სექსუალური ძალადობა

“გაუპატიურებაზე ხმამაღლა საუბარი ჩემს ძალებს აღემატებოდა”

სკოლის მოსწავლეები ერთ-ერთ თანაკლასელთან იკრიბებიან. ყველანი გოგონები არიან, წიგნებით და ტკბილეულით ხელში. სახლის პატრონი მათ ჩვეულებრივ უღებს კარს და შინ იპატიჟებს. მას ნამდვილად ვერ წარმოუდგენია, რომ უახლოეს წუთებში მის სახლში ნამდვილი კოშმარი დატრიალდება.

მაია ახლა 22 წლისაა, მაგრამ 6 წლის წინ მის ცხოვრებაში მომხდარი კატასტროფა მის ყოველდღიურობაზე დღემდე მოქმედებს. ფსიქოლოგებთანაც იარა, ძვირადღირებული თერაპიაც ჩაიტარა, რამდენიმე წელი უცხოეთში იცხოვრა, მაგრამ ამაოდ – ტრავმა, რომელიც თინეიჯერობის ასაკში მიიღო, დღემდე თავს ახსენებს.

მაია: „სკოლაში აჯაჯულ-დაჯაჯული დავდიოდი, არც ვიპრანჭებოდი და არც ბიჭების ყურადღების მიქცევას ვცდილობდი. ჩემთვის ვიყავი, კლასელ გოგონებთანაც დიდად ვერ ვპოულობდი საერთო ენას, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. კლასელი ბიჭები მაინც ძალიან მაწუხებდნენ, მილა იოვოვიჩს გავხარო. იმდენად მომაბეზრეს თავი, რომ სხვა სკოლაში გადასვლა გადავწყვიტე.

ახალ სკოლაში, გაცილებით აგრესიული ბიჭები დამხვდნენ, ვიდრე ძველში იყვნენ. თუ წინა კლასელებს რაღაცნაირად ვიგერიებდი, ამათთან მსგავსმა ტაქტიკამ არ გაჭრა. ამიტომ, ამ სკოლიდანაც გადასვლა გადავწყვიტე.

უკვე მესამე სკოლაში გადასვლა ვეღარ მოვასწარი, რომ ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა.

ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი, კლასელი გოგონები გადამეკიდნენ, შენთან წამოვალთ, ვიმეცადინოთ და შემდეგ ცოტა გავერთოთო. შენნაირი ვრცელი და მოსახერხებელი ბინა მართლაც არავის გვაქვს, თან მშობლები და აბეზარი ნათესავები არ შეგვაწუხებენო (დედაჩემი საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ, მამა არ მყავს). განსაკუთრებით არც ერთთან არ ვმეგობრობდი, მაგრამ თხოვნაზე უარი ვეღარ ვუთხარი. თურმე, კლასელი გოგონები მოძალადე ბიჭებთან იყვნენ შეკრულები. ჩემთან ამოსულებმა, რაღაც სასმელი დამალევინეს, რომელმაც სრულიად გამაბრუა. შემდეგ, გოგონებმა ჩემი სახლი დატოვეს და კლასში ჩემ მიმართ ყველაზე აგრესიული ბიჭები ამოვიდნენ. სამნი იყვნენ. გამაუპატიურეს. ეს კოშმარი არასოდეს დამავიწყდება. ბურანში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, მაგრამ შეწინააღმდეგება არ შემეძლო.

ზუსტად ორი თვე, ლოგინად ჩავვარდი. არავის დანახვა აღარ მინდოდა. მოძალადეებს, როგორც ჩანს, შეეშინდათ და აღარ შევუწუხებივარ.

ახლა რომ ამ შემთხვევას ვიხსენებ, ძალიან მწყდება გული, რომ თავის დროზე არავის პასუხი არ ვაგებინე. გაუპატიურებისგან მოყენებული იარა ისევ ისე მტკივა, როგორც მაშინ, როდესაც ეს საშინელება მოხდა. ახლაც, ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. მით უფრო მაშინ, მომხდარზე ხმამაღლა საუბარი ჩემს ძალებს აღემატებოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ მაია ახლა ძალიან ნანობს პოლიციაში გამოუცხადებლობას, სევდიანად დასძენს, რომ ეს ამბავი თავს კიდევ რომ გადახდეს, არც იმაშია დარწმუნებული, რომ კვლავ სიჩუმეს არ ამჯობინებს.

„როგორც ვიცი, ამ ტრავმას ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალებიც რთულად უმკლავდებიან, და ისიც საკითხავია, უმკლავდებიან თუ არა… გარდა იმისა, რომ მაშინ გამოუცდელი და სუსტი გოგონა ვიყავი, არსებობს ჩემი დუმილის ობიექტური მიზეზებიც: ჩემზე მოძალადეები ცნობილი და მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ, და ეჭვი მაქვს, რომ მე, ერთი უპატრონო გოგო, მათ სამართლებრივადაც ვერ მოვერეოდი… თუმცა არ ვიცი, ალბათ მაინც უნდა განმეცხადებინა… ახლა თინეიჯერი გოგონები ძალიან თავდაჯერებულები არიან, ზედმეტს არავის გააბედინებენ, მე კი ასეთი მამაცი არასოდეს ვყოფილვარ, მით უფრო მაშინ…“.