაწერების სასამართლო ეტაპზე მტკიცებულებად დართვა იშვიათი პრაქტიკაა. სწორედ მათი წყალობით გააუქმა მცხეთის სასამართლომ ბელა პატაშურის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
“აქამდე ჩემს საქმეში იყო ერთი მოგებული სასამართლო პროცესი, გამართლებელი განაჩენის შემდეგ ჩასაფრებულის პოზიციაში მყოფი სამართალდამცავი სტრუქტურა, მეორედაც ისეთივე გაუაზრებელი თუ გააზრებული ნაბიჯი პოლიციის მხრიდან და კიდევ ერთი უსამართლოდ გამოცემული ორდერი, თუმცა, გუშინდელმა რიგით მეორე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. უღრმესი მადლობა “საფარს” თანადგომისთვის, ადვოკატ ელისო რუხაძეს, რომელიც თავისი პირადი სახსრებით ბევრ ბენეფიციარს დახმარებია. დიახ, მე ვამაყობ, რომ პროცესზე მის გვერდით ვიჯექი! მინდა, წარმატებები ვუსურვო პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!”, – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბელა პატაშურმა.
საფარი კვლავ განაგრძობს ბელა პატაშურის დაცვას სისხლის სამართლის საქმეზე.
“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.