"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / სექსუალური შევიწროება

“საფარის“ საქმე: სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმეზე რეკომენდაცია გამოსცა

2020 წლის მარტის თვეში, “საფარს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ იგი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კარანტინში ყოფნის დროს, გახდა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

“საფარმა” ბენეფიციარს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, მას დაეხმარა საჩივრის მომზადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს წარედგინა, გაცხადებული შემთხვევის ირგვლივ მოკვლევის ჩატარების და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით.

სახალხო დამცველმა ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველი, სექსუალური ხასიათის სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქცევაში, რის გამოც  განმცხადებელი აღმოჩნდა დამამცირებელ გარემოში. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ექიმს, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აგრეთვე ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დირექტორს.

თეა თადაშვილი, “საფარის” იურისტი: “ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ სამედიცინო მომსახურების სფეროში, პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის ურთიერთობაში პაციენტის ჩაგვრის, სექსუალური შევიწროების რისკები მაღალია; სახალხო დამცველის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებულმა მოკვლევამ ცხადყო ადმინისტრაციული ორგანოების, უფლებამოსილი თანამდებობის პირების შემგუებლური დამოკიდებულება პრობლემისადმი. სახალხო დამცველის სარეკომენდაციო წერილი მიუთითებს სექსუალური შევიწროების, როგორც რეალური პრობლემის არსებობაზე, აღნიშნული საქმე, საქმის შედეგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი ხილულს ხდის სექსუალური შევიწროების პრობლემას და ახალისებს მის წინააღმდეგ ბრძოლას”.

“განსახილველ საქმეში, საქართველოს სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი განმცხადებელის მიერ მითითებული იმ ფაქტების საფუძველზე, რომელთა თანახმად, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, რის გამოც განმცხადებელს შეექმნა დამამცირებელი გარემო. სახალხო დამცველის მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გაამყარა განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ წარმოშობილი ვარაუდი გაექარწყლებინა. ამის საპირისპიროდ, მან განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ, ნ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მ.ქ.-ს მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველი, სექსუალური ხასიათის სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქცევაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი გარემო”, – ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

რეკომენდაციის სრული ტექსტი შეგიძლიათ, იხილოთ აქ:  ombudsman.ge