"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: მოძალადე სასამართლომ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავედ ცნო

„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლის ე. მ.-ს უფლებამონაცვლის ი. ბ.-ს ინტერესებს. ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ქმრისგან მომდინარე უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაასრულა; 32 წლის ე. მ. 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი.

საქმეზე მეორე დღესვე მისი ქმარი, ბ. ს., დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზუგდიდის სოფელ შამგონას მკვიდრი ბ. ს., რომელიც ცოლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლი) ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ზუგდიდის სასამართლომ მისი საქმე თვითმკვლელობის მუხლიდან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა და დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს სასამართლომ ძალადობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა მოითხოვა, რომ საქმეს მინიჭებოდა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შუამდგომლობით, პროკურატურას მიმართა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და საქმე გადააკვალიფიცირა სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასამართლომ სასჯელი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა – მას ციხეში ყოფნა 4 წლით მოუწევს.

ელისო რუხაძე, საფარის იურისტი: მოსამართლემ ბრალდებულ მაქსიმალური სასჯელი მისცა იმ მუხლით, რა მუხლზეც გადააკვალიფიცირა საქმე, ერთი დღეც კი არ დაუკლია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახში ძალადობასთან ერთად იყო 115- მუხლიც. კერძოდ, ბ. ს.-მ ე. მ. პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს სწორი სამართლებრივი შეფასება მიცემოდა.

რადგა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში მსხვერპლი უმეტესად უკვე გარდაცვლილია და ვერ საუბრობს თვითმკვლელობის კონკრეტულ გარემოებებზე, სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით, ზემოთხსენებულ საქმეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავს შემთხვევებში, ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი ან საქმე სხვა მუხლით კვალიფიცირდება, რაც დამნაშავეს სასჯელს მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც სასამართლო პრაქტიკის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.