პაკისტანის სასამართლომ დაადგინა, რომ შარიათის კანონის თანახმად, კაცებს შეუძლიათ არასრულწლოვან გოგონებთან დაქორწინება უკვე მას შემდეგ, რაც მათ პირველი მენსტრუაცია დაეწყებათ.
დადგენილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს ბავშვთა ქორწინების შეზღუდვის შესახებ.
შარიათის კანონი ისლამის რელიგიური კანონია, რომელიც ყურანის სწავლებას ეფუძნება და მოქმედებს, როგორც ღვთიური კოდექსი და ცხოვრების ორიენტირი.
ეს გადაწყვეტილება სინდის პროვინციის სასამართლომ 3 თებერვალს გამოიტანა, ჰუმა იუნუსის (Huma Younus), 14 წლის კათოლიკე გოგონას საქმის მოსმენისას, რომელიც მოიტაცეს, ისლამის მიღებას აიძულებდნენ და ასევე იძულებით დააქორწინეს.
გოგონას ასაკის დასადასტურებლად და იმის დასასაბუთებლად, რომ ქორწინება უკანონო იყო, იანუსის მშობლებმა სასამართლო მოსმენაზე ბავშვის ნათლობის მოწმობა მოიტანეს სკოლიდან. ოჯახმა სინდში მოქმედი ბავშვთა ქორწინების შემზღუდველი კანონი მოიშველია, რომელიც 18 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვზე დაქორწინებას კრძალავს.
თუმცა, მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ შარიათის კანონის მიხედვით, იუნუსსა და მის მომტაცებელ აბდულ ჯაბარს შორის ქორწინება კანონიერი იყო, რადგან გოგონას უკვე ჰქონდა პირველი მენსტრუაცია.
სასამართლოს ამ დამანგრეველი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, იანუსის მშობლებმა და მათმა ადვოკატმა იუსაფმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას პაკისტანის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართლიანობის აღდგენას არ მივაღწევთ“, – განაცხადა იუსაფმა. მან ასევე აღნიშნა, რომ იუნუსი მოსმენებს არც ესწრებოდა, რადგან თითქმის ოთხი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ოჯახი ერთად აღარ ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ სინდში არსებობს ბავშვთა ქორწინების ამკრძალავი კანონი, ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ამ კანონის დასაცავად. პაკისტანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესულია კანონპროექტი ბავშვთა ქორწინების აკრძალვაზე, მაგრამ მისი მიღება ჰაერშია გამოკიდებული.