ავტორი: მაკა მეშველიანი
გენდერული კვოტები საარჩევნო კოდექსში – რამე ახალია?
კი და არა. საარჩევნო კვოტა, რისი განხილვაც ახლა მიმდინარეობს, არის დროებითი სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა. კონსტიტუციამ 2018 წელს შემოიტანა სახელმწიფოსთვის ვალდებულება, მიიღოს სპეციალური მექანიზმები მამაკაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება/თუ გინდათ კვოტა, რომელიც ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრისკენ შესაძლოა იყოს მიმართული, არის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული.
კონსტიტუციის ცვლილებამდე, ჯერ კიდევ 2011 წელს, პარლამენტმა ენმ-ის უმრავლესობით შემოიღო დროებითი სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა – ე. წ. ფინანსური წახალისების მექანიზმი. ეს არის 30%-იანი დანამატი იმ პარტიებისთვის, რომლებიც იღებენ სახელმწიფოსგან დაფინანსებას და პარტიის ყოველ ათეულში 30% განსხვავებული სქესის ნომინირებას მოახდენენ. ანუ, დროებითი სპეციალური მექანიზმები სიახლეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იცვლება ის, რომ კანონით გაწერილი ბალანსის (პარლამენტის შემთხვევაში პროპორციული სიის ოთხეულში ერთი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში – პარტიული სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესი) არარსებობის შემთხვევაში, პარტიას უარი ეთქმევა საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე (ცხადია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა). დროებითი სპეციალური მექანიზმის ახალი სახეა საარჩევნო გენდერული კვოტის პროექტი, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს.
გვჭირდება თუ არა სპეციალური მექანიზმები უთანასწორობის აღმოსაფხვრელად?
ეს, ვფიქრობ, საკვანძო საკითხია და ხშირად იდეოლოგიურ ხაზს მიუყვება, თუმცა არათანმიმდევრულად (ამაზე ქვემოთ, პრინციპში ზემოთაც). ისტორიულად არსებული, ამ შემთხვევაში, გენდერული ნიშნით ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სპეციალური მექანიზმების არსებობა რეალურად თანაბარი სასტარტო პირობების შესაქმნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივი გზით, არსებული ტემპებით მსოფლიოში უთანასწორობის აღმოფხვრას საუკუნეები დასჭირდება. ასე მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ამბობს, რომ პოლიტიკაში თანასწორობის მიღწევა 95 წლის, ხოლო ეკონომიკაში – სულ რაღაც 257 წლის საქმეა. მე პირადად არ ვარ მზად 100 წლიანი მოლოდონისთვის, ვისაც ეს სურს და შეუძლია – წარმატებები!
სპეციალური მექანიზმები მხოლოდ გენდერული თანასწორობის მისაღწევად არ გამოიყენება. ის ხშირად რასობრივი, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელი ერთ-ერთი საშუალებაა. საქართველოშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშესაწყობად საქართველომ 2005 წელს დაიწყო ,,საშეღავათო პოლიტიკის’’ გატარება და 2009 წელს დააწესა კვოტები: სტუდენტთა საერთო რაოდენობის 5-5%- ის ოდენობით, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი და 1-1%-ს ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის. კვოტების პარალელურად, სხვა ღონისძიებებს ატარებდა, მათ შორის ქართული ენის ინტენსიური სწავლება მიმდინარეობდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მაგრამ, არ დაველოდეთ იმას, ქართულ ენაზე სრულყოფილად ამეტყველებული ჩვენი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები როდის შეძლებდნენ კონკურენტულ გარემოში შესვლას ქართულენოვან აბიტურიენტებთან. ამასთანავე, ეთნიკური ნიშნით საგანმანათლებლო კვოტებმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით არსებული ყველა პრობლემა არ აღმოფხვრა, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და წარმოადგენდა კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს. გენდერული კვოტებიც უნდა აღვიქვათ, როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობი ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ამ მიმართულებით სხვა გამოწვევების გადაჭრას.
კი მაგრამ, მთავარი რაოდენობაა?
კი და არა. რაოდენობა უზრუნველყოფს პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, სადაც უფრო მრავალფეროვანი ქალებისთვის იქნება ადგილი და არა მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებიც ახერხებენ, უდიდესი მსხვერპლის და თავგანწირვის ფასად, კაცების მიერ დადგენილი თამაშის წესებით თამაშს. ჩვენ გვინდა, უფრო სწორად მე მინდა, თამაშის წესები გადაიწეროს და არ იყოს მხოლოდ კაცების მიერ განსაზღვრული. დღეს წარმატებულ ქალ პოლიტიკოსებს ხშირად სულაც არ მოსწონთ ის როლი, რაც უნდა მოირგონ იმისთვის, რომ წარმატებულად მიიჩნეოდნენ. როცა გაჯანსაღდება გარემო, შეიცვლება “წარმატებულის” განმარტებაც. ამასთანავე, რაოდენობა ხარისხობრივად აუმჯობესებს პოლიტიკურ დისკურსს და ქალების ხედვის და ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო ეფექტიანი ხდება პოლიტიკის კეთება (policy making).
ასევე, ქალები უკეთ წარმოადგენენ ქალი ელექტორატის ინტერესებს – ქალებს ესმით, რატომ არის სექსუალური შევიწროვება პრობლემა, ან რა მნიშვნელობა აქვს ღამის განათებას ან ღია სპორტული მოედნების გზის პირას კი არა, ისეთ ადგილას მოწყობას, სადაც მოვარჯიშეებს მეტი პრივატულობა ექნებათ. დღეს არსებული რაოდენობა თამაშის წესების შეცვლას პარტიებში და პოლიტიკური დისკურსის გაუმჯობესებას სათანადოდ ვერ ახერხებს, არყევს, მაგრამ ვერ ცვლის.
ამჟამად, 150 დეპუტატიდან, 21 ქალია (14%) და ცვლილების მიღების შემთხვევაში, 2020 და 2024 წელს, იქნება გარანტირებულად 30 ქალი დეპუტატი (მთლიანი პარლამენტის 20%), ხოლო 2028 წლიდან – 50 ქალი (ანუ 33%). კვლევებით დადგენილია, რომ მინიმუმ 30%-იანი წარმომადგენლობაა საჭირო, რომ ქალებმა დაიწყონ გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე. აქვეა ადგილობრივი თვითმმართველობების სტატისტიკა – 63 არჩეული მერიდან მხოლოდ 1 ქალია და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 14 პროცენტს არ ცდება. კვოტის არსებული პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქალებისთვის რეგიონებში – პარტიული სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი.
კვოტა ნიშნავს არაკვალიფიური ქალის მიერ კვალიფიკაციური კაცების ჩაჩოჩებას? – არა, თუ პარტიის ლიდერი/სიის შემდგენი არ მოისურვებს ასე. მაგრამ, ასევე, მხოლოდ სქესის გამო აღარავინ დაბლოკავს ქალს და დიახ, ასეთები ხდება, თუმცა ამაზე ქალი პოლიტიკოსები ხმამაღლა ნაკლებად საუბრობენ. შესაბამისად, გვიკვირს. მაგრამ მოვუსმინოთ ქალებს და დავიჯეროთ მათი ნაამბობი. პირიქით – კვოტის პირობებში არაკვალიფიციური კაცები ნაკლებად წაართმევენ კვალიფიკაციურ ქალებს ადგილებს (არაკვალიფიკაციური კაცები სხვა კაცებთან შევლენ კონკურენციაში). რეალურად, შიდა პარტიული დემოკრატია პარტიებში სერიოზული გამოწვევაა. ამას თავად პარტიებიც აღიარებენ. რეკრუტმენტი, დაწინაურება, სიების ფორმირება ხშირად არ არის გამჭვირვალე პროცესი და მღვრიე წყალში უფრო მეტად კაცები სარგებლობენ. რეალურად, კვოტა ჭირდებათ პარტიების შიგნით არსებულ კვალიფიკაციურ ქალებს, რათა მოხდეს მათი ე.წ. მერით ბეიზდ ნომინირება იმ პირობებში, როცა რეალურად ნომინირება ნაკლებადაა მერით-ბეიზდ. კაცებს ალბათ ისევ არა მერით-ბეიზდ, სხვა კრიტერიუმებით ჩასვამენ – ფული, გავლენები (სპორტული თუ კრიმინალური თუ სახელოვნებო და ა. შ.), უბანი. დროთა განმავლობაში, კვალიფიციური ქალების პარალელურად გაჩნდება კვალიფიციური კაცების საჭიროებაც, არაკვალიფიციურები პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ შევლენ ქალებთან კონკურენციაში და საბოლოოდ გაუჯობესდება ხარისხი ქალი და კაცი პოლიტიკოსებისაც, რასაც ყველა ასე ვესწრაფით. ხარისხიანი ქალ-კაცები შიდა პარტიულ დემოკრატიასაც გაზრდიან და გარე პარტიულსაც.
კვოტის საფრთხეები და სხვა თანმდევი ღონისძიებები ახალ, ასევე გრძელ პოსტს იმსახურებს.
ამისთვისაც მზად ვარ.