ბავშვზე ძალადობა

დელიში, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, 5 წლის გოგონა გააუპატიურეს

დელიში დააპატიმრეს კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე 5 წლის გოგონა გააუპატიურა.

„გოგონა საელჩოს თანამშრომლების საცხოვრებელთან ახლოს თამაშობდა, როდესაც იგი მოძალადემ თავის სახლში შეიტყუა და გააუპატიურა“, – აცხადებს დელის პოლიციის კომისრის მოადგილე ეიშ სინგალი.

დაზარალებულმა, საელჩოს სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის შვილმა, მოძალადე, 25 წლის კაცი, ამოიცნო. პოლიციის ინფორმაციით, იგი დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურებაზე.

„მსხვერპლმა მოძალადე მკაფიოდ ამოიცნო, და მის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, არანაირი ეჭვი არ გვაქვს“, – აღნიშნავენ პოლიციაში.

მომხდარმა მთელი საელჩოს თანამშრომლები შეაძრწუნა. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანისთვის ეს შემთხვევა დიდი სტრესი იყო. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან“, – დასძინა მან.

მიმდინარეობს გამოძიება, სასამართლოს თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არაა.

დელიში 2012 წელს მომხდარი ჯგუფური სასტიკი გაუპატიურება და მკვლელობა, რომელმაც მკვეთრად გაუფუჭა მსოფლიოში ინდოეთს რეპუტაცია, მკაფიოდაა ჩარჩენილი ინდოეთის დედაქალაქის მკვიდრთა გონებაში. მის და გაუპატიურების სხვა საზარელი შემთხვევების გამო, პარლამენტმა გაუპატიურებასთან დაკავშირებულ კანონში რიგი ცვლილებები შეიტანა.

კანონის ახალი ვერსიით, გაუპატიურებისთვის პატიმრობის ვადები გაიზარდა, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც მსხვერპლი 12 წელზე უმცროსია, მოძალადეს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც დაემუქროს. დანაშაულის რეგისტრაციის ნაციონალური ბიუროს მონაცემებით, ინდოეთის დედაქალაქში ყოველდღიურად გაუპატიურების ასამდე მცდელობაზე შედის შეტყობინება. 2017 წელს, ქვეყანაში გაუპატიურების 33 658 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 16 წუთში, თითო თავდასხმა ხდება. პოლიციის ხელთ არსებული იმავე წლის მონაცემები ასევე გვეუბნება, რომ ინციდენტების 93%-ში მოძალადე მსხვერპლისთვის ნაცნობი ადამიანია.

ექსპერტების თქმით, რეალურად არსებული სურათი გაცილებით მძიმეა. დანაშაულების შესახებ პოლიციაში შეტყობინებები არ შედის სტიგმატიზაციისა და სოციალური იზოლაციის გამო, რის წინაშეც დგანან მსხვერპლები ყოველდღიურად.

independent.co.uk/