"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / სოციალური დახმარება / ჩვენი შედეგები

თქვენი 1 დღის შემოწირულობით, მარნეულში ყველაზე ხელმოკლედ მცხოვრებ 30 ოჯახს აუცილებელი პროდუქტები დაურიგდა

27 მარტს საფარმა დაიწყო საქველმოქმედო აქცია, რის შედეგადაც, 29 მარტს, მარნეულში 30-მა ოჯახმა მიიღო დახმარება (დარიგდა საკვები, ჰიგინური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები).

ოჯახები შეირჩა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. კერძოდ, ჩვენი ადრესატები გახდნენ მარტოხელა ხანდაზმულები და ქალები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებოდათ დახმარება.

თითოეულმა ოჯახმა დახმარების მიღებისას მადლიერება მოახსენა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ საქველმოქმედო აქციის განხორციელებაში.

„ამ შვიდ დღის მანძილზე, ერთადერთი ხართ, ვინც კარზე დამიკაკუნეთ და გამახარეთ“, – ამბობს მარტოხელა ბებია მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოდან.

„სამწუხაროდ, აქამდე არავის გავახსენდით, სოფელში არანაირი საშუალებაა ნისიად მაინც დროდუქტის ყიდვის, მაღაზიის პატრონსაც კი, არ შეუძლია პროდუქტების შემოტანა… ეს ძალიან დროული დახმარება იყო“, – ამბობს მარნეულის სოფელი ხიხანის მკვიდრი ქალი.

„რამდენი დღეა უკვე, რაც კარანტინში ვართ, შვილები სხვაგან გვყავს, ჩვენ გარეთ ვერ გავდივართ, ძალიან რთულ მდგომარებაში ვართ. ვერც სახელმწიფოს ვერ შევატყობინეთ, რომ დახმარება ვთხოვოთ. მადლობა, რომ გაგახსენდით“, – გვითხრა მარტოხელა წყვილმა მარნეულიდან.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, ბევრი ოჯახი შიმშილისა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ადამიანები ყოველდღიური შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურებით ცხოვრობდნენ, კარანტინის შედეგად კი ისინი სრულიად მარტონი დარჩნენ უამრავი პრობლემის წინაშე. განსაკუთრებით, ეს პრობლემა შეეხო მარტოხელა და ხანდაზმულ ქალებს, რადგან მათ გარეთ გასვლა უჭირთ.

დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში პროდუქტების მომარაგება-დარიგებაზე მოხალისეობრივად იზრუნა საფარის აქტივისტმა შალალა ამირჯანოვამ.

საფარი კვლავ განაგრძობს მარნეულელი ოჯახების დახმარებას, რაშიც კვლავ თქვენი თანამონაწილეობის იმედი აქვს.

მარნეულელი ქალების დასახმარებელ აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ანგარიშის ნომერია: GE16TB7800636020100002
მიმღები: აიპ საფარი.
დანიშნულება: “მარნეულელი ქალებისთვის”