"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / სოციალური დახმარება / ჩვენი შედეგები

გაიცანით ჩვენი შემომწირველები, რომლებმაც მარნეულელ ქალებს კარანტინი შეუმსუბუქეს

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საფარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც, მარნეულში კარანტინის შემოღების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მარტოხელა პენსიონერ ქალებს, მატოხელა დედებს, ხელმოკლე მრავალშვილიან ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ.

პირველ ჯერზე, შემოსული 2070 ლარით 30 ოჯახს დავეხმარეთ.

დღეს, დამატებით 2330 ლარი დაიხარჯა და კიდევ 30 ოჯახს დავეხმარებით.

როგორც დაგპირდით, საფარი იზრუნებს იმაზე, რომ შემოწირულობის თითოეული თეთრი გამჭვირვალედ დაიხარჯოს.

დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში პროდუქტების მომარაგება-დარიგებაზე მოხალისეობრივად ზრუნავს საფარის აქტივისტი შალალა ამირჯანოვა.

საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს, ურთიერთდახმარება მეტად აუცილებელია.

ლელი ბლაგონრავოვა, ფოტოგრაფი:როგორც კი გამოჩნდა ინფორმაცია მარნეულში, ქალების დახმარებაზე, არც დავფიქრებულვარ, რისი საშუალებაც მქონდა, გადავრიცხე. დღეს ყველას გვიჭირს, მხარდაჭერა თუ ერთმანეთისთვის ხელის გაწოდება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.

გვანცა ჯობავა, გამომცემელი: “მივესალმები „საფარის“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციას და მოვუწოდებ ყველას, რომ თავიანთი მცირედი წვლილი შეიტანონ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მიმაჩნია, რომ მარნეულელი ქალების დასახმარებელი აქცია ნამდვილად არ არის რიგითი კამპანია, რომელსაც შეგვიძლია მშვიდად ავუაროთ გვერდი. რადგან, ერთის მხრივ, ამ უმძიმეს დღეებში, თითოეულმა ჩვენგანმა ალბათ უნდა გავითავისოთ ჩვენი უმთავრესი მისია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სხვა ადამიანებზე ზრუნვაში უნდა გამოიხატებოდეს, გავითავისოთ ისიც, რომ დღეს ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულად კიდევ არაერთი ადამიანისა და შესაძლოა მთელი სამყაროს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასაც ნიშნავდეს – სწორედ ასეთია წესები, რომელსაც სამყარო დღეს გვთავაზობს; მეორეს მხრივ კი, ჩვენთვის აღნიშნული კამპანია არის უნიკალური შესაძლებლობა, ერთხელ მაინც გამოვხატოთ განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა, დიდწილად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქართული რეგიონის მიმართ და ერთსულოვანი თანადგომით იქ მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ვაგრძნობინოთ, რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ და რომ მათი კეთილდღეობა ჩვენთვის, საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის, სულ ერთი არ არის. ვფიქრობ, რომ დახმარებასთან ერთად, ეს მათთან დამეგობრებისა და დაახლოების უნიკალურ საშუალებასაც გვაძლევს”.

სალომე ყანჩაველი, პაკეტური კომუტაციის ინჟინერი: “მხარდაჭერა მარნეულელ ქალებს, რომლებსაც დღეს უწევთ ეთნიკური ნიშნით საჯარო ლანძღვასთან, კორონავირუსთან, ჩაკეტილ რეგიონთან, შეზღუდულ უფლებებთან, ბევრ აკრძალვასთან, ენის ბარიერთან, ეკონომიკურ პრობლემებთან და უამრავ რესურსზე წვდომასთან გამკლავება, რომ არაფერი ვთქვათ იმ პრობლემებზე, რასაც ქალები მთელ საქართველოში და, კონკრეტულად, ამ რეგიონში, ყოველდღიურად ადრეც ვაწყდებოდით! მიყვართ, მახსოვხართ, გული შემტკივა თქვენზე! Səni sevirəm! Mən səni düşünürəm! Sənin üçün kök salıram!”.

ანა თავხელიძე, იურისტი: ვფიქრობ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით ქალების, რომლებიც ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშე არიან. ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ შეძლებისდაგვარად სხვების დახმარებაც არის”.

თამარ ნეფარიძე, თარჯიმანი: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი ინფორმაცია მაქვს ქალების უფლებრივი და სხვა მდგომარეობის შესახებ საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები და, კიდევ უფრო განსაკუთრებით – ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების და გოგონების შესხებ. ხშირად, მათ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, რაც პანდემიის დროს უფრო მწვავდება. ვფიქრობ, რომ თუ შეგვიძლია, დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათზე ვზრუნავთ და ჩვენთვის მათი კეთილდღეობა მნიშვნელოვანია”.

იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში უამრავი ადამიანი დარჩა უშემოსავლოდ, ან მნიშვნელოვნად შეკვეცილი შემოსავლით, თითოეული შემომწირველის ქველმოქმედება განსაკუთრებულად დასაფასებელია. ეს ერთგვარი სოლიდარობის ჟესტია აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეების მიმართ, ვის წინაარმდეგაც სიძულვილის ენა მასიურად გამოიყენეს წინა კვირას. როგორც საფარი, ასევე დახმარების ადრესატები, განსაკუთრებულ მადლობას უხდიან თითოეულ მათგანს.

შეგახსენებთ, საქველმოქმედო აქცია კვლავ მიმდინარეობს. შემდეგ ჯერზე, ვაპირებთ, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მცხოვრებ ქალებს დავეხმაროთ.

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ანგარიშის ნომერია: GE16TB7800636020100002
მიმღები: აიპ საფარი.
დანიშნულება: “მცირეშემოსავლიანი ქალებისთვის”