"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

“ჩვენთან ქალის მოსმენა არავის უნდა” – ოჯახში ძალადობის მსხვერპლი საკუთარ ამბავს გვიამბობს

ეკატერინე გოგოლიშვილი წარმოშობით აჭარელია. იგი მოტყუებით დაქორწინდა და მას შემდეგ, მის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური და ეკონიმიკური ძალადობა არ შეწყვეტილა. მოძალადე ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული პიროვნებაა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულზე, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე. ძალადობის ბოლო შემთხვევა ფატალური შედეგით დამთავრდებოდა, რომ არა ყოჩაღი მეზობელი, რომელმაც ეკატერინე სიკვდილს გადაარჩინა. პოლიციამ ეკას დასახმარებლად არაფერი გააკეთა. უფრო მეტიც: პოლიციის უმოქმედობით გათამამებული მოძალადე კვლავ უხეშად განაგრძობდა მსხვერპლზე ძალადობას.

ეკატერინე გოგოლიშვილი: ძალიან დიდი პრობლემა მქონდა, პირველ რიგში იმისა, რომ სანამ „საფარს“ არ დავუკავშირდი, ვერანაირად ვერ დავამყარე კონტაქტი სამართალდამცავ ორგანოებთან. ანუ, რეალურად, ჩემი მოსმენა არავის უნდოდა, პროვოკატორად აღმიქვამდნენ. თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი. ისიც კი მითხრეს პოლიციაში, შეიძლება, იქით დასაჭერი ხარო.

ჩვენთან, ქალის მოსმენა არავის უნდა. ეს მსხვერპლს საქმეს ძალიან ურთულებს. არც ერთ ადვოკატს არ სურს ასეთი საქმისთვის ხელის მოკიდება, ყველა გაურბის, რადგან, დათანხმების შემთხვევაში, ადვოკატები თავადვე ხდებიან დაცინვის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლნი. თუ ადვოკატი ქალია, აშანტაჟებენ. სასოწარკვეთილი დავეძებდი ადამიანს, რომელიც ჩემს ინტერესებს დაიცავდა, ახლობელსაც ვთხოვე, მაგრამ ამაოდ – არავინ მოკიდა ხელი ჩემს საქმეს. იმის მტკიცებაც კი დამჭირდა, რომ საკუთარი თავი არ მიცემია, რომ სისხლი საიდანღაც არ მომიტანია და სახეზე არ წამისვამს.

გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ასეთ დღეში ვარ. ოქტომბერში, იძულებული გავხდი, სახლი დამეტოვებინა და არასრულწლოვან შვილთან ერთად, საცხოვრებლად დედაჩემთან გადავსულიყავი. მივმართე გენერალურ ინსპექციას, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე.

როგორც ვიცი, თქვენი ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობას წლების მანძილზე ითმენდით. რა გიბიძგებდათ ძალადობაში ცხოვრებისკენ?

ეს ძალადობა დაიწყო ქორწინების შემდეგ, ქორწინებამდეც კი, და 17 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ჩემს ყოფილ ქმართან გაცილებული კი ვარ, მაგრამ იგი მაინც არ მეშვება (საერთო შვილს იმიზეზებს). წლების მანძილზე, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანთან ცხოვრებას ვიტანდი. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა ყოფილმა ქმარმა ინსცენირება დადგა, თითქოს მის მოკვლას ვცდილობდი, ეს მაშინ, როდესაც ადამიანს არც კი შევხებივარ. საზოგადოებამ ისევ მე გამკიცხა, რატომ იჩივლაო, ბრალი დამდეს. არადა, არც კი მიჩივლია, პირიქით, თავის მართლებამ მომიწია, ჩვენება მივეცი, რომ დანას არ შევხებივარ და თავს არავის დავსხმივარ.

ჩვენ, ძალადობაში მცხოვრები ქალები, მუდმივად ვიმეორებთ, რომ ამდენ დისკომფორტს და ძალადობას ბავშვების გამო ვითმენთ. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ მყოფმა ჩემმა მეუღლემ ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში ძალით ჩაისვა. მოხდა ავარია, ბავშვი გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ძალადობის თმენა, თუნდაც ბავშვების კეთილდღეობის მოსაზრებით, ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. თუ გინდა, რომ შვილი ცოცხალი და ბედნიერი გყავდეს, არ უნდა მოითმინო არაფერი!

ირგვლივ თუ გყავდათ თანამოაზრეები?

ჩემთვის ყველაზე მძიმე გადასატანი ის ფაქტორი იყო, რომ ჩემ ირგვლივ მყოფი არც ერთი ქალი არ დამხმარებია. მე და ჩემი შვილი სრულიად მარტონი ვიყავით. ჩემს დას, რძალს, დედაჩემს, – ჩემი მხარდაჭერის ყველას ეშინოდა.

მას შემდეგ, რაც ჩემს სრულიად უიმედო საქმეში „საფარი“ ჩაერთო, სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ჩემმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ, უპირველესად, სამართალდამცავებს უჩვენა, რომ ჩემი უმძიმესი მდგომარეობა სრულიად რეალური იყო. ქალს არ სურს, რომ კაცის პოზიცია დაიკავოს, მას სურს, რომ იყოს ცოცხალი, რომ არ ჩაგრავდნენ, რომ მის შვილები არ დაიჩაგრონ. ჩემი მეორე შვილი, ძალადობის მსხვერპლია ფიზიკურადაც და მორალურადაც. იმ დროს, როდესაც მას სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდები უნდა ჩაებარებინა, მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო. ოჯახში ნამდვილი კატასტროფა ტრიალებდა, რასაც არ ითვალისწინებდა არც საზოგადოება და არც – სამართალდამცავი ორგანოები. „საფარმა“ ყველაზე რთული ამოცანა შეასრულა – სამართალდამცავები აიძულა, კანონის მიხედვით ემოქმედათ, რაც მანამდე სანატრელი მქონდა. მათი მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლოს სიტუაცია ისე შემობრუნდა, რომ ისინი ჩემს ადვოკატს ურეკავდნენ და კონსულტაციებს ეკითხებოდნენ.

ამის შემდეგ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

აღსანიშნავია, რომ „საფარის“ ჩარევის შემდეგ, ჩემ ირგვლივ არსებული ვითარება მხოლოდ იურიდიული კუთხით კი არ შეიცვალა, არამედ თვითონ ადამიანებიც შემობრუნდნენ ჩემკენ (პოლიცია საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტშია). ჩემმა ნათესავმა ქალებმა, რომლებსაც მანამდე თავიანთი პოზიციის დაფიქსირების ეშინოდათ, უკვე დამირეკეს და თავიანთი დახმარება შემომთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მათი ჩვენება გახდება საჭირო. გარდა ამისა, აქამდე არც ერთი მეზობელი არ გვესალმებოდა. ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე სასტიკი მოძალადე იყო, საზოგადოებაში ლამის სახალხო გმირის პატივით სარგებლობდა. „კაცმა რაც არ უნდა გააკეთოს, ის მართალია. მერე რა, რომ ნარკომანი და ლოთია, სამაგიეროდ, კაცია და თავისი სიმართლე აქვს“, – აი, ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. არც ერთი ადამიანი არ გამოჩენილა ჩვენს მხარდასაჭერად. მე და ჩემი შვილი ხანდახან ვფიქრობდით, იქნებ მართლა დამნაშავენი ვართო. მოსკოვში წავედი იმის გამო, რომ ამ ხალხში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი იყო, სამსახურიც ვეღარ შევინარჩუნე. ახლა ვითარება სრულიად სხვაგვარი გახდა, ქუჩაში გასვლის აღარ მეშინია.

ჩემს ყოფილ ქმარს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სექტემბერში სასამართლო გაიმართება, დიდი იმედი მაქვს, რომ დაუსჯელი არ დარჩება. თუ იგი სასჯელს გადარჩება, ე. ი. ყველას დაუსჯელობის სინდრომი ექნება და ყველა კაცი იმას გააკეთებს თავის ოჯახში, რასაც ეს წლების მანძილზე სჩადიოდა. მინდა ვთქვა, რომ ნახევარი ქობულეთი ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენს კაცებს, ქალებთან მიმართებაში, საშინელი დაუსჯელობის სინდრომი აქვთ. კაცი, რომელიც მკლავდა, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა ჩემს შვილს და რომლის გამოც ჩემი უმცროსი შვილი ცოცხალი აღარაა, დაუსჯელობის სინდრომს არ უნდა განიცდიდეს და არ უნდა ფიქრობდეს, რომ „მაგარია“, რომ სწორად იქცევა და რომ სხვა არის დამნაშავე მის უბედურებაში. იმედი მაქვს, საზოგადოება ამ კაცს ადვოკატისა და საპროცესოს თანხას არ შეუკრებს, როგორც ეს ამას წინათ გააკეთეს.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ არაფერი მოითმინოს და სჯობს, თავიდანვე გაეყაროს მოძალადე ქმარს, რომ შვილებიც ცოცხალი ჰყავდეს და თავადაც ჯანსაღი ფსიქიკა და ფიზიკური მდგომარეობა შეინარჩუნოს.

ელისო რუხაძე, „საფარის“ იურისტი: ეკატერინეს საქმეში ჩვენი ჩართვის შემდეგ, მომზადდა დამცავი ორდერი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა. ასევე, გამოიცა სხვა დაცვითი ღონისძიებები. ჩვენი მოთხოვნა, დამცავი ორდერის მოქმედება განსაზღვრულიყო ყველგან, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღნიშნული გასაჩივრდა სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ჩვენი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

ასევე, ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, მოძალადის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 126 მუხლის 2 ნაწილით და მოძალადეს აღკვეთის ღონის ნისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. “საფარი“ ამზადებს სარჩელს შსს-ს წინააღმდეგ, პოლიციის უმოქმედობისა და მიყენებული ზიანის თაობაზე.

ესაუბრა შორენა გაბუნია