"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

მსხვერპლს მოძალადის მიერ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება

საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის  ინტერესებს. ის წლებია, ძალადობას განიცდის მისი მეუღლის ტარიელ წერეთლის  მხრიდან.  ორგანიზაციის ჩართვამდე, მის  მიმართვებზე პოლიცია გულგრილად რეაგირებდა და  დამნაშავეს პასუხისგებაში არ აძლევდნენ.

საფარის უამრავი საჩივრის შედეგად, მოძალადის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი; ამ პერიოდში, ძალადობის მსხვერპლმა განიცადა მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა, როგორც  პოლიციისგან უმოქმედობის, ასევე – მოძალადის მხრიდან განხორციელებული მძიმე ძალადობის  შედეგად, რაც GCRT-ის (წამების  მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის  ცენტრი) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნითაც დადასტურდა.

პოლიციიის  მიერ  გულგრილი დამოკიდებულების და უმოქმედობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და დაეკისრა როგორც მორალური, ასევე – დამატებითი მკურნალობის ხარჯები, 1800 ლარის ოდენობით.

საფარი ასევე დაეხმარა მსხვერპლს, სამოქალაქო სარჩელით მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის, მოძალადისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მსხვერპლის სარჩელი და მოძალადეს დააკისრა მატერიალური (მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯი, 1800 ლარის ოდენობით) და  მორალური ზიანის (2000 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაწესებული ბაჟის თანხის არქონის გამო, ქალები ხშირად ვერ მიმართავენ სასამართლოს, თუმცა, საფარის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსხვერპლი ბაჟისაგან სრულად გაათავისუფლა, რაც მნიშვნელოვანი  წინაპირობა იყო სარჩელის შეტანის  მომენტში.

ხშირ შემთხვევაში, ბაჟის გადახდის პრობლემა, სარჩელის შეტანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, ძალადობის მსხვერპლი ქალების წინაშე მდგარ გადაულახავ ბარიერად გვევლინება.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.