ქალზე ძალადობა

საფრანგეთის კინოაკადემიის საბჭო პოლანსკის გამო გადადგა

საფრანგეთის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის აკადემიის (Académie des Arts et Techniques du Cinéma) აღმასრულებელი საბჭო, რომელიც პრესტიჟული კინოპრემიის „სეზარის“ დამაარსებელია, სრული შემადგენლობით გადადგა. ამის მიზეზი ის საყოველთაო აღშფოთება გახდა, რომელიც ამ პრემიის ნომინაციებში რომან პოლანსკის ფილმის წარდგენას მოჰყვა.

პოლანსკის ფილმი “ოფიცერი და ჯაშუში” სეზარის – ფრანგული ოსკარის – 12 კატეგორიაშია ნომინირებული.

ფილმისა და უკვე „სეზარის“ ბოიკოტისკენ და აკადემიის რეფორმისკენ ასობით მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი მოუწოდებს.

“ოფიცერი და ჯაშუშის” (An Officer and a Spy) სეზარზე ნომინირების გადაწყვეტილება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ფემინისტურმა ორგანიზაციებმა, კინოკრიტიკოსებმა და საფრანგეთის მინისტრმა თანასწორობის საკითხებში.

საფრანგეთის კინოაკადემიამ გუშინ განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემის ნიშნად, ვინც კინოში 2019 წელს მუშაობდა, საბჭოს წევრებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს გადადგომა.

თავიანთი ეს ნაბიჯი მათ სიტუაციის დამშვიდების მიზნით ახსნეს და პირობა დადეს, გააკეთონ ყველაფერი, რათა სეზარი დარჩეს იმად, რაც უნდა იყოს – კინოს დღესასწაულად.

აკადემია ახალ აღმასრულებელ საბჭოს უკვე სეზარის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ აირჩევს, თებერვალში. გარდა ამისა, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო დანიშნავს შუამავალს, რომელიც ამ უწყებაში რეფორმას გაუწევს ზედამხედველობას.

რაც შეეხება პოლანსკისთან დაკავშირებულ სკანდალს: 1977 წელს, რეჟისორს აშშ-ში ბრალი წაუყენეს 13 წლის ფოტომოდელის სამანტა გეიმერის გაუპატიურებაში. ამერიკის კანონების მიხედვით, მას 50-წლიანი ციხე ელოდა.

1978 წელს, პოლანსკიმ მართლმსაჯულებასთან გარიგება დადო და არასრულწლოვანთან უკანონო სქესობრივი დანაშაულიც აღიარა.

ბრალის აღიარების შემდეგ, პოლანსკი ქვეყნიდან გაიქცა. მასთან დაკავშირებული საქმე დახურული არაა. მას შემდეგ, რეჟისორს სექსუალურ ძალადობაში კიდევ რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი. სულ ბოლო შემთხვევა “ოფიცერი და ჯაშუშის” გამოსვლას დაემთხვა.

საფრანგეთის ქალთა ორგანიზაციის Osez le Féminisme წარმომადგენელი სელინ პიკე აღნიშნავს, რომ სეზარის ჯილდო კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების ხმებით მიენიჭება, და კინოს 400-მა პროფესიონალმა გადაწყვიტა პოლანსკის 12 ნომინაციაზე წარდგენა, მაშინ, როდესაც 12 ქალი მას გაუპატიურებაში სდებს ბრალს.

2017 წელს, პოლანსკი იძულებული გახდა, ფემინისტების კრიტიკის გამო, სეზარისგან დისტანცია დაეჭირა და კინოპრემიის ჟიურის თავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა.

theguardian.com