ლგბტქი / სტატიები

თუ მაიკლ ფელპსის გენეტიკური თავისებურებები არ გვაღელვებს, ამის გამო რატომ ვსჯით კასტერ სემენიას?

ავტორი Monica Hesse, The Washington Post

2 მაისი, 2019 წ.

ათი წელი ის დროა, რომელსაც ოლიმპიადის ისტორიკოსები ოდესმე „მაიკლ ფელპსის ეპოქად“ მოიხსენიებენ. მე წამიკითხავს იმ უნიკალური გენეტიკური მონაცემების შესახებ, რომლითაც ისტორიაში უდიდესი მოცურავეა დაჯილდოებული. მაგალითად, ფელპსს ბეჭის არაპროპორციულად ფართო გაქანება აქვს. კოჭების ორმხრივი შეერთება მის ტერფს უჩვეულოდ ფართო დიაპაზონს ანიჭებს. ასევე, ზებუნებრივთან მიახლოებული იშვიათობის წყალობით, სავარაუდოდ, ფელპსის ორგანიზმი ორჯერ ნაკლებ რძემჟავას გამოიმუშავებს, ვიდრე – რიგითი სპორტსმენი, და რამდენადაც რძემჟავა დაღლას იწვევს, იგი ბიოლოგიურ დონეზე სხვებზე გაცილებით მეტადაა მომზადებული, რომ სპორტის იმ სახეობაში, სადაც ასპარეზობს, ნომერი პირველი იყოს.

მე ვფიქრობ ამ ამბებზე, რადგან მაიკლ ფელპსს ისე ეკიდებიან, როგორც განსაცვიფრებელ სასწაულს. არავის თავში არ მოსვლია, მისთვის მაკორექტირებელი ოპერაციის გაკეთება იძულებით დაეწესებინა კოჭებზე, და არავის გადაუწყვეტია, რომ მას ორგანიზმში რძემჟავის დონის მოსამატებელი პრეპარატები მიეღო.

კასტერ სემენია სამხრეთაფრიკელი უჩვეულოდ ძლიერი მძლეოსანია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. კარიერის დასაწყისში, ათი წლის წინ, იგი მწვავე კამათის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მიიჩნევა, რომ სემენია არის ინტერსექსი ადამიანი, თუმცა, იგი საჯაროდ ამის შესახებ არ საუბრობს. თითქოს, მისი ორგანიზმი ტესტოსტერონს გაცილებით მეტი ინტენსიობით გამოიმუშავებს, ვიდრე – ქალების უმრავლესობა. 2019 წელს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS , Court of Arbitration for Sport) დაადგინა, რომ თუ სემენია სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობას მოისურვებდა, მას ტესტოსტერონის დონის დამწევი პრეპარატები უნდა მიეღო.

CAS-მა, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) დადგენილებას, უკვე აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო. თუმცა, განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო შემდეგი: „დისკრიმინაცია აუცილებელი, გონივრული და თანაზომიერი საშუალებაა IAAF-ის მიზნების მისაღწევად, ქალთა მძლეოსნობის ერთიანობის შესანარჩუნებლად“.

კასტერ სემენიასთან დაკავშირებული დადგენილება გვიჩვენებს, თუ რა შორს შეგვიძლია შევტოპოთ გენდერის აღქმის საკითხში.

მაშ ასე: ტესტოსტერონის რა „გონივრული და თანაზომიერი“ რაოდენობა უნდა იყოს კასტერ სემენიას ორგანიზმში? IAAF ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას გვაწვდის: 5 ნმოლ/ლ-ზე დაბალი.

ნმოლი იგივე ნანომოლია – მოლის ერთი მემილიარდედი ნაწილი.

და ტესტოსტერონის რამდენ ნანომოლს შეიცავს თქვენი სისხლი?

CAS-ის გადაწყვეტილება ეფუძნება იდეას, რომ სქესის გაზომვა შესაძლებელია, რომ იგი ფლაკონში არსებობს.

როგორც ჩანს, სასამართლოც დაეთანხმა ამ კონცეფციას, რომ არსებობს ზუსტად ორი სქესი და რომ მათ შორის მკვეთრი ზღვარია გავლებული: თუ კასტერ სემენიას ტესტოსტერონი 4.99 ნმოლ/ლ-ზე იქნება, „ქალთა მძლეოსნობის ერთიანობა“ შენარჩუნდება, ხოლო 5.01-ის შემთხვევაში – არა.

ანუ, ჩვენ რომ ტესტოსტერონის ტესტის გავლას გვაიძულებდნენ, „სწორ“ პასუხზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება, პიროვნება და იმედები? თანახმა ვიქნებოდით თუ არა, ჩვენი პერსონა ახალი მონაცემების მიხედვით შეცვლილიყო? ხომ არ გავაპროტესტებდით, რომ ჩვენი პიროვნება გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალო ციფრები? ქალების უმრავლესობა მსგავს გამოცდას არასოდეს წაწყდომია; უმრავლესი ჩვენთაგანი სრულიად დარწმუნებულია, რომ ამის გარეშეც კარგად იცის, ვინაა.

როგორ უნდა დავუშვათ თანდაყოლილი ჰორმონული თავისებურებების მქონე სპორტსმენების მონაწილეობა მსოფლიო ტურნირებში? თუ ტესტოსტერონის დონე ვინმეს ცალკეულ საკითხებში წარმატებაში ეხმარება, ვაიძულებთ თუ არა მას, თავი დაანებოს ამ საქმეებს? მათ მხოლოდ იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც არ გამოსდით?

ვფიქრობ, რომ ერთზე მეტი კითხვა დავსვი. მაგრამ, ეს ის კითხვებია, რომელიც, ჩემი აზრით, ყველამ უნდა დავსვათ და გადავწყვიტოთ, ვინ იმსახურებს დაცვას, ვინაა პატივისცემის ღირსი და როგორ დავარქვათ სახელი ამ ყველაფერს.

CAS-მა, ქალთა დაცვის სახელით, თავისი გადაწყვეტილება უარესი ვარიანტებიდან საუკეთესოდ მიიჩნია. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე ქალების დაცვაში არაა. სავარაუდოდ, ეს არის დაცვა გარკვეული წამოდგენისა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ქალი. ეს არის დაცვა ზოგიერთი ქალისა, მხოლოდ არა მათი, ვინც კასტერ სემენიას ჰგავს.

სანამ მძლეოსნობის სფეროში გენდერული გამოცდილების მრავალფეროვნებაზე ვისაუბრებდეთ, შეგვიძლია, ბევრ სხვადასხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ საკითხი, როდესაც დამწყები ტანმოვარჯიშეების მთელი არმია წყვეტს კარიერას, რადგან გენეტიკის გამო, ისინი 1,5 მეტრზე მაღლები იზრდებიან. ჩვენ შეგვეძლო, გვესაუბრა ნიჭიერ პოტენციურ კალათბურთელ ქალებზე, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას აჩქარებენ იმის იმედით, რომ ზრდაში მოიმატებენ, მაგრამ ამაოდ. შეჯიბრებითი მძლეოსნობა სავსეა როგორც მნიშვნელოვანი, ისე უმნიშვნელო ბიოლოგიური უპირატესობებით: თეძოს დაზიანების წყალობით, მე ბავშვობაში რამდენიმე რეკორდი მაქვს დამყარებული ცურვაში – ამის მეშვეობით, ბრასი ჩინებულად გამომდიოდა.

შუასაუკუნეობრივი „სქესის შემოწმება“ გამახსენდა – ამის გავლა სემენიას 2009 წელს აიძულეს. მისი დეტალები ბუნდოვანია, და ტესტის წარმოდგენა არადამამცირებელი ფორმით ფაქტიურად შეუძლებელია. „მე გავიარე ჩემი პიროვნებისთვის გაუმართლებელი და აგრესიული გამოკვლევა, რომლის დროსაც ყველაზე სანუკვარი და დაფარული დეტალების გამჟღავნებამ მომიწია“, – განაცხადა მაშინ მან.

ჩვენ შეგვეძლო, გვესაუბრა ყველა იმ დამაკნინებელ, ბინძურ და ხშირად რასისტულ ხერხზე, რომელიც კასტერ სემენიამ ბოლო 10 წლის მანძილზე გამოიარა. „გასაგებია, რომ იგი ქალია, მაგრამ, შესაძლოა, არა – 100%-ით“, – განაცხადა მასზე პიერ ვაისმა, IAFF-ის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა. მას არ დაუზუსტებია, რამდენად იყო ეს გასაგები ან – ვისთვის, ან ქალობის რამდენი პროცენტით შეაფასებდა კასტერს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვეძლო, გვესაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ქალი, და რას ნიშნავს, დაიჟინო ის, რომ ვიღაც ქალად არ მიგაჩნია. და რატომ აღიქმება მაიკლ ფელპსი სასწაულად, კასტერ სემენია კი – მუტანტად?

washingtonpost.com