პოლიტიკაshe

ქალები კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში მძლავრი იარაღები არიან

ახალი ზელანდია, რომელსაც სათავეში ჯასინდა არდერნი (Jacinda Ardern) უდგას, ვირუსთან ბრძოლის საქმეში მსოფლიო ლიდერია.

რა საერთო აქვს გერმანიას, ტაივანსა და ახალ ზელანდიას?

– ყველა მათგანს ქალი ლიდერი ჰყავს, და ისინი ყველანი კორონავირუსთან ბრძოლაში უმძიმეს სამუშაოს სწევენ.

ცაი ინ ვენი (Tsai Ing-Wen), სამართლის ყოფილი პროფესორი, ტაივანის პირველი ქალი პრეზიდენტია, რომელიც 2016 წელს აირჩიეს. ცაი პანდემიისგან წარმატებული და სწრაფი დაცვის ინიციატორია. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი მატერიკულ ჩინეთთან ახლოა, შეიძლება ითქვას, რომ მან ვირუსი შეაკავა – ქვეყანაში 400-ზე ნაკლები შემთხვევა აღირიცხა. იგი ისე კარგადაა მომზადებული, რომ 10 მილიონი ნიღაბი აშშ-სა და ევროპის 11 ქვეყანასაც კი გაუგზავნა.

ასევე, კორონასთან ბრძოლის საკითხში მსოფლიო ლიდერია ახალი ზელანდიაც, რომელსაც სათავეში ჯასინდა არდერნი უდგას. დღეის მონაცემებით, ვირუსისგან ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის გეოგრაფიით და ზომითაა განპირობებული: ახალი ზელანდიის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლები ადამიანისგან შედგება, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნიუ-იორკის მოსახლეობის რიცხოვნება. კუნძულოვანი სახელმწიფოს პრივილეგიაც განუზომელია ამ საქმეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვირუსთან ბრძოლის საკითხში ლიდერობა მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახალმა ზელანდიამ მასშტაბური ტესტირება ჩაატარა, ხოლო არდერნის რეაგირება კრიზისზე იყო მკაფიო და თანაგრძნობით აღსავსე.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია კორონავირუსისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა, აქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეტად დაბალია – დაახლ. 1,6% (შედარებისთვის, იტალიაში ეს რიცხვი 12%-ს უტოლდება, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში – 10%-ს, ჩინეთში – 4%-ს, აშშ-ში კი – 3%-ს). გერმანიაში სიკვდილიანობის დაბალი დონე განპირობებულია ადრეული და ფართო ტესტირებითა და ინტენსიური თერაპიის საწოლების დიდი რაოდენობით. თუმცა, აქაც დიდ როლს ასრულებს ქვეყნის მეთაური. ტვიტერის ერთ-ერთი ხუმრობა ამბობს: „რატომაა გერმანიაში სიკვდილიანობის დონე ასეთი დაბალი, და ამერიკაში – ასეთი მაღალი? – იმიტომ, რომ გერმანიის პრეზიდენტი კვანტური ქიმიის სპეციალისტია, ამერიკის კი – რეალითი შოუს წამყვანი“. ანგელა მერკელი, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს კვანტური ქიმიის სფეროში, სინამდვილეში კანცლერია და არა – პრეზიდენტი, თუმცა ეს არაფერს ცვლის.

ასევე, ღირსეულად უმკლავდებიან კორონავირუსთან ბრძოლას დანია (პრემიერ-მინისტრი – მეტე ფრედერიკსენი, Mette Frederiksen) და ფინეთი (პრემიერ-მინისტრი სანა მარინი (Sanna Marin) კოალიციის მეთაურია, რომელშიც ოთხი სხვადასხვა პარტია შედის, ასევე ქალებით სათავეში).

აშკარაა, ეს კორელაცია არაა მიზეზშედეგობრივი კავშირი. ქალად ყოფნა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ავტომატურად ვერავის დაეხმარება. იგი არც ავტომატურად საუკეთესო ლიდერად აყალიბებს რომელიმე ქალს. სავარაუდოდ, ეს ამყარებს უსარგებლო და სექსისტურ წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ ქალები თავიანთი ბუნებით არიან მეტად თანამგრძნობნი და მეტად არიან მზად თანამშრომლობისთვის.

თუმცა, სწორია ის, რომ ქალები, როგორც წესი, ბევრად უკეთესნი უნდა იყვნენ, რომ ლიდერები გახდნენ. ისინი გაცილებით მაღალ სტანდარტებს მისდევენ, ვიდრე – კაცები. ქალები იშვიათად მარცხდებიან ისე, როგორც კაცები. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, ივანკა ტრამპი), უმაღლეს დონეზე მუშაობისთვის, ქალი უაღრესად კვალიფიციური უნდა იყოს.

კვალიფიკაციის ნაკლებობა მხოლოდ დონალდ ტრამპის პრობლემა როდია. ამერიკის რეაქცია კორონაკრიზისზე, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე უარესი იყოს, თუმცა, აქ ბრიტანეთიც უნდა ვახსენოთ. ექსპერტიზაციის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაცია თვითკმარობაში ჩავარდა. იმ დროს, როცა ათასობით ამერიკელი კვდება, ტრამპი ტელევიზიებში თავის რეიტინგს ითვლის. თანამშრომლობის ნაცვლად, იგი თავს ესხმის პრესას და შტატების მეთაურებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰილარი კლინტონს კრიზისზე ასეთი რეაქცია ჰქონოდა და იმავე წამს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო. ისმის კითხვა: ზედმეტად ემოციური ხომ არაა ზოგიერთი კაცი იმისთვის, რომ ლიდერი იყოს?

theguardian.com