ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს, 2017 წლის ახალი წლის ღამეს, ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ.
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – მაშინ, როდესაც ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა, – დროის ამ მონაკვეთში, მოძალადემ ნანას მოხრჩობა სცადა, რა დროსაც, მსხვერპლი დანას დასწვდა და მოძალადეს ჭრილობა მიაყენა.
ნაცვლად იმისა, რომ ნანა გოგალაძე სახელმწიფოს მსხვერპლად მოეაზრებინა, მას განზრახი დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლი წაუყენა, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საფარი“ საქმეში მოგვიანებით, 2018 წლის თებერვლიდან, ჩაერთო. მან ბევრი პროცესუალური დარღვევა აღმოაჩინა; არ მიმდინარეობდა ქალის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტების გამოძიება, უგულებელყოფილი იყო ის დაზიანებები, რომელიც მოძალადემ ქალს მიაყენა. „საფარმა“ რამდენიმეჯერ მიმართა მთავარ პროკურორს თხოვნით, რომ ნანა გოგალაძე და მისი არასრულწოვანი შვილები დაზარალებულად ეცნოთ. თითქმის 2-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნანა გოგალაძე და მისი შვილები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
იმ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ნანა გოგალაძის საქმეში „საფარი“ ჩაერთო, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, საქმეში გამოიკვეთა აუცილებელი მოგერიების ფარგლების მართლზომიერების პირობები, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა კიდეც. გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დააკვალიფიცირა რა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება, ნანა გოგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
გამამართლებელი განაჩენი ბრალდების მხარემ გაასაჩივრა და ნანა გოგალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დასჯა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი.
ნანა გოგალაძის ადვოკატის, ელისო როხაძის თქმით, აღნიშნული საქმე პრეცედენტული და უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის სწორად განვითარების საქმეში.
“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.
ფოტოზე: ელისო რუხაძე, ნანა გოგალაძე