ე. წ. „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკები“ (Date rape drugs) ეწოდება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მიღების შემდეგ, ადამიანს ცნობიერება ისე ებინდება, რომ თავდაცვის ან გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმევა.
ნარკოტიკების მეშვეობით გაუპატიურებას მეორენაირად „სექსუალურ ძალადობას ნარკოტიკების დახმარებით“ უწოდებენ.
2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში სექსუალური ძალადობების შემთხვევების მესამედი პაემანზე ნარკოტიკების გამოყენებაზე მოდის.
სამწუხაროდ, საქართველოში გაუპატიურებების სტატისტიკა სინამდვილის არასრულ სურათს წარმოგვიდგენს, რადგან მსხვერპლის მხრიდან მის მიმართ გამოყენებულ ძალადობაზე შესაბამის ორგანოებში გაცხადებაზე უარი, ერთი მხრივ, კონკრეტულ დანაშაულს ხდის უჩინარს, მეორე მხრივ კი სრულიად ბუნდოვანს ხდის ამ კუთხით არსებულ საერთო სურათსაც.
თუმცა, ჩვენ ირგვლივ გავრცელებული ზეპირი ისტორიებით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მრავალი წელია, რაც „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკები“ საქართველოში მოძალადეების მიერ საკმაოდ წარმატებით გამოიყენება.
ამიტომ, იმისათვის, რომ თავი მაქსიმალურად დავიცვათ მსგავსი შემთხვევებისგან, წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ ე. წ. „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკების“ ყველაზე გავრცელებულ ნიმუშებს, მათ გვერდითა მოვლენებს და იმ სიტუაციებს, რომელშიც შესაძლოა აღმოჩნდეს მსხვერპლი, მსგავსი შემთხვევის დროს.
ბევრ ადამიანს ეჭვი აქვს იმის შესახებ, რომ გაუპატიურების მიზნით, დამნაშავემ მას ალკოჰოლურ სასმელში ნარკოტიკი ჩაუყარა.
მსგავსი ნარკოტიკების გამოყენების ძირითადი ნიშანია ცნობიერების უცაბედი, აუხსნელი, უმძიმესი დაბინდვა ან სრულიად წართმევა.
ადამიანი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მსგავსი ნარკოტიკები მიაღებინეს, პირველ რიგში უსაფრთხო ადგილის ძებნას უნდა შეუდგეს.
„პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკების“ ტიპები და გვერდითი მოვლენები
ალკოჰოლი და ბენზოდიაზეპინები ფართოდ გამოიყენება გაუპატიურების დროს, რადგან მათ ფიზიკური სისუსტისა და გონების დაკარგვის გამოწვევა შეუძლიათ.
„პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკები“ აადვილებენ სექსუალურ ძალადობას, მათ შორის გაუპატიურებას ერთი ან რამდენიმე ხერხით, მაგალითად:
- მსხვერპლი უფრო დამყოლი ხდება და „არას“ თქმის ნაკლები უნარი შესწევს;
- მსხვერპლი იმდენად სუსტდება, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის უნარიც სრულად აქვს წართმეული;
- მსხვერპლს გონება ნაწილობრივ ან სრულად ეთიშება.
ზოგადად, „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკად“ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ნარკოტიკი, რომელიც პოტენციური მსხვერპლის გონების დაბინდვას და მისი წინააღმდეგობის უნარის წართმევის მდგომარეობას იწვევს, მათ შორის ზოგიერთი ურეცეპტოდ დაშვებული პრეპარატი, ასევე ე. წ. ქუჩის ნარკოტიკები, მაგალითად ჰეროინი. ასევე „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკად“ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანაფიც და დიდი რაოდენობით ალკოჰოლიც.
თუმცა, „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებად“ მოძალადეები მაინც სპეციფიკურ პრეპარატებს იყენებენ, რომელთა ასპროცენტიანი შედეგის იმედი აქვთ. ესენია:
- ბენზოდიაზეპინები
ბენზოდიაზეპინები შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებია, რომლებსაც ასევე ძილიანობის მოგვრა შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი, მათ შორის ქსანაქსი (ალპრაზოლამი) და კლონოპინი (კლონაზეპამი), შეიძლება, გამოყენებულ იქნას, როგორც „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკი“.
ამ „საქმისთვის“ ყველაზე პოპულარული პრეპარატია როგიპნოლი (ფლუნიტრაზეპამი). როგიპნოლი მსხვერპლს მთლიანად ადუნებს, უდუნებს კუნთებს, იგი სრულად კარგავს მოძრაობაზე კონტროლს. ზოგჯერ, მსხვერპლი გონებასაც კარგავს, ან გრძნობს ძლიერ თავბრუსხვევას და დაბნეულობას.
მას შემდეგ, რაც როგიპნოლი ორგანიზმიდან გამოდის, ზოგიერთ მსხვერპლს არ ახსოვს, რა მოხდა. როგიპნოლი ტაბლეტების სახით გამოდის, მაგრამ ადვილად იხსნება სითხეში, მაგალითად, ალკოჰოლში.
- კეტამინი
კეტამინი ანესთეტიკია, რომელიც სწრაფად მოქმედებს და მოდუნებას იწვევს. მსხვერპლმა შესაძლოა გონება დაკარგოს, ან დამყოლი და არაადეკვატური გახდეს. გამოფხიზლების შემდეგ, შესაძლოა, მას სრულიად დაავიწყდეს ყველაფერი, რაც ნარკოტიკის ზემოქმედების მყოფს გადახდა თავს.
„პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებად“ წოდებული ბევრი სხვა პრეპარატისგან განსხვავებით, კეტამინს ასევე სუნთქვითი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, რაც, შესაძლოა, მსხვერპლის სიკვდილთაც კი დამთავრდეს.
კეტამინი თეთრი ფხვნილის სახით გამოდის, მას ნებისმიერი სასმელის გემოს შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, დამნაშავეები ხანდახან მას ძლიერი გემოს მქონე ალკოჰოლურ სასმელებს ურევენ, რაც, მათი აზრით, ნარკოტიკის გემოს გადაფარავს.
- GHB
გამა-ოქსიზეთოვანი მჟავა (γ-Hydroxybutyric acid) ნეიროტრანსმიტერის სამკურნალო ფორმაა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივი სახით გვხვდება. ნეიროტრანსმიტერები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ნერვებს სიგნალების მიღება-გაცემაში ეხმარებიან.
GHB ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას ანელებს, რის გამოც, ადამიანი თავს უღონოდ, ძილ-ბურანში, დაბნეულად გრძნობს.
GHB-ს მცირე დოზებს პირღებინების გამოწვევა შეუძლია, მეტ დოზებს კი – გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, მხედველობის დაბინდვა და არსებულ სიტუაციაში სრული გაურკვევლობის შეგრძნების შექმნა.
GHB-ს დოზის გადაჭარბება ადვილია, იგი ხშირად „შინაურ“ ლაბორატორიებში იწარმოება. შესაბამისად, მისი გამოყენების შემდეგ, მსხვერპლი შესაძლოა იმდენად დაავადდეს, რომ მისი გარდაცვალებაც კი არაა გამორიცხული.
GHB უფერო და უსუნო სითხეა, ამიტომაც, ადამიანი შესაძლოა ვერაფრით მიხვდეს, რომ ნარკოტიკს იღებს.
„პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებისგან“ თავის დაცვის მიზნით, აუცილებელია, ყურადღებით ვიყოთ იმ გასართობ ადგილებში, სადაც ჩვენს დასალევთან, შესაძლოა, უამრავ უცხო ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი. ასევე, არ უნდა ვენდოთ ახლადგაცნობილ ადამიანებს – ისინი ჩვენთვის ასევე პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. ადამიანი, რომელმაც სასმელი სხვისგან მიიღო, თუნდაც ეს სხვა მეგობარი იყოს, ან თავისი სასმელი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოს.
განსაკუთრებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ნიშნებს:
- თავს უკიდურესად მთვრალად ვგრძნობთ, მაშინ, როდესაც ალკოჰოლი არ მიგვიღია, ან მცირე რაოდენობით მივიღეთ;
- სხეულს და გონებას ვერ ვაკონტროლებთ, დეზორიენტირებულნი ვართ;
- გონების დაკარგვა;
- საერთოდ არ გვახსოვს, თუ როგორ მოვხვდით ამა თუ იმ ადგილას ან სიტუაციაში;
- გრძნობაზე მოვდივართ (ვიღვიძებთ) დაბნეულობის, გაურკვევლობის შეგრძნებით, გვგონია, რომ ნაბახუსევზე ვართ, წუხანდელი ღამისგან ვერ ვიხსენებთ აბსოლუტურად ვერაფერს;
- სასქესო ორგანოებში შარდვის დროს ტკივილს და წვას ვგრძნობთ, გვიჭირს, გავიხსენოთ, რა მოხდა წინა ღამით;
- შემოხეული ან დაზიანებული სამოსი.
პაემანზე გაუპატიურება თუ მძიმე ინტოქსიკაცია?
აღსანიშნავია, რომ ძალზე რთულია „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკების“ ზემოქმედებისა და ალკოჰოლის გავლენის ერთმანეთისგან გარჩევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელი გვაქვს მიღებული.
ისინი, ვისაც კარგად აქვს გამოცდილი თავის თავზე ალკოჰოლის ზემოქმედება, უნდა დაფიქრდნენ, როგორ გრძნობენ ჩვეულებრივ თავს ალკოჰოლური თრობის ქვეშ, და შეადარონ იმ შემთხვევას, როდესაც „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებზე“ აქვთ ეჭვი. ადამიანის რეაქციებში აუხსნელი ცვლილება იმაზე მიგვითითებს, რომ საქმე გაუპატიურებას ეხება.
ადამიანი, რომელიც თრობას გაცილებით დიდი დოზით გრძნობს, ვიდრე წესით ეს მის მიერ მიღებული ალკოჰოლს უნდა გამოეწვია, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მას ნარკოტიკები ჩაუყარეს. ამის დანამდვილებით გაგების ერთადერთი გზა სამედიცინო გამოკვლევაზე მისვლაა.
როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვი გვაქვს, რომ მალულად „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკები“ მიგვაღებინეს?
თუ ადამიანი ეჭვობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუყარეს, მან ან მისმა მეგობარმა აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ზე და იზრუნოს იმაზე, რომ უსაფრთხო ადგილას მოხვდეს. შესაძლოა, მსხვერპლმა გონება უცებ დაკარგოს. ამიტომ, დამნაშავის დევნაზე ან ძებნაზე დროის კარგვის ნაცვლად, უნდა მოვძებნოთ ის ადამიანი, რომელსაც ვენდობით და მას გავუზიაროთ ჩვენი ეჭვები ნარკოტიკის შეტყუებასთან დაკავშირებით. ამ დროს აუცილებელია 112-ზე დარეკვა და სავარაუდო მსხვერპლის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
ამ სიტუაციაში, არანაკლებ აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვა. გაუპატიურების ნარკოტიკი ორგანიზმიდან რამდენიმე საათში უკვალოდ გამოიდევნება. ამიტომაც, პატრულის გამოძახების შემდეგ, მსხვერპლს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევაც.
ასევე, ადამიანმა, რომელიც იღვიძებს იმის ნიშნებით, რომ მას, შესაძლოა, ნარკოტიკები მიაღებინეს, აუცილებლად უნდა მიმართოს სასწრაფოს. საავადმყოფოში მას შესაძლო გაუპატიურების კომპლექსურ გამოკვლევას ჩაუტარებენ. თუ პოლიცია დამნაშავეს დაიჭერს, ეს გამოკვლევა მისი ბრალეულობის სამხილი იქნება.
მტკიცებულებების შენარჩუნების მიზნით, პოტენციურმა მსხვერპლმა ექსპერტიზის დასრულებამდე თავი უნდა შეიკავოს შხაპის მიღების ან ბანაობისგან.
ადამიანმა, რომელიც თავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს, უნდა მიმართოს ადვოკატს (საქართველოში მსხვერპლს მსგავს საქმეებზე უფასო იურიდიულ მომსახურებას ამჟამად „საფარი“ სთავაზობს).
„პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებისგან“ პრევენცია
ზოგიერთმა მარტივმა სტრატეგიამ, შესაძლოა, ნარკოტიკების მეშვეობით გაუპატიურებისგან გვიხსნას:
- არ უნდა დავლიოთ დიდი დოზით ალკოჰოლი უცხო ან ახალგაცნობილი ადამიანის თანდასწრებით;
- მუდმივად უნდა ვიყოთ კავშირზე მეგობრებთან;
- არასოდეს დავტოვოთ ჩვენი სასმელი უმეთვალყურეოდ;
- არასოდეს მივიღოთ უცნობისგან დასალევი;
- არასოდეს განვმარტოვდეთ უცხო/ახალგაცნობილ ადამიანთან, განსაკუთრებით – დალევის შემდეგ.
შეხსენება:
პაემანზე გაუპატიურება არასოდესაა მსხვერპლის შეცდომის შედეგი ან მისი ბრალი, მაგრამ, ბევრი მსხვერპლი ამ დროს დანაშაულს ან სირცხვილს გრძნობს. ამ მიზეზების გამო, შესაძლოა, მან უარი თქვას სამედიცინო გამოკვლევაზე ან იურიდიულ დახმარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, მის სტრესს კიდევ უფრო ამძაფრებს, დამნაშავეს კი უსასრულოდ უხსნის ხელ-ფეხს და სხვა დანაშაულების ჩადენაზე უნთებს მწვანე შუქს.
მოძალადე ერთადერთია, ვინც გაუპატიურებაზე აგებს პასუხს.
როდესაც ადამიანი გაფრთხილებულია, რომ შესაძლოა, მას „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკები“ მიაღებინეს, მას თავდაცვა, დამნაშავის დაჭერასა და პასუხისგებაში მიცემაში დახმარება, ასევე მიღებული ნარკოტიკების სახიფათო ეფექტების შემსუბუქება შედარებით ადვილად შეუძლია.