ბლოგები / პოლიტიკაshe / რა უნდა იცოდე –პოლიტიკაshe

ქალთა კვოტირებაზე უკეთესი ევროპამ ვერაფერი მოიფიქრა, ქალების პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩართულობის გზაზე

ავტორი: დავით ბერძენიშვილი

ქალთა 25 %-იანი კვოტა, სიაში ყოველ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენლის ყოფნა “ყვავს კაკალი გააგდებინე” ამბავია.

წინა მოწვევის პარლამენტში ოცნებამ ჩააგდო 30%-იანი კვოტის კანონპროექტი.

რესპუბლიკელებმა პირველებმა მივიღეთ საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან შიდაპარტიული დოკუმენტი, რომლითაც ვივალდებულეთ სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის კანდიდატის ყოფნა.

მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში პირველ რვა კანდიდატში მონაცვლეობით იყვნენ კაცები და ქალები თანაბრად, ანუ 50%-იანი კვოტა გამოდიოდა ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც.

არ შევუდგები კამათს მათთან, ვინც თამარ მეფით და “თამარ მეფე ქალების” სადღეგრძელო ფსევდოარგუმენტებით გვესაუბრება. კაცების ხელდასმული კაცივით ქალების ყავლგასული მიდგომებიც არაა საინტერესო არანაირად 21-ე საუკუნეში.

არც მათთან, ვინც ქალების (მოსახლეობის ნახევრის, ცოტა მეტისაც) პოლიტიკურ კვოტირებას სხვადასხვა ნიშნით უმცირესობების (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური…) კვოტირებასთან აიგივებს (ზოგი ანგლობს კიდეც), რომ თუ ქალებს აქვთ კვოტა, სხვა ჯგუფებს რატომ არ უნდა ჰქონდეთო.

ქალები არ არიან უმცირესობა. მარტივია.

და რაკი ეს მარტივი ჭეშმარიტება ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ ევროპაში თუ სხვა კონტინენტებზე, არც დგას ასე საკითხი.

ზოგ ქვეყანაში ეთნიკური მცირე კვოტა იმ ქვეყნების სპეციფიკაა და არა – თანამედროვე ევროპული, დასავლური პოლიტიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი.

არც “ვფილოსოფოსობ” – არის თუ არა კვოტა ქალთა (ან/და კაცთა) დისკრიმინაცია, მით უმეტეს შეურაცხყოფა და ა. შ.

ევროპაში 70- იანი წლებიდან გაჩნდა კვოტირების იდეა. ათეული წლების განმავლობაში, საუკუნეთა მიჯნაზე, უკვე ბევრ ქვეყანაში გახდა ქალთა კვოტირება ცენტრალურ, რეგიონულ თუ თვითმმართველობის დონეზე ნორმა.

თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ნორმა!

როგორც ძველი, ისე ახალი დემოკრატიის ბევრ ქვეყანაში კვოტირება კანონითაა დადგენილი სხვადასხვა – ცენტრალურ, რეგიონულ, ადგილობრივ დონეზე (პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, პოლონეთი, ხორვატია).

კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ევროპის სახალხო პარტიაში, სოციალისტებში, ლიბერალებში, მწვანეებში, ათეული წლებია, იყენებენ შიდაპარტიულ კვოტებს. მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიაში შემავალი გერმანიის მმართველი ქრისტიან დემოკრატები მეოთხედი საუკუნეა, ასე იქცევიან.

სახალხო პარტიის წევრი ქართული პარტიები – ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ამ საკითხში დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციაზე არიან. ნაციონალების ფრაქციის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიესალმა კვოტირებას (მეტი კვოტაც უკეთესი იქნებოდაო, – მგონი, ესეც კი თქვა), ევროპული საქართველო კი არათუ საკანონმდებლო დონეზე არ ეთანხმება კვოტირებას, არამედ არც შიდაპარტიულ კვოტირებას აპირებს თავისთვის.

ევროპაში დაახლოებით ორასი პარტია იყენებს კვოტირებას. ორასი!!! ფაქტიურად, ევროკავშირის ქვეყნების დიდი და მომცრო, დემოკრატიული პარტიების დიდი უმრავლესობა.

ზოგან 30, ზოგან 33, ზოგან 40 პროცენტიანი კვოტაა… ერთი/ორი 50-პროცენტიანი კვოტის პრინციპით საქმიანობს.

ჩვენში ვინც უსამართლოდ, დამაზარალებლად მიიჩნევს კვოტას, მათშიც არის სხვაობა. ზოგი მხოლოდ საკანონმდებლო რეგულირებას ეწინააღმდეგება (თუმცა, არც შიდაპარტიული კვოტები მოსწონს).

“მის უარესს ჯობია”- ასეც შეიძლება შევაფასოთ ეს დროებითად გამოცხადებული ნორმა. მე მას ვემხრობი დიდი ხანია. ხელიც შემიწყვეს პარტიის თუ ენჯეოების ქალებმა, რომლებიც უფრო საფუძვლიანად ეკიდებოდნენ ამ საკითხს. მერე ვიკითხე და დავრწმუნდი, რომ უკეთესი თანამედროვე ევროპულმა პოლიტიკურმა კულტურამ ვერ მოიფიქრა.

ერთი-ორი მცირე სკანდინავიური გამონაკლისის გარდა, ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე. მერეც კი სხვადასხვა იყო ამომრჩევლად აღიარებული კაცების და ქალების ასაკი დიდ დემოკრატიებშიც კი… დისკრიმინაცია იყო – იცოცხლე. აბორტის უფლებისთვის ბრძოლაც გავიხსენოთ და ბევრი სხვაც.

საუკუნენახევრის წინ, არც გიმნაზიის დირექტორები თუ პედაგოგები იყვნენ ქალები, კანტიკუნტად მეცნიერებაში, მედიცინაში, სტუდენტობის უფლებისთვის იბრძოდნენ, პოლიტიკაში აბა საიდან….

ახლა ბევრ სფეროში, პროფესიაში უმრავლესობაშიც კი არიან – მეტწილად კაცების პოლიტიკური (არამარტო) ხელშეწყობით და გადაწყვეტილებით.

მოკლედ, ვისწავლოთ მცირე ამბიციებით ცხოვრება. ჰოლანდიამ ისწავლა, მსოფლიო ბატონობისთვის ომი რომ წააგო ინგლისთან მე-17 საუკუნეში, მას მერე ისწავლა. ჰოდა, ცხოვრობენ მშვენივრად… ჩვენ რას ვიქაჩებით ზედმეტს – ამ საკითხშიც გავხდეთ დამჯერი მოწაფეები.

რაც მოიფიქრა დემოკრატიულმა ევროპამ, სასარგებლოა. გადმოვიღოთ და გავითავისოთ. ახალი დემოკრატიის ქვეყნები ევროპაშიც და სხვა კონტინენტებზეც ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტებს იწესებენ თავისთვის, რადგან სწრაფად აითვისონ უფრო მაგრების გამოცდილება.

აიფონის და ურმის ეპოქაში ვცხოვრობთ ერთდროულად. აიფონი (მერსედესი, ტოიოტა… შკოდაც, ოპელიც კი (კიდე კაი, ჟიგული მაინც მოვიშორეთ) დასავლეთის შექმნილია და ჩვენ მომხმარებელი ვართ. ურემი კი უხსოვარი დროიდან შემოგვრჩა, ჩვენი წინაპრისაც იყო (ზოგის უფრო ადრე) და ახლაც ესაა ჩვენი შენატანი თანამედროვე ქართულ რეალობაში.

ჰოდა, დავაყენოთ, ნუ გავიქაჩებით, რაშიც არაფერი გაგვეგება… ქალთა კვოტირებაზე უკეთესი ევროპამ ვერ მოიფიქრა ქალების პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩართულობის გზაზე… და მივყვეთ.

P.S. მაინც რა ჟმოტები არიან. 30 ადგილზე მეტი მაინც ვერ გაიმეტეს ქალებისთვის (20-ის მიდამოებში ახლაც კია და ადრეც იყო). 30 მაჟორიტარი იქნება კიდე… ელენე ხოშტარია (კიდე იქნებიან, იმედია) გვიშველის, რომ მთლად 20 პროცენტამდე ვერ ჩამოალაბორანტონ ქალები 150 მანდატიან პარლამენტში. აი, საკრებულოებში კი ჩაუწერიათ ყოველი მეორე… იქ ესენი არ აპირებენ, ინანებენ მაგას. 1000 ქალი საკრებულოში მართლა მაგარია)))

P.P.S. ისე, ბოლო წელმა მაინც როგორ არ მოგაბრუნათ ქალებისკენ, გავრილოვი მაგათ გამოაპანღურეს პარლამენტიდან, შეშაც მაგათ მიჰქონდათ გაყინული დემონსტრანტებისთვის და ტრიბუნაზეც ეგენი იდგნენ დიდან-პატარიანად.