საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა. საფარის იურისტი, მარი ვარამაშვილი საქმეში ჩაერთო და ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სქესობრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პედოფილი, რომელიც ბავშვს, როგორც თანატოლი, გაეცნო, TikTok-ის პლატფორმაზე უგზავნიდა ინტიმური შინაარსის მასალას, აიძულებდა ბავშვს მისთვისაც იმავე სახის მასალის გამოგზავნას და სხვადასხვა სექსუალური ხასიათის მოქმედების განხორციელებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და დღეს, 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა.
საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს საფარის პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. საფარი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრალდებულის სხვა სავარაუდო მსხვერპლების საქმეებზეც გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ამ კონკრეტულზე დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი.