2020 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს – ნ. ბ.-ს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
საქმე ეხება კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც 2020 წლის მარტის თვეში, “საფარს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ იგი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კარანტინში ყოფნის დროს, გახდა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.
“საფარმა” ბენეფიციარს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, მას დაეხმარა საჩივრის მომზადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს წარედგინა, გაცხადებული შემთხვევის ირგვლივ მოკვლევის ჩატარების და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით.
სახალხო დამცველმა ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველი, სექსუალური ხასიათის სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქცევაში, რის გამოც განმცხადებელი აღმოჩნდა დამამცირებელ გარემოში. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ექიმს, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აგრეთვე ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დირექტორს.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა დასახელებული რეკომენდაცია სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ, რის შედეგადაც, სააგენტომ დაიწყო სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა და სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით დასაქმებულთა და მოსახურების მიმწოდებელთა ინფორმირების ღონისძიებების განსაზღვრა/დაგეგმვა.
ასევე, ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ საკარანტინე სივრცეებში სამედიცინო მეთვალყურეობის პროქტის ფარგლებში, აქტიურად დაიწყო ინფორმაცია/რეკომენდაციების გაცემა საკარანტინე სივრცეებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მიმართ. ასევე, პარალელურ რეჟიმში, დაწყებულია შიდა პოლიტიკური დოკუმენტის მომზადების პროცესი, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით.