ესპანეთის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, ცნობილი, როგორც “მხოლოდ კი ნიშნავს კი-ს კანონი” (“only yes means yes law”), რომელიც სქესობრივი კავშირისას, პარტნიორთა სრული თანხმობის დაფიქსირებას მოითხოვს.
კანონის კენჭისყრისას, 205 ხმა მომხრე აღმოჩნდა, 141 – წინააღმდეგი, 3-მა კი თავი შეიკავა. კონსერვატული სახალხო პარტიისა და ულტრამემარჯვენე Vox-ის წარმომადგენელმა დეპუტატებმა კანონის მიღების წინააღმდეგ მისცეს ხმა.
“ეს გამარჯვების დღეა, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ. ამიერიდან, არც ერთ ქალს არ მოუწევს იმის მტკიცება, რომ მის წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება გამოიყენეს, ისე, რომ მისი ნათქვამი არ აღიარონ”, – განაცხადა ირენ მონტერომ (Irene Montero), მინისტრმა თანასწორობის საკითხებში.
ახალი კანონი შლის განსხვავებას სქესობრივ ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმას (გაუპატიურება) შორის, და მკვეთრად უსვამს ხაზს, რომ თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი პარტნიორის პასიურობა და დუმილი უკვე ვერ განიხილება თანხმობად.
კანონის თანახმად, “თანხმობა თანხმობად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა იგი თავისუფალია და გამოხატულია იმ მოქმედების პასუხად, რომელიც, მდგომარეობის შესაბამისად, მკაფიოდ გამოხატავს პიროვნების ნებას”. ანუ, თანხმობა უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული, რაც გამორიცხავს დუმილს ან ნაგულისხმევ თანხმობას.
ესპანეთის სენატმა კანონპროექტი ჯერ კიდევ შარშან მოიწონა, თუმცა, მისი დამტკიცება გადაიდო ფორმულირებაში ჩასწორების გამო, რომელიც კატალონიურმა ეროვნულმა პარტიამ Junts per Catalunya შეიტანა. ამ პარტიის მხარდამჭერი სახალხო პარტიაა.
ახალი კანონის მიღება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 2016 წელს, ესპანეთის ქ. პამპლონაში, 18 წლის გოგონა ხუთმა კაცმა ჯგუფურად გააუპატიურა. საზოგადოების დრტვინვა გამოიწვია სასამართლოზე გაჟღერებულმა მოსაზრებამ, რომ რადგან კაცების ტელეფონებით ჩაწერილ ვიდეოში ქალი თავდასხმის დროს უმოძრაოდაა, თვალდახუჭული, ეს მისი მხრიდან თანხმობის დადასტურება იყო.
2018 წელს, სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო კაცები და თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რადგან, “მათ დაზარალებულისთვის სექსი არ დაუძალებიათ”.
მოგვიანებით, საზოგადოების უდიდესი წნეხის გამო, ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენს გადახედა, მოძალადეები დამნაშავედ ცნო გაუპატიურებაში და თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წყარო: theguardian.com