ბლოგები / ლგბტქი

PRIDE

ავტორი ელენე ქაიხოსროშვილი

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

“When you’re in a battle against an enemy so much bigger, so much stronger than you, well, to find out you had a friend you never knew existed, well, that’s the best feeling in the world.”

Dai

თავიდან ვფიქრობდი, არ არსებობს ამ ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა ფილმზეა ლაპარაკი, ალბათ ჰგონიათ, რომ პორნოგრაფია უნდა გაუშვან ეკრანზე და გული გაუსკდათ-მეთქი.

შემდეგ აღვიდგინე ფილმი, გავიხსენე შინაარსი, დეტალები და მივხვდი, რომ იგი ნამდვილად ნანახი აქვთ პროტესტის ინიციატორებს და იციან, რომ ის ნებისმიერ პორნოგრაფიაზე უფრო “საშიშია”.

ფილმი ფაქტობრივად დამანგრეველია მათთვის. მასში დეტალურად არის აღწერილი, როგორ ჩნდება და საიდან მოდის ემპათია, როგორ ერთიანდება ორი დაჩაგრული ჯგუფი მჩაგვრელის წინააღმდეგ, როგორ ქრება მათ შორის მავნე სტერეოტიპების შედეგად ამოშენებული კედელი და როგორ იქცევიან ისინი ერთ, შეკრულ ჯგუფად.

ფილმში ლგბტ თემი გადაწყვეტს, დაეხმაროს მეშახტეთა ჯგუფს, რომლებიც მჩაგვრელ სისტემას დაუპირისპირდნენ და გაიფიცნენ. მეშახტეები და მათი ოჯახები ძალიან გვანან იმ საზოგადოებას, რომლებიც დღეს ფილმის ჩვენებას აპროტესტებდა. თავიდან უარს აცხადებენ ლგბტ ადამიანების მიერ მათ დასახმარებლად შეგროვებული თანხის მიღებაზე, ყველანაირად ცდილობენ, არ მიიწვიონ შეკრებაზე, რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეთ და არ ასოცირდნენ მათთან საზოგადოებაში.

ისევე, როგორც რეალური საზოგადოება, ეს საზოგადოებაც საკმაოდ ჭრელია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ მალავენ აგრესიას ლგბტ პირების მიმართ, ემუქრებიან მათ, ცდილობენ მათ შეკრებებიდან გაყრას, უარს ამბობენ მათთან ერთ მაგიდასთან ჯდომაზე, მათთან საუბარზე და ხელის ჩამორთმევაზეც კი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მათ გაშლილი ხელებით ხვდებიან და საკუთარ სახლებშის იპატიჟებენ. საზოგადოების ამ ნაწილის წევრია ჰეფინა, რომელიც, როგორც ფილმის ბოლოს აღმოჩნდება, უკვე მრავალი წელია, დაქორწინებულია კაცზე, რომელსაც მამაკაცები მოსწონს. ჰეფინამ ზუსტად იცის, რომ მისი უსაყვარლესი ქმარი არ შეესაბამება იმ კარიკატურილ სტერეოტიპებს, რაც საზოგადოებაშია გამეფებული. იცის, რომ მისი ქმარი არ არის გარყვნილი, ავადმყოფი, პედოფილი და ა.შ. სწორედ ამიტომ, იგი დიდი ხალისით ხვდება ლგბტ თემის წევრებს და ცდილობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

ფილმში ნელ-ნელა ხდება ის, რაც სრულიად გარდაუვალია ნებისმიერ საზოგადოებაში: მეშახტეები და მათი ოჯახები, სტერეოტიპებისგან აწყობილი კარიკატურების მიღმა უკვე კონკრეტულ ადამიანებს ხედავენ, რომლებიც მათგან ბევრად არ განსხვავდებიან. ისინიც იჩაგრებიან და მოკავშირეებისა და თანამებრძოლების პოვნას ცდილობენ. გარდა ამისა, მათაც ისე უყვართ გართობა, როგორც სხვა ყველა ჰეტეროსექსუალ ადამიანს და ისე იციან გვერდში დგომა, როგორც არცთუ ისე ბევრმა.

ფილმი სავსეა ჰომოფობი პერსონაჟებით. ზოგი შვილის მათგან იზოლაციას (უშედეგოდ) ცდილობს, ზოგი ცდილობს, მათდამი ზიზღით აღზრდილი შვილები მიუქსიოს მეშახტეებთან სტუმრად ჩამოსულ თემის წევრებს. თუმცა, ისინი სრულიად უძლურები არიან ემპათიის წინააღმდეგ. ეს ემპათია ჩნდება, – მიუხედავად იმისა, რამდენად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვინმე გვეზიზღებოდეს. როდესაც კარიკატურებს ვებრძვით და ხელში ადამიანი შეგვრჩება ხოლმე, თავისი ადამიანურობის ყველა ატრიბუტით, ბრძოლის გასაგრძელებლად არგუმენტი აღარ გვრჩება.

ფილმში, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მეშახტეები ომს ვერ იგებენ… ვერც ლგბტ თემის წევრები ამთავრებენ ჰომოფობიას ერთხელ და სამუდამოდ… თუმცა, ფილმი ამ ორი ჯგუფის დიდი გამარჯვებით მთავრდება – გაერთიანებით.

ჩაგრულ ჯგუფებს ბევრი პრობლემა აქვთ. ერთ-ერთი ის არის, რომ ხშირად თვითონ არიან სხვა ჩაგრული ჯგუფის მჩაგვრელები. ხშირად სტერეოტიპების გამო ხდება, ხშირად კი იმიტომ, რომ სხვა დისკრედიტირებული ჯგუფების მიმართ სოლიდარობის გამოხატვით მათი ასოცირება მოხდება ამ ჯგუფთან, რაც მათ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზაციას გამოიწვევს.

არ ვიცი, რას ფიქრობენ, ან საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ ფილმის ჩვენების გამო ქუჩაში გამოსული ადამიანები, მაგრამ მე რომ დომინანტი, მჩაგვრელი უმრავლესობა ვიყო, რომელსაც პრივილეგიების დაკარგვის ძალიან ეშინია, ძალიან შევწუხდებოდი ამ ფილმით. ალბათ, იმდენი საზრიანობა მეყოფოდა, რომ უფრო მეტი ადამიანის ყურადღება არ მიმეპყრო მისკენ.

P.S. ვისაც სოლიდარობის დემონსტრირებაზე ჩემსავით ცრემლები გადგებათ, კარგად მოემზადეთ – წინ დიდი სიამოვნება გელით.